"არანაკლებ მძიმე მდგომარეობაა აფთიაქებში წარმოდგენილი ჰიგიენური საშუალებების ფასების მხრივ"
მარი ჩიტაია
20.09.2018

 ლარის კურსის გაუფასურებამ მედიკამენტები ისევ გააძვირა. მართალია, რამდენიმე ჯგუფის წამლებზე შეღავათი დაწესდა, მაგრამ მისგან მიღებულ სიკეთეს ფარავს სხვა სამედიცინო საშუალებებზე გაზრდილი ფასი. გამოდის, რომ, ერთი მხრივ, მთავრობა მოსახლეობას ეხმარება, მეორე მხრივ კი უმძიმეს პირობებში აგდებს.

ვისაც მედიკამენტების ყიდვა ხშირად უწევს, შეატყობს, რომ სააფთიაქო ქსელებში წამლის ფასმა მოიმატა. ეს მიმდინარე სავალუტო ცვლილებებთან პირდაპირ კავშირშია - რამდენადაც მედიკამენტების საცალო ფასი დოლარში დგინდება, კურსის ცვალებადობამ მთავარი დარტყმა სწორედ მომსახურების ამ სეგმენტს მიაყენა.

ეს მოსალოდნელი იყო კიდეც, რადგან ბოლო 1 თვეში ლარი დოლართან მიმართებით 6-7%-ის ფარგლებში გაუფასურდა. თუ ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში კურსი 2,45 იყო, ამ ეტაპზე ეს მაჩვენებელი 2,61-ია. ამან სააფთიაქო ქსელების პროდუქტები საგრძნობლად გააძვირა.

წამლების გაძვირებას "რეზონანსს" უდასტურებს არასამთავრობო ორგანიზაციის "გახსოვდეს ჰიპოკრატე" ხელმძღვანელი მარინა ბერაძე. ის ფარმაცევტული ბაზრის საფასო პოლიტიკას აქტიურად ადევნებს თვალყურს.

"ჩვენი ჯანდაცვის სისტემა მოწყობილია ისე, რომ დიდი რაოდენობით ხდება წამლების გამოწერა. ყველა მომხმარებელი ჩივის, რომ წამლები გაძვირდა. თუ ერთი დასახელების წამლის ფასი შემცირდა, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა მედიკამენტი ორჯერ და მეტჯერ არ გაძვირდა. არამიზნობრივად გამოწერილი წამლები ხომ მოსახლეობის გადაუჭრელი პრობლემაა.

გაოცებული ვარ, წამლის ფასი რატომღაც აღარ არის აქტუალური თემა. ადრე სხვადასხვა კვლევა ტარდებოდა და ახლა თითქმის არაფერი ხდება. ეს იმიტომ, რომ მხოლოდ წინა ხელისუფლების წევრები დარჩნენ ოპონენტის როლში. არადა, მედიკამენტები პირველადი მოთხოვნილების პროდუქტია.

წამლების რეკლამირება კიდევ ცალკე თემაა, რომელსაც აუცილებლად უნდა მიხედონ. ფსიქოლოგიურ დონეზე ხდება ადამიანებზე ზემოქმედება და ეს უნდა გამოსწორდეს", - ამბობს "რეზონანსთან" ბერაძე და დასძენს, რომ კიდევ უფრო გაზრდილია ჰიგიენური საშუალებების ფასი, რაც ქართულ სინამდვილეში არანორმალური მოვლენაა.

"ის, რომ წამალი ძვირია, არ გვიკვირს, ამ აზრს ყველა შეეჩვია. არანაკლებ მძიმე მდგომარეობაა აფთიაქებში წარმოდგენილი ჰიგიენური საშუალებების ფასების მხრივ. იქ საერთოდ არანორმალური სიტუაციაა. როგორ შეიძლება, 18 ლარი ღირდეს კბილის ჯაგრისი ან რა ფული უნდა ეყოს ადამიანისათვის აუცილებელ სხვა ნივთებს, რომლებიც ძალიან გაძვირებულია?! უცხოეთში ჰიგიენური საშუალებები მინიმალურ ფასად იყიდება და ყველა ადამინისათვის ხელმისაწვდომია, აქ კი აქსესუარების რანგში აჰყავთ. ეს არის არანორმალური მოვლენა", - დასძენს მარინა ბერაძე.

ფასების ზრდაზე საუბრობენ მომხმარებლებიც. მათი თქმით, წამალი, ფასდაკლების აქციის პერიოდში შეძენილიც კი, იმაზე ძვირი ღირს, ვიდრე ადრე ღირდა.

"შეიძლება, სხვაობა ვერ შეამჩნიოს იმ ადამიანმა, ვინც წამალს წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ყიდულობს, მე კი სისტემატურად დავდივარ აფთიაქებში და მცირედი ცვლილებაც არ მრჩება შეუმჩნეველი. ფსიქოტროპული წამლების ყიდვა მიწევს და გაცილებით ძვირია, ვიდრე წინა თვეში ღირდა. სხვაობა ფასდაკლების პერიოდშიც შესამჩნევია, სხვა დღეებზე რომ არაფერი ვთქვა. ასე თუ გაგრძელდა და არ მოხდა მედიკამენტის ფასის დარეგულირება, ძალიან გამიჭირდება. ვფიქრობ, ეს საკითხი მთავრობის განსაკუთრებული ძალისხმევის საგნად უნდა იქცეს", - ამბობს მარინა კოშია, მომხმარებელი.

თბილისელი მაია აბესაძე ამბობს, რომ აფთიაქებში, იმპორტირებულთან ერთად, ადგილობრივი წარმოების მედიკამენტის ფასებიც მომატებულია.

"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მედიკამენტები ხელის ერთი მოსმით გააძვირეს. კვირაში ორჯერ მაინც მიწევს წამლის შეძენა და 1 თეთრის ცვლილება არ გამომეპარება. ცხადია, რომ შეღავათიც ყველაზე არ მოქმედებს. იმ წამლებში, რაშიც ადრე 5-6 ლარს ვიხდიდი, ერთ-ერთ აფთიაქში 50 თეთრით მეტად მომიწია შეძენა. შეიძლება, ეს ბევრისათვის უმნიშვნელოა, მაგრამ მედიკამენტების ყოველდღიურ მომხმარებლებზე ცუდად მოქმედებს. ამიტომ განვიცდი მას მტკივნეულად. ტენდენცია თუ გაგრძელდება, ჩემი ოჯახის ფინანსურ მდგომარეობაზე მძიმედ იმოქმედებს", - განუცხადა "რეზონანსს" მაია აბესაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×