ხორბლის სატვირთო ავტომობილებით შემოტანის აკრძალვა დროებით მოიხსნა
მარი ჩიტაია
20.09.2018

 პურის გაძვირება გადაიდო. ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის ხორბლის გადაზიდვის შეზღუდვის წლის ბოლომდე გადაწევა ფასზე ადეკვატურად აისახება. მწარმოებლები ამბობენ, რომ მომდევნო 3 თვის განმავლობაში პროდუქტის ღირებულება უცვლელი დარჩება, თუმცა უკვე გაძვირებულ პურს ვერავინ გააიაფებს.

რაც შეეხება ხორბალს, რომლის ფასმაც ბოლო 2 თვის განმავლობაში თითქმის 10 ლარით მოიმატა, ჯერჯერობით ცვლილება მოსალოდნელი არ არის. იმპორტიორების ინფორმაციით, სანამ საერთაშორისო ბაზარზე არსებული ვითარება არ შეიცვლება, ხორბლის ფასის დაწევა რეალურად შეუძლებელია. მასზე უარყოფითად მოქმედებს ლარის კურსიც, რაც ამ პროდუქტის გაძვირებისათვის დამატებითი ფაქტორია.

ამდენად, ხორბლის ავტოსატრანსპორტო გადაზიდვებთან დაკავშირებით შეზღუდვის წლის ბოლომდე მოხსნა ჯერჯერობით მხოლოდ პურის ფასზე აისახება. შეიძლება ითქვას, რომ გადამზიდავების მხრიდან რეგულაციებთან დაკავშირებით უკმაყოფილება იმდენად დიდი იყო, რომ ფინანსთა მინისტრმა უკან დაიხია. ივანე მაჭავარიანის გადაწყვეტილება ხორბლის გადამზიდავებთან შეხვედრისას გახდა ცნობილი.

"წლის ბოლომდე შეზღუდვა გადავადდება, მუშაობა გაგრძელდება და შევიმუშავებთ ნაკლებად მტკივნეულ ვარიანტს. ამაზე მეტს ამ ეტაპზე ვერაფერს შემოგთავაზებთ", - აღნიშნა მინისტრმა.

ავტოსატრანსპორტო საშუალებით ხორბლის ან ჭვავის ფქვილის შემოტანა-გატანის აკრძალვა 15 სექტემბრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა მალევე პირველ ოქტომბრამდე გადავადდა. ამის შემდეგ გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენლებმა და მძღოლებმა საპროტესტო აქციები დაიწყეს. სამი დღის განმავლობაში მათ ლილოში, გაფორმების ეკონომიკური ზონის შესასვლელი ბლოკირებული ჰქონდათ.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ფქვილსა და ხორბალზე ფასი მკვეთრად გაიზარდა, 1 ტომრის ღირებულება 36 ლარიდან 46 ლარამდე ავიდა.

მწარმოებლების ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილების შედეგს ბაზარი მყისიერად იგრძნობს. როგორც პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ "რეზონანსს" განუცხადა, გაძვირების საკითხი დღის წესრიგიდან ნამდვილად მოიხსნება.

"გადამზიდავების პროტესტმა შედეგი ნამდვილად გამოიღო. ვთვლი, რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რაც, პირველ რიგში, მომხმარებლებზე აისახება. ეს ნიშნავს, რომ ამ ეტაპზე პური არ გაძვირდება, ხოლო ხორბალზე ფასი დაიწევს, როგორც კი საერთაშორისო ფაქტორი შესუსტდება და იმპორტიორები პროდუქტის შემოტანას ყოველგვარი ბარიერის გარეშე გააგრძელებენ", - აცხადებს დოლიძე.

აღსანიშნავია, რომ პრობლემა ხორბლის ექსპორტიორ ქვეყნებში მარაგის შემცირებას უკავშირდება. ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა ამბობს, რომ, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ხორბლის მოსავალი წელს მასურადაა შემცირებული. ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რაც ფასზე გავლენას ახდენს. ლარის კურსის გამო იმპორტიორებს თვითღირებულება გაეზარდათ და ერთ-ერთ სერიოზული პრობლემა ამ ბიზნესში დიდწილად სავალუტო რყევებსაც უკავშირდება.

"ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით რეგულაციის მოხსნა კარგია, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ხორბლის გაძვირება ამ ფაქტორს არ უკავშირდება. მსოფლიოში ექსპორტიორ ქვეყნებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ.

კანადაში მოსავალი 3 წლის მინიმუმზეა; ავსტრალიაში 30%-იანი კლებაა; არგენტინამ საერთოდ რეგულაცია დააწესა, რომ საექსპორტო ბაზრებზე მინიმალურად გაიტანს ხორბალს; გერმანიამ 640 მლნ ევრო გამოუყო ფერმერებს ზარალის ანაზღაურების მიზნით, იმდენად ცუდი მოსავალი იყო; უკრაინაში სახელმწიფომ ექსპორტიორებთან მემორანდუმი გააფორმა, რომ ფიქსირებულ რაოდენობაზე მეტი არ გაეტანათ; ყაზახეთში ახლა იწყება მოსავლის აღება, მაგრამ იქაც პრობლემაა; რუსეთში ელოდებიან კიდეც, რომ ურალსა და ციმბირში ამინდის გამო შეიძლება, ხორბლის გარკვეული ნაწილის აღება ვერც მოხერხდეს; ერთადერთი ამერიკაა, რომელსაც კარგი მოსავალი აქვს", - აღნიშნა "რეზონანსთან" სილაგავამ.

რაც შეეხება ქართულ ბაზარს, მისი თქმით, ფასზე გავლენას ლარის კურსიც ახდენს, რის გამოც ხორბლის გაიაფება რეალურად შეუძლებელია.

"საკვებად ვარგისი ადგილობრივი ხორბალი 10%-ზე მეტი არ გვაქვს, ამიტომ იმპორტზე ვართ მიბმული, ხოლო ლარი დოლართან მიმართებით ბოლო პერიოდის განმავლობაში მთელი 18 პუნქტითაა გაუფასურებული, რაც ფასზეც ადეკვატურად აისახება. ეს არის მთავარი ფაქტორი, რაც რეგულაციებზე ძლიერი აღმოჩნდა. მართალია, რუსეთიდან ამ ეტაპზეც მოდის ხორბალი, მაგრამ - გაზრდილ ფასად, რის გამოც აქ გაიაფება შეუძლებელია.

რუსეთმა გამოაცხადა, რომ ხორბლის ხარისხობრივ მაჩვენებლებთან დაკავშირებით ქვეყნის საზღვრებს გარეთ მოთხოვნა გაამკაცროს. რაც შეეხება პურს, ცხადია, რომ უახლოეს თვეებში არ გაიაფდება. წისქვილკომბინატებმა და მეპურეებმა მაქსიმალური გააკეთეს, რომ ფასი ამ ეტაპზეც შეენარჩუნებინათ.

მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული, რომ პური სოციალური პროექტია და შიდა რეზერვების ხარჯზე ფასის შენარჩუნებას ჯერ კიდევ ახერხებენ. მიუხედავად ამისა, ზოგ რაიონში პური გააძვირეს. ეს პროცესი შეჩერდება, მაგრამ რეგულაციის გადავადების გამო არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ხორბალი გაიაფდება, სანამ საერთაშორისო ტენდენცია არ შეიცვლება", - დასძინა სილაგავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×