ხადის ხეობაში სმიტების ოჯახის სასტიკად დახოცვაში ბრალდებული 19 წლის მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატები აცხადებენ, რომ გამოძიების ვერსიას მკვლელობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნები აქარწყლებს.
მათი აზრით, გამოძიების ვერსია, რომ მწყემსმა ჯერ კაცი მოკლა, შემდეგ მცირეწლოვან ბავშვს ერთი ტყვია ესროლა და ქალი გააუპატიურა, სამედიცინო დასკვნებით ბათილდება.
თუმცა მათ მოსაზრებებს დამოუკიდებელი ექსპერტები არ იზიარებენ და ამბობენ, რომ დაცვის მხარე იმას აწვდის საზოგადოებას, რაც მას სურს და რაც მწყემსის უდანაშაულობას ამტკიცებს.
მწყემსის ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ლორა სმიტს უკანა ტანის არეში არ აღენიშნება არანაირი ძალადობის კვალი. ამასთან, ადვოკატების თქმით, ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ბავშვის მიმართ ჩადენილია 3-4 გასროლა, რომლებიც სხვადასხვა ტრაექტორიით არის განხორციელებული.
შესაბამისად, ადვოკატები აღნიშნავენ, რომ ექსპერტიზის აღნიშნული პასუხები წინააღმდეგობაშია გამოძიების ვერსიასთან.
"ბრალდების მიხედვით, თითქოს მოხდა ლორა სმიტის გაუპატიურება. ექსპერტიზის მიმართ იყო კითხვები აღნიშნულ საკითხზე, თუმცა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ლორა სმიტს არ აღენიშნება უკანა ტანის არეში არანაირი ძალადობა.
"ასევე, ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ბავშვის მიმართ დაახლოებით 3-4 გასროლაა განხორციელებული, მათ შორის, ერთი - მიბჯენით. ეს დაზიანებები სხვადასხვა ტრაექტორიიდან არის მიყენებული", - განაცხადა მალხაზ კობაურის ერთ-ერთმა ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა.
მწყემსის მეორე ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ მას კითხვები აქვს საგამოძიებო უწყებასთან და გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიც არის, თუ როგორ მოხვდა შემთხვევის ადგილზე სიგარეტის ნამწვი მაშინ, როდესაც თამბაქოს არ მოიხმარდნენ არც გარდაცვლილი და არც ბრალდებული პირი.
ადვოკატი მოითხოვს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მცხეთის რაიონული პროკურატურა ვერ ართმევს თავს მიმდინარე საქმის გამოძიებას, საქმე გადაეცეს მთავარ პროკურატურას.
ადვოკატების განცხადებით, ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ ერთი, კომპლექსური ექსპერტიზა, რის შემდეგაც საქმე განსახილველად სასამართლოში წავა.
წინა სასამართლო სხდომა 26 ოქტომბერს არის ჩანიშნული. ადვოკატების ინფორმაციას "რეზონანსთან" დამოუკიდებელი ექსპერტები არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ საკმაოდ არაკომპეტენტური განცხადებებია.
დამოუკიდებელი ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ადვოკატები ექსპერტიზის დასკვნას სათავისოდ ისე თარგმნიან, როგორც სურთ.
მისი თქმით, ყველა ექსპერტი თავის დასკვნაზე პასუხს აგებს და ის სასამართლოზე დაწვრილებით ახსნის ადვოკატების მიერ ნახსენებ ყველა დეტალს.
ექსპერტი განმარტავს, რომ შესაძლოა, დაზიანებები ცეცხლსასროლი იარაღით სხვადასხვა ტრაექტორიიდან ერთმა ადამიანმა მიაყენოს, თუმცა ეს დამოკიდებულია იმაზე, გარდაცვლილს აყენებს თუ ცოცხალს.
ალთუნაშვილი ამბობს, რომ სმიტების დახოცვის ამ ექსპერტიზის დასკვნაში კონკრეტულად იქნებოდა ახსნილი, რატომ იყო სხვადასხვა ტრაექტორიიდან ნასროლი, რასაც ადვოკატები არ ამბობენ იმიტომ, რომ ისე წარმოაჩენენ მას, როგორც თავად სურთ.
ექსპერტი აცხადებს, რომ ასევე არ არის ადვოკატების მიერ ნათქვამი, ეს არის გამჭოლი თუ გაუმჭოლი ნატყვიარები. უცნობია, ისინი რატომ და როგორ ითვლიან ასე ან, სინამდვილეში, ექსპერტს როგორ აქვს წარმოდგენილი.
"როდესაც ამ ადვოკატებს ვუსმენ, საკმაოდ არაკოპენტენტურები არიან. საინტერესოა, ჯერ იქ რას კითხულობენ და მერე იმას როგორ გადმოსცემენ. თავიანთ ინტერპრეტაციას აკეთებენ, დასკვნას სულ სხვანაირად თარგმნიან.
"შესაძლოა, ბავშვს აქვს ოთხი დაზიანება, მაგრამ აქედან ორი შემავალია, ორი - გამავალი. ოთხად კი ითვლიან დაზიანებას, მაგრამ ნასროლი რამდენია, იმას არ ამბობენ.
"მათ როგორ წაიკითხეს, ეგ არ ვიცი. მაშინ უნდა დააკონკრეტონ, რომ არის 4 ღრმა ჭრილობა და არ არის გამჭოლი, ანუ ოთხჯერ აქვს ნასროლი. ესენი რას როგორ ითვლიან, კაცმა არ იცის. ასევე შესაძლოა, ეს იყოს ბრმად გასროლილი ტყვიები, ანუ სხვისთვის ნასროლი ბავშვს მოხვდა.
"მით უმეტეს ცნობილია, რომ მანამდე მამას ესროლა, ანუ არ არის გამორიცხული, რომ მამის ნასროლი ტყვიები სხვადასხვა ტრაექტორიით ბავშვსაც მოხვდა. ესენი ახსნილი ექნება ექსპერტს.
"ასევე, როგორც პროკუტარურა აცხადებს, ეს მკვლელობები არის სანადირო თოფით მომხდარი. აი, აქ უშვებენ ადვოკატები დიდ არაპროფესიულ შეცდომას, რადგანაც გლუვლულიანი სანადირო თოფიდან გასროლილს გააჩნია ვაზნა და ჭურვში შესაძლოა, 4 ცალი დიდი საფანტი იდოს.
"იმ ერთი გასროლით, სხვადასხვა ტრაექტორიით საფანტის გაშლის შემდეგ, ადამიანს ოთხი სხვადასხვა დაზიანება მიაყენოს. ავტომატიდან ან პისტოლეტიდან რომ ვისროლოთ, იქ ჭურვი ერთია. ახლა უყურეთ, ექსპერტი იქ ხომ წერს, რა იარაღიდან არის ნასროლი და რატომ არის ოთხი ტრაექტორია? ესენი არ ამბობენ.
"ვერ გაიგებ, ამიტომ ეს კომპლექსურად უნდა იქნას განხილული და ადვოკტების ეს განცხადებები არაკომპეტენტურია", - აცხადებს ექსპერტი "რეზონანსთან". მისივე თქმით, მიბჯენით ნასროლის შემთხვევაში, მხოლოდ ერთი დაზიანება ექნებოდა.
ამიტომ, ექსპერტის განცხადებით, დასკვნაში ახსნილი იქნება, ბავშვმა ეს დაზიანებები გარდაცვალების შემდეგ მიიღო თუ - სიცოცხლეში.
ალთუნაშვილი ამბობს, რომ როცა იარაღი უჭირავს ადამიანს და მით უმეტეს მსხვერპლის ცოლ-შვილს საფრთხე ემუქრება, დამნაშავე რაინ სმიტს ახოხიალებდა კიდევაც და რასაც უნდა, იმას აქნევინებდა. ამიტომ ექსპერტისთვის გაუგებარია, რატომ უკვირთ რაიან სმიტის ფეხებზე მიღებული ჭრილობები და დაზიანებები ადვოკატებს.