ეკატერინე ბასილაია
20.09.2018

 პარლამენტში უკვე ორი ახალი დამოუკიდებელი დეპუტატია. "ოცნებიდან" წამოსულ დავით ჭიჭინაძეს გუშინ "პატრიოტთა ალიანსიდან" წამოსული ნატო ჩხეიძეც შეუერთდა. მან პარტიის დატოვების მიზეზად დაასახელა ის, რომ, სამწუხაროდ, თავისმა პარტიამ არ დააფიქსირა მხარდაჭერა "ომეგა ჯგუფისა" და ტელეკომპანია "იბერიის" საქმეებზე.

განცხადებები ორივე დეპუტატმა გუშინ პლენარულ სხდომაზე გააკეთა. ნატო ჩხეიძის გადაწყვეტილების შემდეგ "პატრიოტთა ალიანსის" ფრაქციაში მხოლოდ 5 დეპუტატი რჩება და რადგანაც ფრაქციის შესაქმნელად მინიმუმ 6 დეპუტატია საჭირო, პარტიის წევრებისათვის ახლა უმნიშვნელოვანესი ამოცანა გახდა, ერთი დეპუტატის პოვნა, რომ ფრაქცია არ დაეშალოთ.

"პატრიოტთა ალიანსმა" მომავალი თანაგუნდელის ძებნა "ქართულ ოცნებაში" დაიწყო, თუმცა - ჯერ უშედეგოდ. უფრო მეტიც, "ოცნებიდან" პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ მმართველი პარტია არ აპირებს, "პატრიოტთა ალიანსს" ათხოვოს დეპუტატი.

"მოვისმინე მე, რომ ჩვენგან ვიღაც გადავა და დასდევენ ცალკეულ დეპუტატებს და ეკითხებიან, ხომ არ აპირებთ გადასვლასო, რასაც საფუძველი ნამდვილად არ აქვს", - ამბობს ვოლსკი.

ირმა ინაშვილის ფრაქციისათვის ერთადერთი მაშველი რგოლი კი უპარტიოდ დარჩენილი დავით ჭიჭინაძეა, თუმცა ჭიჭინაძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რომ მას არც შეთავაზება მიუღია და რომც მიეღო, ის არ აპირებს, ინაშვილის გუნდს შეუერთდეს."მე არც შემოთავაზება მქონია, არც ვფიქრობ და ეს საკითხი არ განიხილება. ფრაქციაში რატომ უნდა გადავიდე, მაშინ, თავის დროზე, არჩევნების დროს პარტიაში შევიდოდი?! "არის რაღაც გარკვეული საკითხები, რომლებშიც ვეთანხმები და ვთანამშრომლობდი, თუნდაც იმავე სააკაშვილი-ბოკერიას რეჟიმთან მიმართებაში ინიციატივებისას, მაგრამ დანარჩენი, ჩვენ ყველას საკუთარი პოლიტიკური შეხედულებები და პოლიტიკური წარსული გაგვაჩნია.

"ამ ადამიანების დიდ პატივისცემას ვადასტურებ, მაგრამ მე დღეს არ ვარ მზად მათთან ფრაქციაში გაწევრიანებისა და თანამშრომლობისათვის. სადღაც ემთხვევა ჩვენი შეხედულებები, სადღაც განსხვავებული აზრი გვაქვს", - ამბობს ჭიჭინაძე.

ნატო ჩხეიძემ ფრაქციიდან წასვლის შესახებ განცხადება რამდენიმე დღის წინ გააკეთა და მისი ეს გადაწყვეტილება "პატრიოტთა ალიანსისათვის" მოულოდნელი აღმოჩნდა.

"ახლა კონკრეტულად არაფრის თქმა არ შემიძლია იმიტომ, რომ როცა ხდება მოულოდნელი გადაწყვეტილების მიღება, შესაბამისად, შენც არ ხარ მზად, რამე კონკრეტული თქვა.

"როდესაც შენი თანაგუნდელი განაცხადებს, რომ ცვლის გადაწყვეტილებას და ტოვებს პარტიას, შენ იმწუთას ხომ არ გყავს სათადარიგო კანდიდატები?" - ამბობს პარტიის ლიდერი ირმა ინაშვილი.

ადა მარშანიამ კი მომავალი თანამებრძოლის ძებნა უკვე დაიწყო. მისი თქმით, ამ დღეებში გაირკვევა, ვინ არის ის "ბედნიერი დეპუტატი", ვინც მათ შეუერთდება და არ გამორიცხავს, რომ ვაკანტური ადგილი გედევან ფოფხაძეს შესთავაზონ. მას მისი პარტიისაგან ასეთი შეთავაზება წარსულში უკვე ჰქონდა, როდესაც ფოფხაძე "ოცნების" ლიდერებს ნინია კაკაბაძის გამო გაუბრაზდა და პარტიის დატოვებაზე დაიწყო საუბარი.

"ჯერჯერობით, კონკრეტულ პიროვნებასთან არ გვაქვს მოლაპარაკება. ადრე შევთავაზეთ გედევან ფოფხაძეს, არ არის გამორიცხული, გავიმეოროთ მოწვევა, თუ გედევან ფოფხაძეს ბრძოლა უნდა, არ ინანებს", - განაცხადა მარშანიამ.

მისივე თქმით, თუ ნატო ჩხეიძის წასვლის შემდეგ ფრაქციაში გაწევრიანებისათვის მეექვსე დეპუტატი ვერ მოიძებნება და ფრაქცია დაიშლება, არც ეს იქნება ტრაგედია.

"ამ დღეებში გაირკვევა ისიც, ვინ იქნება ის ბედნიერი დეპუტატი, ვინც შეავსებს ჩვენს ფრაქციას, თუ არ შეავსებს, ესეც ცხოვრებაა პოლიტიკური, არა უშავს, როგორც ვიბრძოდით მანამდე, ისე ვიბრძოლებთ ჩვენი ქვეყნისათვის, უკეთესი მომავლისათვის და ყველა მოღალატესა და უცნაურ პოლიტიკოსსაც შევებრძოლებით", - განაცხადა მარშანიამ.

ფოფხაძემ ამ საჯარო შეთავაზებას უკვე უარით უპასუხა. "საქართველოს პატრიოტების" ფრაქციაში ყოფნა რომ მნდომოდა, მაინცდამაინც ფრაქცია უნდა დაშლოდათ, რომ მათთან მივსულიყავი?! ამას თავად ჩავთვლიდი საჭიროდ და მივიდოდი. ამაზე საუბარი არასწორია", - ამბობს გედევან ფოფხაძე.

საგულისხმოა ის, რომ თუკი "პატრიოტთა ალიანსის" ფრაქცია დაიშალა, ირმა ინაშვილი ავტომატურად ვიცე-სპიკერი აღარ იქნება, რადგანაც ის პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე იმ კვოტით არის არჩეული, რომელიც, რეგლამენტის მიხედვით, ფრაქციას ეკუთვნის.

გარდა ამისა, ფრაქციის ქონას სხვა დივიდენდებიც აქვს: ფრაქციის თავმჯდომარეს ხელფასი რიგით დეპუტატზე მაღალი აქვს და თავად ფრაქციასაც სხვა დივიდენდები აქვს, თუნდაც დელეგაციებში თუ კომისიებში წევრობა.

"ქართული ოცნება", რომელიც "პატრიოტთა ალიანსისათვის" დეპუტატის თხოვებას არ აპირებს, ირმა ინაშვილს ერთ დაპირებას მაინც აძლევს - ინაშვილს პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტი შეუნარჩუნდება.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანის თქმით, მოქმედი რეგლამენტი ინტერპრეტაციის საფუძველს იძლევა, რადგან რეგლამენტში პირდაპირ არ წერია, რომ ვიცე-სპიკერის წარმდგენი სუბიექტის დაშლა მისი უფლებამოსილების ავტომატურად შეწყვეტას იწვევს.

"პარლამენტის რეგლამენტში არ არის ნორმა, რომელიც პირდაპირ ითვალისწინებს, ფრაქციის დაშლისა და გაუქმების შემთხვევაში, ფრაქციის კვოტით წარდგენილი ვიცე-სპიკერის მიერ თანამდებობის ავტომატურ დაკარგვასა და უფლებამოსილების ავტომატურ შეწყვეტას. ვიცე-სპიკერის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთადერთ საფუძვლად განსაზღვრულია შემთხვევა, თუ მას წარმდგენი სუბიექტი უკან გაიწვევს.

"ირმა ინაშვილი ფრაქციის მიერ არის წარდგენილი და ფრაქციას ის უკან არ გამოუწვევია. ამასთან, ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე ის არჩეულია პარლამენტის მიერ, წარმდგენი სუბიექტის დაშლა და არარსებობა კი ვიცე-სპიკერის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებში არ წერია. საკითხი სადავოა და ამ მხრივ რეგლამენტი ინტერპრეტაციის საფუძველს იძლევა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" კახიანმა.

ამ კონტექსტში აღსანიშნავია წინა მოწვევის პარლამენტის შემთხვევა, როცა საპარლამენტო უმრავლესობამ "თავისუფალი დემოკრატების" მაშინდელი წევრი ზურაბ აბაშიძე ვიცე-სპიკერის თანამდებობიდან გაიწვია. ზურაბ აბაშიძე ვიცე-სპიკერის პოსტზე უმრავლესობის წარდგენითა და კვოტით იყო არჩეული.

მას შემდეგ, რაც ფრაქცია "თავისუფალმა დემოკრატებმა" უმრავლესობის რიგები დატოვა, "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ჩათვალეს, რომ აბაშიძე აღნიშნულ თანამდებობაზე არ უნდა ყოფილიყო და გაიწვიეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×