ოკუპირებული აფხაზეთის ეკლესია მოქმედებას იწყებს და მსოფლიო საპატრიარქოსგან ავტოკეფალიის აღიარებას ითხოვს. რუსულ პრესაში უკვე გამოჩნდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მყოფი სასულიერი პირების განცხადებები. ისინი ითხოვენ, მსოფლიო საპატრიარქომ, უკრაინასთან ერთად, მათი ეკლესიის ავტოკეფალიაც აღიაროს.
საქართველოს საპატრიარქოში ფიქრობენ, რომ კანონი ქართული ეკლესიის მხარესაა - აფხაზურ მხარეს არანაირი იურიდიული საფუძველი არ აქვს ეკლესიის დამოუკიდებლობა მოითხოვოს, ამიტომ მსგავსი მოთხოვნები მსოფლიო პატრიარქის მიერ უპასუხოდ დარჩება.
უკრაინის პატრიარქი კი თავის მხრივ საქართველოს ეკლესიისგან მხადაჭერის მოლოდინშია და სასულიერო პირებს მოუწოდებს თავისი პოზიცია ღიად გამოხატონ. ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფმა კიევის პატრიარქმა ფილარეტმა ისაუბრა თუ როგორ ატარებს უკრაინაში რუსეთის ინტერესებს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული ეკლესია. კიევის პატრიარქი აცხადებს, რომ ქართულმა ეკლესიამ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარი უნდა დაუჭიროს, რადგაბ რუსეთის თავდასხმისგან საქართველოც და უკრაინაც დაზარალდნენ.
„მათ უნდა დაგვიჭირონ მხარი, რადგან ჩვენც მართლმადიდებლები ვართ და ქართველებიც. ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა ვიყოთ ერთად. რუსეთი თავს დაესხა საქართველოსაც და უკრაინასაც. ჩვენ თანაბრად დავზარალდით და ერთად უნდა ვილოცოთ. ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ეკლესია ჩვენ ამ ლოცვაში შემოგვიერთდება," - განაცხადა პატრიარქმა ფილარეტმა.
საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას ოფიციალური პოზიცია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერაზე ჯერ არ გამოუცხადებია და ამ საკითხთან დაკავშირებით არც სინოდის სხდომა მოუწვევია. საქართველოს საპატრიარქო რუსეთის, კონსტანტინოპოლის და მსოფლიოს სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიათა საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდება, რომელმაც უკრაინის ეკლესიას რუსეთის საპატრიარქოსგან დამოუკიდებლობა უნდა მიანიჭოს.
„რეზონანსთან" თეოლოგები აცხადებენ, რომ უკრაინული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენამდე ცოტა დრო და ურთულესი პერიოდია გასავლელი. შესაბამისად, საქართველოსთვისაც ეს პროცესი მარტივი არ იქნება. ისინი აფხაზეთის ეკლესიასთან დაკავშირებით მსგავს სპეკულაციებს ელოდნენ.
თეოლოგ გიორგი ტიგინაშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს ეკლესიამ უკრაინის ავტოკეფალიაზე ჯერჯერობით მკვეთრი პოზიციის დაფიქსირებისგან თავი უნდა შეიკავოს.
მისი აზრით, რუსეთი მალე იზოლაციაში მოიქცევს თავს და მისი ეკლესია მსოფლიოს აჩვენებს, რომ ის ეროვნულ ინტერესებს უფრო ითვალისწინებს, ვიდრე მსოფლიო ეკლესიების მიერ აღიარებულ და დადგენილ კანონებს. თეოლოგი არც იმას გამორიცხავს, რომ მათ მხარდამჭერი სხვა ეკლესიებიც გამოუჩნდნენ, თუმცა ეს მხოლოდ დროებით იქნება და მსოფლიო პატრიარქი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებას მაინც შეძლებს.
„რა თქმა უნდა, ყურადსაღებია აფხაზეთის არქიმანდრიტის განცხადება, თუმცა იურდიულად რუსეთს არა აქვს ძალა, რომ აფხაზეთის ავტოკეფალია გამოაცხადოს. რაც შეეხება მსოფლიო პატრიარქს, ამას საუბარიც არ უნდა, რომ ის მსგავს მიმართვას არც კი განიხილავს. რუსეთი ახლა თავის მხრივ ყველას შეშინებას ცდილობს, თუმცა ეს როგორ და რამდენად გამოუვა, უკვე სხვა საკითხია. მთავარი ახლა ის არის, რომ ჩვენმა საპატრიარქომ შეინარჩუნოს ის მდგომარეობა, რაც არის და ზედმეტი ინიციატივებისგან თავი შეიკავოს. სწორედ ამის გამოა, რომ ჩვენი ეკლესია ჯერჯერობით თავის პოზიციას უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიაზე არ აფიქსირებს.
"რა თქმა უნდა, რუსეთს სხვა ეკლესიებშიც გამოუჩნდებიან მომხრეები. სირიაში ვიცით რა სიტუაციაცაა და იქიდან ფაქტია, თანხმობას მიიღებს. ასევე მას მხარდაჭერა ბულგარეთიდან და სხვა სლავური ქვეყნების ეკლესიებისგანაც ექნება. საბერძნეთი, რა თქმა უნდა, რომ მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილებას დაუჭერს მხარს. უფრო მგონია, რომ ამ ქმედებით რუსეთის ეკლესია თავს იზოლაციაში მოიქცევს და ბოლოს მაინც თავად დაზარალდება", - აცხადებს თეოლოგი.
სიტუაცია ასე დაიძაბა, რომ რუსეთის ეკლესია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს უზენაესობას არ აღიარებს. განცხადება ამის შესახებ მიტროპოლიტმა ილარიონმა გააკეთა. რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენელი ამბობს, რომ მსოფლიო პატრიარქის იურისდიქციას აღარ სცნობს და მას სხვა ეკლესიების საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს.
ფოტოზე: აფხაზი არქიმანდრიტი დოროფეი დბარი