ელზა პაპოშვილი
20.09.2018

 მმართველი გუნდი კანაფის კულტივაციისა და ექსპორტის შესახებ კანონპროექტს აღარ განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ავრცელებს. მმართველმა გუნდმა კი ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კანონპროექტმა საზოგადოების ნაწილსა და ეკლესიაში დიდი აღშფოთება გამოიწვია. კობახიძე „ოცნების" დეპუტატებს და საზოგადოებას მოუწოდებს, რომ საჯარო სივრცეში ამ თემაზე დისკუსია შეწყვიტონ. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, „ქართული ოცნება" საზოგადოებას და ეკლესიას უსმენს და მათ აზრს ითვალისწინებს.

წინასაარჩევნო ტაქტიკა თუ სამუდამოდ გატანილი კანონპროექტი? კობახიძე ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ" იმსჯელა და კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენ ვუსმენთ საზოგადოებას და ეკლესიას. სწორედ ამ ღირებულებებიდან და პრინციპებიდან გამომდინარე, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტში ზემოაღნიშნული კანონპროექტის განხილვის შეჩერების თაობაზე.

"მიგვაჩნია, რომ ჩვენ პირნათელი ვართ ქართული საზოგადოებისა და ეკლესიის წინაშე, რადგან წარმოდგენილი კანონპროექტი არ ითვალისწინებს ნარკოტიკული საშუალებების წარმოებასა და რეალიზებას. თუმცა, თუ არსებობს საფრთხე იმისა, რომ ამ კანონპროექტმა ნარკოტიკული საშუალებების არალეგალური მიმოქცევა შეიძლება წაახალისოს, ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას კანონპროექტის გამოწვევის თაობაზე.

"სამწუხაროდ, საზოგადოების ვნებათაღელვით ბოროტად ისარგებლეს გარკვეულმა ძალებმა, რომელთა მთავარი ნიშან-თვისებები სწორედ ადამიანის ღირსების უგულვებელყოფა და მისი შელახვის მცდელობა, ქვეყანასთან, ხალხთან და საზოგადოებასთან დაპირისპირება, ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული ბრძოლა და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაა.

"საზოგადოებას მოვუწოდებთ, ნურავის მივცემთ ვნებათაღელვის თავის სასარგებლოდ ბოროტად გამოყენების საშუალებას.

"გამოვხატავთ უდიდეს პატივისცემას უწმინდესისა და უნეტარესის მიმართ, რომლის თითოეული ნაბიჯი და განცხადება გამსჭვალულია სიბრძნით და რომელიც ყოველთვის მიმართულია ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების დაცვისკენ.

"მოვუწოდებთ ყველას, როგორც ჩვენს თანაგუნდელებს, ისე საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ ამ საკითხზე საჯარო სივრცეში ემოციური პოლემიკის გაგრძელებისაგან," - წერს პარლამენტის თავმჯდომარე გავცელებულ განცხადებაში.

„ნაციონალურ მოძრაობა" ამას გადაწყვეტილებას საზოგადოების გამარჯვებად აფასებს.

„მიუხედევად იმისა, რომ რამდენიმე საათის უკან ყელმოღერებული იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობდა, რომ ეს კანონი ქვეყანას დიდ მოგებას მოუტანს, უკან გაიწვიეს. ეს არის საზოგადოების გამარჯვება. სწორედ საზოგადოების ერთიანობით იქნება მომავალი გამარჯვებების მიღწეული და არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ქვეყანა ატაროს საკუთარი ფინანსური ინტერესების შესაბამისად. ეს გადაწყვეტილება აჩვენებს, რომ კარგად მოხვდათ და ხალხმა მიანიშნა, რომ თავის ჭკუაზე სიარულის უფლებას არ მისცემენ,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

კანონის პარლამენტიდან უკან გაწვევას სასულიერო პირებიც ეხმაურებიან. მამა ანდრია ჯაღმაიძე კობახიძის განცხადებაზე ამბობს, რომ ჩვენი ხელისუფლება ითვალისწინებს მოსახლეობის აზრს და ამაზე ცოცხალი რეაქცია აქვს.

„ეს ინფორმაცია ახლა გავიგე და ჩემთვის ძალიან სასიხარულო ამბავია. რა თქმა უნდა, საზოგადოებაც კმაყოფილი იქნება. რასაც ჩვენ საშიშროებად ვხედავდით და ვგულისხმობდით, არიდებულია. მეორე მხრივ, ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენი ხელისუფლება ითვალისწინებს მოსახლეობის აზრს და ამაზე აქვს ასეთი ცოცხალი რეაქცია.

"ხალხში უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ აშკარად ჩანდა ამ კანონის გატანას საზოგადოებასთან შეუთანხმებლად აპირებდნენ. ეს არის ძალიან კორექტული დამოკიდებულება, რასაც გულისხმობს საღი საზოგადოება და სახელმწიფოს საღი დამოკიდებულება მის ხალხთან", - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, სულხან სალაძე კი ამბობს, რომ თუ ამ კანონპროექტის გაწვევის მიზეზი საპატრიარქოს პოზიცია გახდა, ეს კიდევ უფრო შემაშფოთებელია

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×