„უბრალოდ იყო დისკუსია-მსჯელობა, ცოტა მაღალ ტონში, რაზეც ბოდიში მოვიხადეთ. ამოიწურა თემა და არანაირი პრობლემა არ არის. ჩვეულებრივი დისკუსია იყო, რომელიც ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობისას ძალიან ხშირად იმართება," - ამბობს პარლამენტში "ოცნების" დეპუტატებს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებაზე მისი ერთ-ერთი მონაწილე აკაკი ზოიძე.
დღევანდელ სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უმრავლესობის დეპუტატებს შორის დაპირსპირება მოხდა. კომიტეტის სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა სიტყვის გამოსვლისას განაცხადა, რომ აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებას იგი პრინციპულად შეეწინააღმდეგება.
„საკუთარ ლოგიკას ეწინააღმდეგებით. პატარაში თუ რჩება აკრძალვა, დიდში რატომ არ რჩება? ნუ აკეთებთ ამ საქმეს, გეუბნებით მე თქვენ. კაკი, ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს", - მიმართა ლევან გოგიჩაიშვილმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძესა და დეპუტატ ლევან კობერიძეს. ორივე მათგანი ასევე "ოცნების" წევრია.
ზოიძის პასუხი იყო, რომ „ნუ ეჭიდავებოდა რაღაც სისულელეზე".
უმრავლესობის კიდევ ერთი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი დაინტერესდა, ხომ არ შეიზღუდებოდა მხოლოდ პატარა სლოტ-კლუბები და დიდები დარჩებოდნენ უკონკურენტოდ. კომიტეტზე, ასევე, გაჩნდა მოსაზრება, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა შესაძლოა მიღებულ იქნას, როგორც დისკრიმინაციული მიდგომა, რაც ზოიძემ უარყო.
„ზუსტად ეს გვინდა, რომ პატარა სლოტ-კლუბები შეიზღუდოს. ყველა კორპუსის ქვეშ არის და პატარა ბავშვები შედიან. ეს არის მოტივაცია, რომ იყოს მხოლოდ დიდი სლოტ-კლუბები, სადაც უცხოელები მიდიან. ეს იქნება არაპირდაპირი შედეგი, თუმცა ჩვენი მოტივაცია ეს არ არის", - განაცხადა აკაკი ზოიძემ.