პარლამენტი კაზინოებსა და ტოტალიზატორებში მოწევის დაშვებაზე მსჯელობს. ვითარება იმდენად დაიძაბა, რომ უმრავლესობის დეპუტატები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. აკაკი ზოიძემ და ლევან გოგიჩაიშვილმა ერთმანეთს საქმეც კი გაურჩიეს.
საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია "თამბაქოს შესახებ" კანონში ცვლილების შეტანას ითხოვს. წინადადება პარლამენტში უკვე შესულია. საკანონმდებლო წინადადებაში აღნიშნულია, რომ პირველი მაისიდან დახურულ შენობა-ნეგებობებში თამბაქოს მოწევა აიკრძალა, თუმცა გამონაკლისს შორისაა სამორინე, სადაც თამბაქოს მოხმარება დასაშვებია.
სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში კი მიიჩნევენ, რომ ეს ტექნიკური ხარვეზია და სამორინეს ნაცვლად კანონში აზარტული/მომგებიანი თამაშების მოწყობის ადგილი (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) უნდა იყოს მითითებული.
სლოტ კლუბებში თამბაქოს მოწევის შესაძლო დაშვების საკითხის განხილვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უმრავლესობის წევრებს შორის მწვავე კამათის მიზეზი გახდა.
კომიტეტის სხდომაზე დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ეს საკითხი დაუშვებელია და პრინციპულად შეეწინააღმდეგება მას. "საკუთარ ლოგიკას ეწინააღმდეგებით. პატარაში თუ რჩება აკრძალვა, დიდში რატომ არ რჩება? ნუ აკეთებთ ამ საქმეს, გეუბნებით მე თქვენ. კაკი, ხელი გაუქნიე იმას, ვისთვისაც ასაქნევი გაქვს", - მიმართა მან ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძეს.
ზოიძემ დეპუტატს ემოციურობისთვის ბოდიში მოუხადა, აზარტული თამაშების ბიზნესს კი ცუდი ბიზნესი უწოდა და სიკვდილის ბიზნესს შეადარა.
"მინდა, ბოდიში მოვუხადო ლევან გოგიჩაიშვილს, თუ რამე ჟესტით გამოვხატე თავიდან მოცილების მცდელობა. ძალიან ემოციური საკითხია. პირადად მე ძალიან დიდი შინაგანი წინააღმდეგობა მაქვს ამ საკითხზე მსჯელობასთან დაკავშირებით. მიმაჩნია, რომ როგორც სიგარეტის ბიზნესი არის სიკვდილის ბიზნესი და ხვალვე უნდა გაკოტრდეს, ისევე, ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი ბიზნესია სათამაშო ბიზნესი, რომელიც ადამიანის ვნებებზე მოქმედებს. მისგან სარგებელზე მეტად ზიანი მოსდის ქვეყანას.
ჩემი აზრით, თამბაქოს მოწევის დაშვების გამონაკლისი სამორინეებსაც არ უნდა ეხებოდეს. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენთან კონსულტაციებს, დავსხდეთ, გავიაროთ ეს თემა და თუ რამე დამაკმაყოფილებელ პრინციპს შეიძლება მივაღწიოთ, მზად ვართ, ვიმსჯელოთ", - განაცხადა ზოიძემ.
თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი გიორგი ბახტურიძე კი მიიჩნევს, რომ პროცესი მართულია და "სლოტ კლუბებში" თამბაქოს მოწევის დაშვებას პარლამენტის წევრი ისკო დასენი ლობირებს, ვისი სახელიც "კრისტალბეთს" უკავშირდება. მისი აზრით, კანონი რეალურად არავითარ ცვლილებას არ საჭიროებს.
"კრისტალბეთი" და მისი მფლობელი ისკო დასენია ამ ყველაფრის ლობისტი, რომელიც პარლამენტის წევრია. ამ პროცესში ფინანსთა სამინისტროც არის ჩართული და ბიზნესომბუდსმენიც. ეს არის დანაშაულებრივი წარმონაქმნი და კორუფციის სერიოზული წყარო. ასეთი ინსტიტუცია ანაქრონიზმია ქვეყანაში, სადაც აცხადებენ, რომ ბიზნესი ხელშეუხებელია. პრინციპული ჩვენთვის რაც არის, ესაა ორი საკითხი: ერთი კაზინოებთან დაკავშირებით და მეორე - თეატრებთან. ღიად ვაცხადებ, მათ კონკრეტული ბიზნესინტერესი აქვთ და ვემიჯნებით.
მეორეა თეატრები, რომლებიც იმიტატორების გამოყენებას ვერ ეგუებიან. მაინცდამაინც ჩვეულებრივი თამბაქო უნდა გამოიყენონ? ეს არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. ამ კუთხით კანონს ცვლილება არ სჭირდება. იმიტატორებს გამოიყენებენ და დამთავრდა. სისტემატურად თამბაქოს ინდუსტრია აფინანსებს თეატრებს სწორედ იმისთვის, რომ ინტენსიურად იყოს თამბაქოს კვამლით გაჟღენთილი სპექტაკლები. ეს არის დაუშვებელი", - აცხადებს ბახტურიძე.
პარლამენტის უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ამ საკითხით არ დაინტერესებულა და "რეზონანსი" საკითხის შესაფასებლად სხვა დეპუტატებთან გადაამისამართა.
"სიმართლე გითხრათ, ამ საკითხით დიდად არ დავინტერესებულვარ. ასე რომ, ვერაფერს გეტყვით, რამდენად კარგი ან ცუდია "თამბაქოს შესახებ კანონში" შესატანი ცვლილება. სჯობს, სხვა დეპუტატებთან გადაამოწმოთ", - გვითხრა ნაცვლიშვილმა.