პროექტში "დანერგე მომავალი" ცვლილება შევიდა. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი ქვეკომპონენტი - "კენკროვანი კულტურები" დაემატა, რომელიც კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში ლურჯი მოცვის, მაყვლისა და ჟოლოს ინტენსიური ბაღების, მრავალწლიანი კენკროვანი კულტურების ნერგების, სარწყავი სისტემის მოწყობისა და ბაღების გაშენებისთვის საჭირო მასალების შესაძენად ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა შალვა კერესელიძემ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა რევაზ ასათიანმა დუშეთის კულტურის სახლში შეკრებილ მოსახლეობას ახალი ქვეკომპონენტის დეტალები გააცნეს.
"მრავალწლიანი კულტურების გაშენება სოფლის მეურნეობის განვითარების პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინკლუზიური განვითარება, რაც გულისხმობს, რომ ყველა, მათ შორის მცირე მწარმოებელიც, იყოს ჩართული განვითარების პროცესში. ახალი ქვეკომპონენტი, "კენკროვანი კულტურები", სწორედ მცირემიწიანი ფერმერების მხარდაჭერას გულისხმობს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
პროექტის ახალი კომპონენტი კენკროვანი კულტურების შესაძენი ნერგების ღირებულების 100%-იან დაფინანსებას ითვალისწინებს როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე იმპორტის შემთხვევაში. 100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემისა და ბაღის გაშენებისთვის საჭირო მასალების ღირებულებაც. აღნიშნულ პროექტში ჩართვას მხოლოდ ის ფერმერები შეძლებენ, რომლებიც სპეციალურ გადამზადებას გაივლიან.
"პროექტის მიზანია მაღალი ღირებულების კულტურების წარმოება თანამედროვე მეთოდებითა და ტექნოლოგიით. პროგრამა აქამდე ვერ ფარავდა ჩვენი მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას, რომელსაც არ გააჩნია, მინიმუმ, ერთჰექტრიანი მიწის ნაკვეთი, რაც პროგრამაში ჩართვის პირობაა. სწორედ ამიტომ სპეციალურად მცირემიწიანი ფერმერებისთვის დავიწყეთ ახალი პროგრამის განხორციელება. აქცენტი გავაკეთეთ კენკროვნებზე, რათა ამით მოგვეხდინა მცირემიწიან ფართობებზე დაბალშემოსავლიანი ერთწლიანი კულტურების ჩანაცვლება გაცილებით შემოსავლიანი მრავალწლიანი კულტურებით. ასეთი ამ შემთხვევაში კენკროვნებია, რომლებიც კარგად ხარობს როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ საქართველოში.
კენკროვანი კულტურების გაშენება მცირემიწიან ფართობებზე ძალიან ეფექტურია. გარდა იმისა, რომ შემოსავლიანია, კლიმატური პირობებიც ხელსაყრელია იმ რეგიონებში, სადაც ეს კულტურა მოჰყავთ. ჩვენი მიზანია სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მატერიალური კეთილდღეობის ზრდა. პროექტში მონაწილეობა ფერმერებს შესაძლებლობას აძლევს, რომ მეტი შემოსავლის წყარო გაჩნდეს მათ ოჯახებში, რისთვისაც ვეხმარებით არა მარტო ბაღების გაშენებაში, არამედ მოსავლის რეალიზაციაში, რაც პროგრამაში გათვალისწინებულია", - აცხადებს "დანერგე მომავლის" მენეჯერი მარიამ მეკოშკიშვილი.
პროექტის კენკროვანების ქვეკომპონენტი იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში განხორციელდება.
ნერგის შეძენა უნდა მოხდეს ქვეკომპონენტის ფარგლებში შერჩეული ადგილობრივი კვალიფიციური სანერგე მეურნეობებიდან. ასევე, წვეთოვანი საირიგაციო სისტემისა შეძენა-მონტაჟი და ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების შეძენაც უნდა მოხდეს შერჩეული კვალიფიციური კომპანიებისგან.
პოტენციური ბენეფიციარი უნდა ფლობდეს "საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში" რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, არანაკლებ 0.15 ჰექტრისა, იმავდროულად მის საკუთრებაში არსებული სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ჯამური ფართობი 5 ჰა-ს არ უნდა აღემატებოდეს. გარდა ამისა, ფერმერი ვალდებულია, ტრენინგებს დაესწროს პროექტში მონაწილეობამდე, რაც პროგრამის სიახლეა.
ტექნიკური დახმარება ითვალისწინებს შესაბამისი ტრენინგების ჩატარებას პოტენციური ბენეფიციარებისათვის. მისი დასრულების შემდგომ ჩატარდება ტრენინგგავლილი პირების ტესტირება შესწავლილ საკითხებში.
"ფერმერი აქამდე ვალდებული იყო, რომ ტრენინგებს დაფინანსების შემდეგ დასწრებოდა, ამჟამად კი მოთხოვნაა, რომ დაფინანსებამდე ჩაერთოს ამ პროცესში და საბოლოოდ დაფინანსდებიან ისინი, რომლებიც ტესტირებას წარმატებით გაივლიან.
გაშენებული ბაღის მოვლის ხარჯი მთლიანად ბენეფიციარის მიერ არის გასაწევი. ოჯახის წევრებს დამოუკიდებლად შეუძლიათ მისი მოვლა-პატრონობა, რაც დიდ ინვესტიციას არ საჭიროებს", - ამბობს მარიამ მეკოშკიშვილი.
აღსანიშნავია, რომ საექსპორტო ბაზრებზე ლურჯი მოცვი, მაყვალი და ჟოლო დღეს ყველაზე მოთხოვნადი კულტურებია. საქართველოს შეუძლია, თავისი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, შესაბამის ნიადაგზე აწარმოოს ასეთი კულტურები საკმაოდ ინტენსიურ ბაღებში.
პირველ ეტაპზე, როგორც "დანერგე მომავლის" მენეჯერი განმარტავს, რეალიზაცია ადგილობრივ ბაზრებზე მოხდება, ხოლო შემდეგში კენკროვნები გავა ექსპორტზეც, ძირითადად მეზობელ ქვეყნებში.
"სანამ ბაღები მსხმოიარობაში არ შევა, სამაცივრე დანადგარების საჭიროება არ არის, მაგრამ დამატებით ეტაპზე შესაბამისი მაცივარ-კონტეინერები უკვე მუნიციპალიტეტებში ექნებათ. კოოპერატივებს, ვინც დაფინანსებას მიიღებს 5 ჰა და მეტ ფართობზე - 2-ტონიანი, ხოლო საშუალოდ ხუთტონიანი კონტეინერები გადაეცემათ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოწადინებული ფერმერების იდენტიფიცირება მოვახდინოთ, რომლებიც მზად არიან, ჩაერთონ პროექტში და კენკროვანი კულტურების წარმოების ტექნოლოგიები შეისწავლონ. მათ მომზადებასა და ტრენინგს სახელმწიფო უფასოდ განახორციელებს", - აცხადებს მარიამ მეკოშკიშვილი.