ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ ქვეყნების 2017 წლის ანგარიშები გამოაქვეყნა. ყოველწლიურ ანგარიშში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებიცაა შეფასებული.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის წამყვანი უწყება ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირების კუთხით და, ზოგადად, არის კარგად აღჭურვილი და მომზადებული. სახდეპის შეფასებით, მთლიანობაში, საქართველოს მთავრობას, ზოგადად, შესწევს უნარი, გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის შემთხვევებზე.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო, როგორც ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის დიდი ხნის წევრი, განაგრძობდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მთელ რიგ საკითხებზე, ჩართული იყო არაერთ ორმხრივ წვრთნაში და რჩება ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების სფეროში. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია "ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის დაცვის უსაფრთხოების ზომების შესახებ" გასული წლის მაისში ხელმოწერილ შეთანხმებაზე, რომელიც ქმნის სამართლებრივ საფუძველს ორ ქვეყანას შორის ინფორმაციის ორმხრივად გაზიარების, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) წევრ სახელმწიფოებთან საქართველოს სამხედრო თავსებადობის გაზრდის თვალსაზრისით.
ანგარიშის ნაწილში "კანონმდებლობა, სამართალდაცვითი სფერო და საზღვრის უსაფრთხოება" ნათქვამია, რომ 2017 წელს საქართველომ განაგრძო კონტრტერორისტული კანონმდებლობის გაძლიერება. საქართველომ მიიღო კანონმდებლობა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებების გამოყენების რეფორმირებისა და მართვის ზედამხედველობის გაზრდის მიზნით. ანგარიშის მიხედვით, მთავრობამ, ასევე, მოახდინა "საერთაშორისო დაცვის შესახებ" ახალი კანონის იმპლემენტაცია. კანონი შემუშავებულ იქნა იმგვარად, რომ მთავრობას შეეძლოს, უარი უთხრას ლტოლვილის სტატუსზე, თავშესაფარზე ან სხვა საერთაშორისო დაცვაზე იმ პირებს, რომელთა მიმართაც არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ ჩართულნი იყვნენ ტერორისტულ აქტში და/ან აქვთ კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციასთან.
სახდეპმა ანგარიშში ასახა საქართველოს მიერ საზღვრის დაცვისა და საავიაციო უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით გატარებული ღონისძიებები და აღნიშნა, რომ საქართველომ გააუმჯობესა ინფრასტრუქტურა სახმელეთო საზღვრის ხუთ სასაზღვრო სექტორზე (ოთხი - აზერბაიჯანთან საზღვრის და ერთი თურქეთთან საზღვრის გასწვრივ) და დაამატა ოთხი სასაზღვრო სექტორი თურქეთთან საზღვრის გასწვრივ. საქართველომ ასევე შექმნა რისკებისა და საფრთხეების შეფასების განყოფილება, რომელიც მუშაობს ევროპული ინფორმაციის ანალიზის საერთო მოდელის შესაბამისად და ხელი მოაწერა ტაქტიკურ მემორანდუმს ნატო-ს გაერთიანებულ საზღვაო ძალებთან, რაც ხელს უწყობს ნატო-სა და საქართველოს საზღვაო ოპერაციების ერთობლივ მართვის ცენტრს შორის თანამშრომლობასა და ინფორმაციის გაცვლას.
დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე, საქართველო არის ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში ნატო-ს ერთი-ერთი აქტივობის, ნატო-ს ოპერაციის - "ზღვის მცველი" არაოპერატიული პარტნიორი. ანგარიშში ასევე საუბარია, რომ მთავრობამ მიიღო უსაფრთხოების დამატებითი ზომები საავიაციო სექტორში, დამტკიცებულ იქნა მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან სამოქალაქო ავიაციის უშიშროების დაცვის უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა, "საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ" ჩიკაგოს კონვენციის და სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დაწესებული რეკომენდირებული პრაქტიკისა და სტანდარტების შესაბამისად. ამასთან, აღნიშნულია, რომ მთავრობამ დაამტკიცა და განახორციელა სამოქალაქო ავიაციის სფეროში კრიზისულ-ექსტრემალური სიტუაციების მართვის ერთობლივი სამოქმედო გეგმა.
ანგარიშში, ასევე, საუბარია გასული წლის 21-22 ნოემბერს სუს-ის ხელმძღვანელობით თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ და აღნიშნულია, რომ თბილისის საცხოვრებელ კორპუსში სუს-ის კონტრტერორისტული დანაყოფის ხელმძღვანელობით ჩატარდა ოპერაცია, ოთხი ეჭვმიტანილი ტერორისტის დაკავების მიზნით, რომლებმაც ცეცხლი გაუხსნეს სპეციალური დანიშნულების ძალებს. ტერორისტთა ჯგუფის ერთი წევრი დაკავებულ იქნა, ორი მოკლული, ხოლო მეოთხე ეჭვმიტანილმა მოახდინა თვითლიკვიდაცია ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად. ანგარიშის თანახმად, მოგვიანებით მოხდა გარდაცვლილთაგან ერთ-ერთის, საერთაშორისო ტერორისტ ახმედ ჩატაევის იდენტიფიცირება. ერთი ქართველი ოფიცერი იქნა მოკლული, ხოლო ოთხი დაიჭრა. ტექსტში ასევე, საუბარია 26 დეკემბერს, სასამართლოს ნებართვის საფუძველზე, სუს-ის მიერ პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე, რა დროსაც ჩატაევთან შესაძლო კავშირის გამო დაკავებულ იქნა 4 პირი. სპეცოპერაციის დროს ერთი ადამიანი მძიმედ დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2017 წლის ბოლოსთვის გამოძიება ორივე ოპერაციასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა. ამასთან, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ივლისში საქართველომ დაიწყო გამოძიება და შემდგომი სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ, რომელიც, სავარაუდოდ, იბრძოდა ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში.
ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო არის ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (აფეა) მსგავსი რეგიონული ორგანოს - ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ ექსპერტთა კომიტეტის (ქწტუნყფდ) წევრი. ხაზგასმულია, რომ ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა მნიშვნელოვნად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, კერძოდ აფეა-ის განახლებულ რეკომენდაციებს.
ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2017 წელს საქართველოს მთავრობა განაგრძობდა ძალისხმევას ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის კუთხით და აქცენტს აკეთებდა მოწყვლად მოსახლეობაში თანასწორობისა და ინტეგრაციის, განათლების, სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის, მედიის და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის, გენდერული თანასწორობის, უმცირესობათა კულტურისა და იდენტობის შენარჩუნების ინიციატივებზე.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის წამოიწყო სტაჟირების სამთვიანი საპილოტე პროგრამა, რომელიც მოიცავდა 65-ზე მეტი სტუდენტის სტაჟირებას 20 სახელმწიფო უწყებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში. კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ინიცირებულ იქნა 2017 წელს, იყო პროგრამა "ახალგაზრდა ევროპელი ელჩები", რომელიც მიზნად ისახავდა უმცირესობათა სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის ინფორმირებას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ მათ მშობლიურ ენებზე. დოკუმენტში ასევე საუბარია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ჩატარებულ კულტურულ ღონისძიებებზე როგორც პანკისის ხეობაში, ისე ახალციხეში, რაც მიზნად ისახავდა სხვადასხვა ფორმით კულტურული მრავალფეროვნების წახალისებას.
საერთაშორისო და რეგიონული თანამშრომლობის კუთხით, დოკუმენტის მიხედვით, საქართველო აქტიურადაა ჩართული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში საერთაშორისო, რეგიონულ და ორმხრივ დონეზე. საქართველო, ასევე, მჭიდროდ თანამშრომლობს ნატო-სთან; მონაწილეობს ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ კოალიციაში, მათ შორის, მის ფარგლებში შექმნილი უცხოელი ტერორისტი მებრძოლების შესახებ სამუშაო ჯგუფში; არის ტერორიზმის აღკვეთის თაობაზე ევროპის საბჭოს კონვენციის მონაწილე და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი. დეკემბერში საქართველო გახდა უცხოელი ტერორისტი მებრძოლების დაბრუნებისა და გადაადგილების თაობაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2396 რეზოლუციის თანასპონსორი.
უსაფრთხოებისა და სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო სახელშეკრულებო ბაზის გაძლიერების კუთხით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2017 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ევროპოლთან, ასევე, გერმანიასთან საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმებას. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველომ ხელი მოაწერა ორმხრივ შეთანხმებებს, რომლებიც ორიენტირებულია სამართალდაცვით სფეროში საბერძნეთთან და შვედეთთან შემდგომ თანამშრომლობაზე. თანამშრომლობის შესახებ მსგავსი შეთანხმებები საქართველოს გაფორმებული აქვს 28 ქვეყანასთან. ამასთან, ანგარიშში ნახსენებია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ორგანიზებულ ღონისძიებებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სხვა შესაბამისი უწყებების აქტიური ჩართულობის შესახებ