საქართველოს პარლამენტი პლენარული სხდომების ფორმატში საქმიანობას მომავალი წლის იანვრიდან დედაქალაქში გააგრძელებს. მმართველ გუნდში უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საკანონმდებლო ორგანო სრულად თბილისში დაბრუნდეს. შესაბამისად, რეგლამენტში, რომლის პროექტიც ახლა განიხილება, პარლამენტის ადგილმდებარეობად ქუთაისი აღარ იქნება მითითებული.
რაც შეეხება ქუთაისში მდებარე შენობას, "პირველი არხის" ინფორმაციით, ის შენობა სავარაუდოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა. სამინისტრო შენობაში რამდენიმე ქვედანაყოფის, მათ შორის პოლიციის აკადემიის და 112-ის განთავსებას აპირებს.
ახალი კონსტიტუციით, რომელიც პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში, პარლამენტის მდებარეობა არ არის განსაზღვრული. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას უმრავლესობა აცხადებდა, რომ საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელი რეგლამენტით განისაზღვრებოდა.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ საკანონმდებლო ორგანო თბილისში დაბრუნდება, ეს ზეგავლენას იმ ხალხზე მოახდენს, ვინც ქუთაისში პარლამენტის არსებობაზეა დამოკიდებული.
როგორც სამადაშვილმა განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობის" დროს ქვეყნის დეცენტრალიზაცია დაიწყო, რომლის ნაწილი პარლამენტის ქუთაისში გადატანა იყო.
"ამას თან სხვა უწყებების გადმოტანა უნდა მოჰყოლოდა. რეალურად, ქუთაისში პარლამენტიც არ არის ბოლომდე გადმოსული, ეს პროცესი "ქართულმა ოცნებამ" ჯერ კიდევ 2012 წელს შეაჩერა. ვხედავთ, რომ დეცენტრალიზაცია ვერ ხდება, ახალი სამუშაო ადგილები არ იქნება და ქუთაისში ხალხი როგორ ცხოვრობს, ესეც ნათელია", - დასძინა სამადაშვილმა.
ჩვენთან საუბრისას კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ეთანხმება და მიიჩნევს, რომ პარლამენტი თბილისში უნდა დაბრუნდეს.
"ცხადია თბილისში უნდა იყოს. აუცილებელია, რომ პარლამენტი, მთავრობა და ის ძირითადი სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებთან მუდმივი თანამშრომლობაც არის საჭირო იყვენენ ერთსა და იმავე ქალაქში. ეს არის ამოსავალი. მთელ მსოფლიოში იმავე ქალაქშია განლაგებული ქვეყნის დიპლომატიური წამომადგენლები: საელჩოები, საკონსულოები და ა.შ. მათ შორისაც საჭიროა მუდმივიდ ურთიერთობა და თანამშრომლობა. ელემენტარულია, რომ საქმიანობის უკეთესი ეფექტიანობის და უფრო მარტივი კომუნიკაციის განხორციელების მიზნით, ყველაფერი ერთ ქალაქში იყო განთავსებული, რათა დაიზოგოს დრო და ენერგია, რომელიც იხარჯება გადაადგილებაზე", - ამბობს "რეზონანსთან" ხმალაძე.