წუხელ ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე სისხლიანი გარჩევა მოხდა. შეიარაღებული დაპირისპიების შედეგად, ცივი და ცეცხლსასროლი იარაღით ორი ახალგაზრდა დაჭრეს. თვითმხილველები „რეზონანსთან" ყვეებიან, რომ დაპირისპირებაში ათამდე ახალგაზრდა იყო ჩართული. მათ ჯერ ჩხუბის ხმა გაიგონეს, რასაც ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლა მოჰყვა.
ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ყველაფერი იმდენად სწრაფად განვითარდა, მათ ჩხუბში მონაწილე ბიჭების სახეების დანახვა ვერ შეძლეს. თუმცა გარეთ გამოსულებმა ერთ-ერთ დაჭრილს შორის მათი მეზობელი, პატრიარქის პირადი ექიმის შალვა პეტრიაშვილის შვილი, გივიკო პეტრიაშვილი ამოიცნეს. მას ფეხის არეში ცივი და ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. იქვე იპოვეს მისი მეგობარიც, რომელიც ასევე დაჭრილი იყო.
„რეზონანსთან" პატრიაქრის პირადი ექიმი შალვა პეტრიაშვცილი ადასტურებს, რომ დაჭრილია მისი შვილიც, თუმცა მისთვის უცნობია, რა გახდა ჩხუბის მიზეზი. ექიმი ამბობს, რომ ამ დროისთვის მისი შვილიც და მეგობარიც ალადაშვილის კლინიკაში განაგრძობენ მკურნალობას და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პეტრიაშვილი აცხადებს, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.
„ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა. ჯერ ჩხუბის და გინების ხმა გავიგონეთ, რასაც სროლა მოჰყვა. არ ვიცი რამდეჯერ გაისროლეს. ეს იყო გაბმული და უწყვეტი სროლის ხმა. რასაც მანქანის სწრაფად წასვლაც მოჰყვა. გამოვიქეცი დაბლა და დავინახე ორი ბიჭი.
"ეზოში იწვნენ და გვიშველეთ, დაგვჭრესო იძახდნენ. ერთთან მივედი და ვერ ვიცანი, მეორე კი ჩვენი მეზობელი გივიკო აღმოჩნდა, ექიმის შვილი. თავად ბიჭიც სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტია. მასზე ცუდს ვერაფერს ვიტყვით, არასდროს მინახავს, რომ ეჩხუბოს ან რამე კონფლიქტში ყოფილიყოს შემჩნეული. ჭკვიანი და განათლებული ბავშვია. როგორც ჩანს, სახლთან იყვნენ ჩასაფრებულები. ათამდე ახალგაზრდა ორ ბიჭს სცემდა. კიდევ კარგი, რომ უბედურებით არ დასრულდა.
"ალადაშვილის კლინიკაში მამამისთან ორივე ჩვენ, მეზობლებმა წავიყვანეთ. უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. პოლიცია იყო მოსული და როგორც ვიცი, კამერები ამოიღეს. ორივე ბავშვი ფეხებში იყო დაჭრილი. ასე, 23 წლამდე ბიჭები არიან", - აცხადებს თვითმხილველი „რეზონანსთან" .
რაც შეეხება გამოძიებას, ინციდენტში მონაწილე პირები ჯერჯერობით იდენტიფიცირებულები არ არიან. სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები უკვე ამოიღეს.
შსს-ში „რეზონანსს" განუცხადეს, რომ გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო. ჩხუბში მონაწილებიპირების იდენტიფიცირებისთვის მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები.