თამარ შუკვანი
21.09.2018

 „ზოგადად, სახელმწიფო ინტერესებში არ არის ბიზნესის დახრჩობა. მის ინტერესებში გადასახადების მიღებაა. ამიტომაც, მან არ უნდა წაართვას ბიზნესს უნარიანობა; რომ დაიხურება კომპანია და გაკოტრდება, ამით სახელმწიფო ვერაფერს მიიღებს და ჯობია მათ მიეცეთ მუშაობის საშუალება. თუ მას სხვა ინტერესებიც აქვს, ეს შემდეგაც გამოჩნდება, თუკი რომელიმე სხვა ჯგუფი დაეუფლება ამ ბიზნესს," - „ომეგა ჯგუფისა" და „ტელეკომპანია „იბერიას" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებსა და გავრცელებულ აუდიჩანაწერებთან დაკავშირებით, „რეზონანსი" პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა,

გია ხუხაშვილი: ყველაზე მეტად მაშფოთებს ის თანმდევი ინფორმაცია, რაც გახმოვანდა ამ სიგარეტის ბიზნესის ე.წ. დალაგებასთან და ფონდებთან დაკავშირებით. იქ ივანიშვილის წარმოთქმულმა სახელმა თვითონ საუბრების სუბიექტების მხრიდან გაიჟღერა. ეს უფრო მეტად შემაშფოთებელია და შორს მიმავალი, დამანგრეველი შედეგები შეიძლება ჰქონდეს, ვიდრე „ომეგას" ან „იბერიას" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

„რეზონანსი": ჩანაწერებში ქუმსიშვილის სახელმაც გაიჟღეა...

გ.ხ: ამ ჩანაწერებში არა მარტო ქუმსიშვილის სახელი, არამედ ისმის ივანიშვილის, უჩა მამაცაშვილის სახელებიც და კიდევ ბევრი რამე გვესმის... და სწორედ ეს არის შემაშფოთებელი, შესაძლოა ვიღაც თაღლითი პირადი გამორჩენის მიზნით იყენებს ამ სახელებს და გვარებს, ან კიდევ შესაძლოა უფრო მძიმედ იყოს საქმე.

ყველა შემთხვევაში, ხელისუფლების ღირსების საქმე უნდა იყოს, რომ ის გაჩენილი ეჭვი, რაც მის მიმართ ყოველდღიურად იზრდება, ჩაახშოს და ამისთვის საჭიროა, რომ თვითონ ამ თემას ნათელი მოჰფინოს. ამას გამჭირვალე, ღია გამოძიება სჭირდება და მისი შედეგებიც საჯაროდ უნდა გამოცხადდეს.

„რ": თქვენი აზრით, ტელეკომპანია „იბერია" ხელისუფლების ინტერესის სფეროს წარმოადგენს? და რისთვის სურს მას „იბერია?"

გ.ხ: არა მგონია, რომ ასეთი ცხოველი ინტერესები ჰქონდეს ხელისუფლებას „იბერიას" მიმართ, მაგრამ გარკვეულ წვრილმან თაღლითებს შესაძლოა ჰქონდეთ ინტერესი და იყენებდნენ ხელისუფლების ავტორიტეტს.

„რ": „ომეგა ჯგუფი" ხელმძღვანელის ზაზა ოქუაშვილის განცხადებაზე რას ფიქრობთ?

გ.ხ: ვფიქრობ, მისი განცხადებები საკმარისია, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს გამოძიება სიმართლის გასარკვევად. ყველა შემთხვევაში ხელისუფლება ზიანდება და თუკი ხელისუფლებას რეაგირება არ აქვს, ეს იმის მანიშნებელია, რომ დუმილი თანხმობის ნიშანია.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×