ეკონომიკის ექსმინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ირწმუნება, რომ დღეს გავრცელებული ფარული ჩანაწერი მის ღირსებას ლახავს და მზადაა, მიმართოს სასამართლოსა და პროკურატურას. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი უწყება იძიებს საქმეს, სადაც ქუმსიშვილი კორუფციულ საქმეებში ფიგუგრირებს.
ამ შემთხვევაში კი საუბარია „ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერზე, სადაც ისმის ლაპარაკი, თითქოს ქუმსიშვილის სახელით სიგარეტის იმპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელს მანქანებს სძალავენ. ამასთან დაკავშირებით მან ფეისბუქზე განცხადებაც გაავრცელა:
„გუშინ და დღეს მოვისმინე აუდიოჩანაწერები, რომელშიც ისმოდა ჩემი გვარი და გამოყენებულია ჩემი გვარი აშკარად უკანონო გამოძალვისთვის. ეს ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი. აბსოლუტურად ვემიჯნები მთელ ამ პროცესს. ჩემი ადვოკატი გააკეთებს ჩვენს იურიდიულ ქმედებებზე განცხადებას. ჩვენ აუცილებლად გადავდგამთ ნაბიჯებს და მივმართავთ, როგორც სასამართლოს პატივისა და ღირსების შელახვისთვის, ასევე პროკურატურას - თაღლითობის ნაწილში.
მე კატეგორიულად მოვითხოვ და ვთხოვ პროკურატურას, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ საქმის და საკითხის გამოძიება. აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი სახელი და რეპუტაცია, რომლის შელახვასაც სხვადასხვა დაინტერესებული ადამიანები თუ ჯგუფები, მათ შორის ძალიან გავლენიანი ადამიანები ცდილობდნენ ადრეც და ცდილობენ ახლაც.
მე ვფიქრობ, რომ იქნება ორი იურიდიული ქმედება: ერთი სავარაუდოდ, ზაზა ოქუაშვილის მიმართ ჩემი სახელის და რეპუტაციის შელახვის გამო და მეორე - ლევან ყიფიანთან მიმართებაში", - ნათქვამია დიმიტრი ქუმისშვილის განცხადებაში.
დღეს მორიგი ფარული ჩანაწერი გავრცელდა, სადაც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის" მენეჯმენტის წარმომადგენლები საუბრობენ.
ჩანაწერის მიხედვით, ყიფიანი ორი მინისტრის, ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის ძვირადღირებულ ავტომობილებს და ფულს ითხოვს.
ლევან ყიფიანი: აგერ, ძმაო, გადამიფორმეთ, 5 მანქანა, რაც ძველი დავალიანებაა. აქედან მერე, რაც ჩამოეჭრება და 30 მილიონიანი რესტრუქტურიზაცია, 30 მილიონის პროცენტი მომეცით. 3 მანქანა, რომელიც არის გადმომიფორმონ, რომ მე კიდევ არ გადავაგდო ფინანსთა სამინისტრო, ერთი მინისტრი და მეორე მინისტრი.
"ომეგა ჯგუფის" მენეჯერი: ერთ მინისტრი, რა ქუმსიშვილს არ გულისხმობ?
ყიფიანი: სხვას, წინა მინისტრსაც ვგულიხმობ.
"ომეგა ჯგუფის" მენეჯერი: ეს ხადური ხომ?
ყიფიანი: ჰო. ერთი კუპერი, X4 და X5.
"ომეგა ჯგუფის" მენეჯერი: ეს ქუმსიშვილის?
ყიფიანი: კი. ეს 3 მანქანა გადმომიფორმდეს, ან ვისაც მოვიყვან იმაზე გადააფორმონ, რომ მერე მე ჯიჯღინი არ დამაწყებინოთ, მაიცა და ხვალ იყოს და ზეგ იყოს. მარა აქ მე, მარტო არა ვარ. აქ ვალდებულებებია, ამ ვალდებულებებს მე ვეღარ გავექცევი.
"ომეგა ჯგუფის" მენეჯერი: რა ვალდელბულებებია?
ყიფიანი: ფინანსური ვალდებულებები.
"ომეგა ჯგუფის" მენეჯერი: ეგ, რას ნიშნავს?
ყიფიანი: რომ უნდა გავცე ეს ვალდებულებები.
"ომეგა ჯგუფის" მენეჯერი: ეს ბიუჯეტში, თუ?..
ყიფიანი: არა.
"ომეგა ჯგუფის" მენეჯერი: აა, ზოგადად?
ყიფიანი: ჰო. ამ მანქანების გარდა."