პარლამენტმა ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი დასკვნა მიიღო, სადაც სარალიძის მკვლელის ვინაობა არ იკვეთება. დადგენილებას 73 მომხრე ჰყავდა და მხოლოდ 1 წინააღმდეგი. „ევროპულმა საქართველომ“ კი პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილმა პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ პარლამენტის სხდომაზე ორი დასკვნა წარმოადგინა - ერთი „ევროპული საქართველოს“, ხოლო მეორე „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული. „ოცნების“ მიერ შემუშავებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვერ დადასტურდა სხვა პირის არსებობა, რომელიც საგამოძიებო სამსახურებსა და პროკურატურას პასუხისგებაში უნდა მიეცათ დავით სარალიძის მკვლელობისათვის - მისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენების ფაქტზე. ალტერნატიული დასკვნა კომისიაში შემავალმა “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მოამზადეს.
“ოცნებამ” ალტერნატიული დასკვნა მას შემდეგ მოამზადა, რაც ოპოზიციის მიერ მომზადებული 67-გვერდიანი დასკვნა გააკრიტიკა და მიკერძოუბულად შეაფასა. “ოცნების” ვარიანტი გააკრიტიკა როგორც საპარლამენტო უმცირესობამ, ასევე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ.
“ქართული ოცნების” დასკვნა საგამოძიებო კომისიის ბოლო სხდომაზე ვერ დამტკიცდა. მან სულ 4 ხმა მიიღო, კომისიის 9 წევრი კი წინააღმდეგ წავიდა. ხმათა უმრავლესობით (9 ხმით) დამტკიცდა ოპოზიციის დასკვნა.
მმართველი გუნდის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ საგამოძიებო კომისიის წევრთა უმრავლესობის მიერ შექმნილი იყო არასწორი მოლოდინი დავით სარალიძისათვის სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელ პირთან და ზოგადად მოცემულ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენასთან დაკავშირებით, რაც, მათივე განცხადებებით განსხვავდებოდა გამოძიების ვერსიისგან.
კომისიამ, სხვა საკითხებთან ერთად, ამოცანად დაისახა დავით სარალიძისათვის სასიკვდილო ჭრილობის მიმყენებელი პირის იდენტიფიცირება, რასთან დაკავშირებითაც კომისიის მუშაობის შედეგად არ გამოკვეთილა ახალი პირდაპირი ან თუნდაც ირიბი მტკიცებულება.
„საგამოძიებო კომისიის ზემოხსენებული ლეგიტიმაციის მიუხედავად, კომისიის წევრების კითხვებიც ახსნა-განმარტების მიმცემ პირთა მიმართ უმეტესწილად ამ კონკრეტული გარემოების დადგენას ისახავდა მიზნად.
"შესაბამისად, ვერ დადასტურდა სხვა პირის არსებობა, რომელიც საგამოძიებო სამსახურებსა და პროკურატურას უნდა მიეცათ პასუხისგებაში დავით სარალიძის მკვლელობისათვის - მისთვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენების ფაქტზე“, - აღნიშნულია დადგენილებაში.
„ევროპული საქართველოს“ დასკვნის მიხედვით კი გამოიკვეთა ახალი, საკვანძო გარემოება, რომელიც ეხება დავით სარალიძის მკვლელობაში პროკურატურის მხრიდან აქამდე დაუდგენელი ფიგურანტის – მ.კ.-ს როლს. ამასთან, საგამოძიებო კომისია რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა მ.კ-ს მიმართ. საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრების პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მოთხოვნაც მოხვდა.
ზაზა სარალიძის ადვოკატი ნესტან ლონდარიძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ როდესაც ისინი „ოცნების“ დადგენილებას გაეცნენ და ბევრი კითხვა გაუჩნდათ; საპარლამენტო უმცირესობის კომისიაში უმრავლესობით ყოფნას არანაირი შედეგი არ მოჰყვა, რადგანაც პარლამენტმა უმრავლესობით მაინც ის დადგენილება გაიტანა, რომელიც მმართველი გუნდის მიერ იყო მომზადებული. იქ კი სარალიძის მკვლელის ვინაობა დადგენილი და გამოკვეთილი არ არის.
შესაბამისად ლონდარიძე ამბობს, რომ ეს ზაზა სარალიძისთვის კატეგორიულად მიუღებელია და კომისიამ პოლიტიკური ელფერი მიიღო. ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიების დროს ადგილი დარღვევათა ჯაჭვს ჰქონდა, რამაც მკვლელის ვინაობის დადგენაში სამართალდამცველებს ხელი შეუშალა. „ოცნება“ კი თავის დასკვნაში მხოლოდ რამდენიმე დარღვევაზე საუბრობს და იქაც არ ამბობს, რომ ამ დარღვევებმა გამოძიება სხვა მიმართულებით წაიყვანა.
„რათქმა უნდა, არ ვიზიარებთ „ოცნების“ მიერ წარმოდგენილ დადგენილებას, რომელიც პარლამენტმა ერთხმად მიიღო. დავით სარალიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, მთელი რიგი საგამოძიებო ჯაჭვია დარღვეული, რამაც მკვლელის ვინაობა არ გამოკვეთა.
"მმართველმა გუნდმა კი დასკვნაში მხოლოდ რამდენიმე შეცდომაზე გაკეთა აქცენტი და ისიც მძიმე შეცდომებად არ ჩათვალა. ამ საქმეში თვალნათლივ სამოხელეო დანაშაული იკვეთება, მაგრამ ამავე დროს, მნიშვნელოვანია სწორად შეფასდეს ის მტკიცებულები რაც მოპოვებული იქნა.
"საგამოძიებო კომისიის მუშაობის დროს, არა ერთი დამატებით ფაქტი და გარემოება გამოიკვეთა, რომელმაც საქმეში მ.კ-ს როლი უფრო გამოკვეთა. რაც „ოცნების“ მიერ ამ გარემოების გათვალისწინება არ მოხდა. საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადავიდა და ვნახეთ, რომ პარლამენტში ორი დასკვნა შევიდა. შესაბამისად, მგონია, რომ საზოგადოების ჩართულობის გარეშე, საქმეზზე სიმართლე არ დადგინდება“,-აცხადებს ადვოკატი.