„სტიგმა, როგორც ასეთი, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობა არ იკურნება ან სამარცხვინოა, აღარ არსებობს და მეტი ადამიანი მიმართავს სპეციალსტს. რაც მთავარია, სწორად მიმართავს; თუ ადრე ნევროლოგს მიმართავდნენ, ახლა ფსიქიატრებს მიმართავენ," - აცხადებს ფსიქიატრი ნინა გოგოხია.
მისი თქმით, ცხოვრების ხარისხის მიხედვით, ეს იქნება მორალური თუ ეკონომიკური თვალსაზრისით, პროგრესი არსებობს, რაზე მიგვანიშნებს ის ფაქტი, რომ დღეს ამბოლატორიულ ფსიქიატრიულ მომსახურებას უფრო მეტი ადამიანი იღებს.
„თუ ცხოვრების ხარისხი უფრო ქვემოთ არის, ჯანმრთელობის სერვისზე ხელმისაწვდომობაც დაბალი იქნება და შესაბამისად, არ მიმართავენ მას. თუკი სერვისები არ მუშავდება, ფსიქიატრიაა თუ სარესტონრო ბიზნესი, სულ ერთია, ეკონომიკური და მორალური თვალსაზრისით ცუდი იყო, რომ ამბოლატორიულ ფსიქიატრიულ მომსახურებას ადრე არ მიმართავდნენ," - განანცხადა ნინა გოგოხიამ.
მიმდინარე წლის მონაცემებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსარგებლეთა რაოდენობა 25 265-ს შეადგენს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესიუსმა" დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან გამოითხოვა.
ყველაზე მეტი - 20 386 ბენეფიციარი ამბულატორიულ ფსიქიატრიულ მომსახურებას იღებს. შემდეგია ფსიქიკური აშლილობის მქონე მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურება, რომელსაც საქართველოს მასშტაბით 3 423 ბენეფიციარი იღებს. მესამე ადგილზე, ფსიქიატრიული კრიზისული ინტერვენციაა, რომელშიც 398 ბენეფიციარია დაფიქსირებული.
მობილური გუნდის მომსახურებას 342 ბენეფიციარი იღებს, ხოლო ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში 195 ბენეფიციარია ჩართული.
ჯანდაცვის სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, მიმდინარე წელს იძულებითი/არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით სტაციონარში 269 პირი მოთავსდა.
"პირები, იდენტიფიკაციის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტის არქონის მიუხედავად, რომელთა მიმართაც არის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო გადაწყვეტილება, იძულებითი ან არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით იღებენ პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულ მომსახურებას",- ნათქვამია უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში, რომელსაც „ინტერპრესიუსი" აქვეყნებს.
ამასთან, ფსიქიკური დარღვევების მქონე შშმ პირთა თავშესაფრით უზრუნველყოფის კომპონენტი 105 ბენეფიაციარს მოიცავს, ხოლო ფსიქიკური აშლილობის მქონე ბავშვთა ფსიქიატრიულ-სტაციონარულ მომსახურებას 85 არასრულწლოვანი იღებს.
ყველაზე მცირე რაოდენობის პაციენტი ჩართულია ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამაში, რომელიც 65 ბენეფიციარს მოიცავს.