უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ბრიტანულ გამოცემა BBC -ს ბრიტანულ სასამართლოში უჩივლა. მიზეზად გამოცემის მიერ მისი შეურაცხყოფა და ცილისწამება დასახელდა.
პოროშენკოს ადვოკატმა განაცხადა, რომ გამოცემის მიერ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპთან შესახვედრად პოროშენკომ 300 ათასი გირვანქა გადაიხადა, აბსოლუტური სიცრუე და შეურაცხყოფაა.
ბრიტანული ტელერადიოკომპანია BBC-ის მთავარი ტელეარხის BBC One-ის სიუჟეტის თანახმად, ოფიციალურად პოროშენკომ ტრამპთან ხანმოკლე შეხვედრის გამართვა მოახერხა, რომლის დროსაც მნიშვნელოვანი სამხედრო საკითხები განიხილეს, მაგრამ უკრაინის ლიდერისთვის ეს არასაკმარისი აღმოჩნდა.
პოროშენკოს ადვოკატების განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბრიტანულ კომპანიას არ გააჩნია არანაირი დამამტკიცებელი საბუთი ან ფაქტი, რომელიც დაადასტურებდა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ ტრამპთან შეხვედრის "ყიდვას"; ეს არის უსირცხვილო ტყუილი, რომელიც პეტრო პოროშენკოს რეპუტაციას ჩირქს სცხებს და მძიმე დარტყმის ქვეშ აყენებს.
თავად გამოცემამ უარი განაცხადა კომენტარის გაკეთებაზე, რადგან საქმე ჯერ კიდევ განიხილება. მაგრამ პოროშენკოს აღშფთებამ, სასამართლოში ჩივილმა და პრეზიდენტის ადვოკატების განცხადებებმა ჯერჯერობით შედეგი ვერ გამოიღო - 23 მაისს ბი-ბი-სი-ის ვებგვერდზე დაბეჭდილი სტატია დღემდე ხელმისაწვდომია მკითხველისთვის.
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 23 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს თეთრ სახლში 2017 წლის 20 ივნისს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან უკრაინის ლიდერის შეხვედრის "ჩასაწყობად" პოროშენკოს შუამავლებმა ტრამპის იმდროინდელ ადვოკატ მაიკლ კოენს კოლოსალური თანხა გადასცეს - 300 ათასი გირვანქა (392 000 დოლარი).
უნდა აღინიშნოს, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ბრიტანულმა გამოცემამ უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს კეთილსინდისიერება ეჭვქვეშ დააყენა.
გამოცემის გვერდზე გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, უკრაინის ლიდერი თავისი მმართველობის დროს მნიშვნელოვნად გამდიდრდა. ბი-ბი-სის ცნობით, პოროშენკოს ქონება პირველივე წლის განმავლობაში რამდენჯერმე გაიზარდა.