ეკატერინე ბასილაია
21.09.2018

 იანვრიდან პარლამენტი ქუთაისში აღარ იქნება. „ქართულმა ოცნებამ", რომელიც ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან ყველაზე აქტიურად სწორედ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანას ცდილობდა, დიდი წვალების შემდეგ მიზანს მაინც მიაღწია - საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რეგლამენტში შედის ცვლილება და 2019 წლის იანვრიდან პარლამენტის ადგილსამყოფელად თბილისი განისაზღვრება.

მანამდე კი ახალ კონსტიტუციაში, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ამოქმედდება, შეიტანეს ცვლილება და იქ პარლამენტის ადგილსამყოფელი განსაზღვრული აღარ არის.

მიუხედავად იმისა, რომ „ოცნებაში" უმეტესობას პარლამენტის ქუთაისში არსებობა არ მოსწონდა, ახალი კონსტიტუციის საყოველთაო განხილვისას პირობას დებდა, რომ პარლამენტის თბილისში გადატანას არ გეგმავდნენ, თუმცა ეს დაპირება ტყუილი აღმოჩნდა და ქუთაისში სწორედ ეს შეახსენეს მმართველ ძალას.

პარლამენტის მეორე ვიცე-სპიკერ გია ვოლსკის განცხადებით, მათ ეს გადაწყვეტილება მილიონობით ლარის დაზოგვის მიზნით მიიღეს და ახლა ეს დაზოგილი თანხა სწორედ ქუთაისის საკითხებსა და პრობლემებს მოხმარდება.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილი თქმით კი ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობის გამოყენებას შს სამინისტრო საპოლიციო ჰაბისთვის აპირებს. იქ პოლიციის აკადემია განთავსდება. ასევე, გამორიცხული არ არის, რომ ამ შენობაში დასავლეთ საქართველოს 112-იც განთავსდეს.

მართველი გუნდის ამ გადაწყვეტილებამ პოლიტიკოსებისა და სამოქალაქოს საზოგადოების ნაწილში უკვე გამოიწვია პროტესტი. ოპოზიციის ნაწილში აცხადებენ, რომ რადგანაც წინა ხელისუფლების სურვილი იყო ქუთაისი მეორე დედაქალქაად ქცეულიყო, სწორედ წინა ხელისუფლების სიძულვილის და მიუღებლობის გამო დგამს ამ ნაბიჯს „ოცნება".

ქუთაისში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ როცა კონსტიტუციიდან პარლამენტის ადგილმდებარეობის ამოღების შესახებ იყო საუბარი, მაშინ დაპირება მიიღეს, რომ პარლამენტი ქუთაისში გააგრძელებდა მუშაობას.

„სამწუხაროა, რომ ხელისუფლების მხრიდან ეს დაპირება არ შესრულდა და ქუთაისი რატომღაც მათ ვერ აღიქვეს საპარლამენტო ქალაქად, რაც ხელს შეუშლის ქალაქის შემდგომ განვითარებას. პარლამენტის აქ არსებობასთან დაკავშირებით იყო ბევრი იმედი. არის დიდი უკმაყოფილება საზოგადოებაში და შესაძლებელია ეს გადაწყვეტილება ხელისუფლებას დაუჯდეს რაღაცის ფასად, ვგულისხმობ არჩევნებს" - ამბობს "ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის" ხელმძღვანელი ხვიჩა ვაშაყმაძე.

ა/ო-ის "ევროპა ჩემი სახლია" წევრი გია გოქაძე საპარლამენტო ოპოზიციას მიმართავს, რომ არ დაუშვან ქუთაისიდან პარლამენტის თბილისში გადატანა.

„ვიცით, რომ კვორუმი არ იქნება, მაგრამ ეს იქნება პასუხი ხელისუფლების ამ უგუნურებაზე. თავხედობაზე, რასაც ჩადის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით „ქართული ოცნება" -ამბობს გოქაძე.

პოლიტოლოგების თქმით, "ოცნების" ამ ნაბიჯის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ დეპუტატებს მაღალი ხელფასებისა და დანამატების მიუხედავად ეზარებათ ქუთაისში სიარული, მეორე მიზეზი კი ისაა, რომ "ოცნებისთვის" მიუღებელია ყველაფერი, რაც სააკაშვილს უკავშირდება.

ნიკა ჩიტაძის თქმით, არადამაჯერებელია „ოცნების" მტკიცება, რომ თურმე პარლამენტის თბილისში გადმოტანის მიზეზი ხარჯების დაზოგვაა.

„თუ ხარჯების შემცირება აწუხებთ, ნუ იღებენ პრემია-დანამატებს! სამივლინებო ხარჯები რაცაა იმაზე 3-4-ჯერ მეტ დანამატს იღებენ და მაშინ უნდა დაისვას კითხვა, 2012 წლის შემდეგ რატომ გაიზარდა 400 მლნ ლარზე მეტით სახელმწიფო უწყებების დაფინანსება, რომელთა უმეტესი ნაწილი სწორედ პრემია-დანამატებზე მოდის?!"- კითხულობს ჩიტაძე.

მისი აზრით, „ოცნება" ამ ნაბიჯს მერკანტილური მიზნებისა და პოლიტიკური ამბიციების გამო დგამს. „გარკვეული ფუნქციები რეგიონებზე იყო გადანაწილებული, ქუთაისი საპარლამენტო ქალაქად გამოცხადდა და ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლო გადავიდა. ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაშია ისე, როცა ფუნქციები სხვადასხვა დიდი ქალაქს შორისაა გადანაწილებული. იგივე ნიდერლანდებში, დედაქალაქი ამსტერდამშია, მაგრამ მთავრობა ჰააგაშია.ასევეა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაშიც, რომელიც გახლავთ ერთად ერთი ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანა აფრიკის კონტინენტზე და იქ ერთ ქალაქშია მთავრობა, ხოლო მეორე ქალაქში - პარლამენტი. იგივე ევროპარლამენტი რომ ავიღოთ, ბრიუსელშია აღმასრულებელი სტრუქტურები, ევროპარლამენტი მდებარეობს სტრასბურგში და ლუქსემბურგშია ევროკავშირის სასამართლო. ამიტო კარგი იქნებოდა ქუთაისში შენარჩუნებულიყო პარლამენტი. თუმცა, რადგანაც ქუთაისში პარლამენტის გადატანა კონსტიტუციაში „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ჩაიწერა, ამიტომაცაა ეს „ოცნებისთვის" მიუღებელი. მეორე მიზეზია, რომ ბევრს ეზარება ქუთაისში სიარული. ამიტომ ეს მხოლოდ პირადი ინტერესებიდან და პოლიტიკური ამბიციების გამო მიღებული გადაწყვეტილებაა და არა პოლიტიკური მიზანშეწონილობა. საქართველოს ქალაქებს განვითარება სჭირდება, ყველაფერი თბილისში კონცენტრირებული არ უნდა იყოს," - აღნიშნავს ჩიტაძე.

პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილის თქმით, თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტი ქუთაისში იმ მიზეზით გადაიტანა, რომ მის წინ საპროტესტო აქციები არ გამართულიყო. ახლა კი „ოცნებას" ისევ უკან გადააქვს და ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ დეპუტატებს ეზარებათ ქუთაისში სიარული. გარდა ამისა, მიისვე თქმით, "ოცნება" დიდი ხანია ცდილობს ყველაფერი შეცვალოს იმ პერიოდის, რასაც სააკაშვილის ხანა ჰქვია

„პირად საუბრებში რამოდენიმესგან გამიგონია ოხვრა, ეს სად დავდივართ, რომ ეზარებათ ამხელა გზაზე სიარული. როდის უნდა ჩავიდეს თელავიდან ქუთაისში დეპუტატი? თან, მე ვთვლი, რომ ძალიან დიდი ხარჯია ქუთაისში პარლამენტის გადატანის გამო. არც შენობამ გაამართლა, ვიცით, როგორ დღეში არიან დეპუტატები. ახლა ქუთაისი ცოტა გაგვებუტება, მაგრამ იმედია, ეს დროებით იქნება და ქუთაისს არ დაივიწყებს ეს ხელისუფლება. სასიხარულოა, რომ ქუთაისიდან ევროპაში ფრენები ძალიან აქტიურად ხდება და ასევე, ველოდებით და გვჯერა, სიტყვის კაცი რომ გვყავს ერთი, ისიც სულ მალე ისეთ ტექნიკურ უნივერსიტეტს დაგვანახებს ქუთაისში, რომ არა მარტო საქართველოში შეშურდეთ," - როგორც ყოველთვის, ირონიას არ მალავს ცისკარიშვილი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×