ელზა პაპოშვილი
22.09.2018

 გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში 84 წლის მოხუცი შვილსა და შვილიშვილს პენსიის დანაზოგის 980 ლარის მოპარვას და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. მეზობლებს ამ ბრალდების არ სჯერათ. აცხადებენ, რომ მოხუცს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, რაც 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომისა და ამ ომში ვაჟის დაღუპვის შემდეგ დაეწყო.

ამ ბრალდების საფუძველზე შსს-მ ბიძა-დისშვილი: 1977 წელსდაბადებული რ.ქ. და 1984 წელს დაბადებული გ.თ., ძარცვის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში დააკავეს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიების ინფორმაციით, 1934 წელს დაბადებულ ა.ქ.-ს მისივე შვილმა და შვილიშვილმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც გაძარცვეს, კერძოდ, რამდენიმე თვის ნაგროვები პენსია - 980 ლარი გასტაცეს და მიიმალნენ.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

გამოძიებისგან განსხვავებით, სოფელ ატენში მოხუცის მეზობლები და სოფლის რწმუნებული „რეზონანსთან" მომხდარის სრულიად სხვა ვერსიას ყვებიან. ატენის მუნიციპალიტეტის რწმუნებული ნუგზარ მძინარაშვილი ამბობს, რომ მოხუცი ავად არის და მსგავსი ბრალდებები მას ოჯახის წევრების მიმართ არა ერთხელ გაუჟღერებია.

მძინარაშვილი გვიყვება, რომ მოხუცი შვილის და შვილიშვილის გარდა ქურდობას რძალს და სხვა შვილიშვილებსაც აბრალებდა. როგორც რწმუნებული ამბობს, საუბარი, სვარაუდოდ, 150 ლარს შეეხებოდა, რომელიც მოხუცმა სახლში ვეღარ იპოვა და ამის შემდეგ, პოლიციასაც თავად დაურეკა.

მისივე განცხადებით, მოხუცს მენტალური პრობლემები 2008 წელს დაეწყო, მას შემდეგ, რაც მისი მეორე ვაჟი, რომელიც სამხედრო იყო, 2008 წლის ომში დაეღუპა.

რწმუნებული აცხადებს, რომ მას მახსოვრობასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები აქვს და სახლიდან გასული ბევრჯერ დაკარგულა. შესაბამისად, მისთვის გაუგებარია ვისი ჩვენების საფუძველზე მოხდა ბიძა-ძმიშვილის დაკავება.

„ყველა გაკვირვებულები ვართ, არანაირი ცემის ფაქტი არ ყოფილია. არ ვიცი შსს-ში ამას რაზე და ვისზე დაყრდნობით აცხადებენ. ის, როგორც ვიცი, ქურდობას ადრე ოჯახის ყველა წევრს აბრალებდა. ხან რძალზე ამბობდა მქურდავსო და ხანაც შვილიშვილებს ადანაშაულებდა.

„როგორც ამბობენ, საუბარია 150 ლარზე, რომელიც თავადვე სადღაც დამალა და ვეღა იპოვა. სამწუხაროდ მოხუცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სავალალოა და 2008 წლის ომში შვილის დაღუპვის შემდეგ ის ცუდად არის. ყოფილა შემთხვევები, როდესაც სახლიდანაც წასულა და დაკარგულა. ჩემთანაც პირადად ბევრჯერ მოსულა და რაღაც დაფინანსებებს მთხოვდა. მთელი დღე ასე ფეხით დადის და სახლში ვერ აჩერებენ.

„არ ვიცი მისი ჩვენება პოლიციას რამდენად გამოადგება, რადგანაც მიხვდებოდნენ, რომ ადამიანი ცუდად არის. ხან ამბობს, რომ 980 ლარი მომპარეს და ხანაც 700 ლარიო", - აცხადებს სოფლის რწმუნებული „რეზონანსთან".

სოფლის რწმუნებულის მსგავს ინფორმციას ყვებიან მოხუცის მეზობლებიც. მათი ცნობით, ავადმყოფობის გამო მოხუცი მეხსიერებას ხშირად კარგავს და მისი ბრალდებები ფულის მოპარვაზე სარწმუნო არ არის.

მეზობლები დაკავებულ ბიძა-დისშვილს დადებითად ახასიათებენ და მათთვის უცნობია, რა გახდა დაკავების მიზეზი. მეზობლები კატეგორიულად გამორიცხავენ ფაქტს, რომ მოხუცს ამდენი თანხა ჰქონოდა. მათი აზრით, საუბარი 150 ლარს ეხება, რომელიც მან თავადვე დამალა და ვეღარ პოულობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×