(რეზონანსი) სოციალური ქსელის მომხმარებელი ზაირა მიქატაძე ფეისბუკის პირად გვერდზე ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:
1993 წლის 22 სექტემბერი - დღე, რომელსაც 25 წელია, ვიხსენებთ, არა თვალთმაქცურად, არა სამსახურებრივი მოვალეობის გამო, არამედ იგი ჩვენშია, ჩვენთან ერთად მოდის, ჩვენი ცხოვრებაა.
ყოველ წელიწადს ჩვენ, 22 სექტემბრით ტკივილიანი ადამიანები "ღობის ძირში" ვდგავართ, რადგანაც გამოსაჩენ ადგილს ბრტყელ-ბრტყელ სიტყვათა მთქმელებისთვის გვათმობინებენ. რომლებსაც, როგორც კი შეიცვლებიან, მერე ვეღარავინ ნახავს ვერც მემორიალებთან და ვერც ძმათა საფლავებზე. მე კი იმ თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებთან ერთად, რომლებმაც წუხელ 22 სექტემბერს ღამე გავუთენეთ, კვლავ "ღობის ძირში" ვდგავარ და ვფიქრობ... ვფიქრობ იმ დღეებზე, ჩალაგებული ზურგჩანთა რომ სასთუმალთან მედო და სადესანტო-მოიერიშე ბატალიონის მეომრების ზარს ველოდებოდი.
ვფიქრობ ვასკაზე, ჩვენს ვასიკო ჭიჭიაშვილზე, რომელსაც უნდა გავყოლოდი აფხაზეთის ომში. განგებამ ასე ინება და ავცდი. ვასკა თვითმფრინავში ჩაიწვა. დღეს ის გმირია, მე კი ისევ "ღობის ძირში" ვდგავარ და ჩემს დარჩენილ სიცოცხლეს საყვედურის თვალებით ვუცქერ, რადგანაც ერთ დროს ჩემმა წილმა სიკვდილმა დაიგვიანა!!!
21 წლის ლილი თაკვარელია, შინაგანი ჯარის სპეცდანიშნულების პოლკის მებრძოლი
ეს სილამაზე 1993 წლის 22 სექტემბერს, ბაბუშერას აეროპორტში, აფეთქებულ თვითმფრინავში ჩაიწვა.
ლილი აფხაზეთში მიფრინავდა. სასიკვდილოდ განწირულ ქართველ მეომრებს უნდა მიშველებოდა.
იცოდა, რომ სიკვდილის მახეში მოხვდებოდა, რადგანაც განახლებულ ომში, მძიმე ტექნიკის გარეშე დარჩენილ ჯართან ერთად, კბილებამდე შეიარაღებულ მტერს უნდა შებმოდა.
სამწუხაროდ, ამ გოგონას შესახებ არაფერი ისწავლება სკოლებში. მომავალმა თაობამ მისი სახელი არ იცის" - წერს ზაირა მიქატაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე