ეროვნული ბანკიდან მურთაზ კიკორიას წასვლის რეალური მიზეზი ბუნდოვანია. ამ ეტაპზე მხოლოდ ვერსიებზე საუბრობენ და განიხილავენ რამდენიმე მიზეზს, რის გამოც შეიძლება კიკორია ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის სავარძელს შელეოდა. არსებობს მოსაზრება, რომ მისი გადაწყვეტილება ახალ რეგულაციებს უკავშირდება. გარკვეულმა ძალებმა ეს ადგილი სხვა, მათთვის ბევრად უფრო მისაღები პიროვნებისთვის გამოათავისუფლეს.
სავარაუდოდ, კიკორიას წასვლა ბანკების საქმიანობაზე ნეგატიურად აისახება, რამდენადაც მათ ეროვნულ ბანკში ლობი დაკარგეს. საკმაოდ არგუმენტირებულია ვერსიაც, თითქოს მისი ეროვნული ბანკიდან წასვლა რეგულაციების ახალ დოკუმენტს უკავშირდება.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელ ბესიკ შენგელიას ინფორმაციით, არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მურთაზ კიკორიამ სებ-ი ახალი რეგულაციების გამო დატოვა.
"ძირითადად სწორედ კიკორია იყო ამ მიმართულების ხელმძღვანელი და მასთან გვქონდა კონსულტაციები. ისიც და საკრედიტო რისკების დეპარტამენტის წარმომადგენლები აანალიზებენ სიტუაციას და მშვენივრად ერკვევიან საკითხში. ოღონდ სამწუხარო ისაა, რომ ძალიან კარგადაც აანალიზებენ, საკითხშიც მშვენივრად ერკვევიან, თუმცა ვიღაცის ახირებას ან დავალებას არიან აყოლილი. პირველ რიგში, ეს არ არის პროფესიონალური მიდგომა საკითხისადმი. ასე რომ, არ გამოვრიცხავ, რომ მათთანაც იყოს შიდა აზრთა სხვადასხვაობა", - განუცხადა "ბიემს" შენგელიამ და დასძინა, რომ მათ რჩებათ განცდა, რომ ეს ყველაფერი თავად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დაკვეთით ხდება.
განსხვავებული მოსაზრება აქვს ექსპერტ ლია ელიავას, რომელიც ფიქრობს, რომ კიკორია მიზანმიმართულად გაათავისუფლეს და ალბათ უკვე ჰყავთ კიდეც მისი შემცვლელი. მისი წასვლით საბანკო სექტორი გავლენას და სასურველი რეგულაციების მიღების შესაძლებლობას დაკარგავს.
"ეროვნული ბანკის შემადგენლობაში კიკორია გამორჩეული იყო. ეს არის ადამიანი მაღალი პროფესიონალიზმით, რომელმაც საბჭოს სხვა წევრებისგან განსხვავებით იცოდა, რა იყო გასაკეთებელი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ვერ გაუძლო ეროვნულ ბანკში არსებულ სიტუაციას, რომელიც არის მძიმე. სხვა მხრივ, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას ასე მარტივად არ ტოვებენ.
რთული სათქმელია, რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ კიკორიას წასვლით სებ-მა ბევრი დაკარგა. ასევე, არ არის გამორიცხული, გარკვეულმა ძალებმა გამოათავისუფლეს ეს ადგილი სხვა, მათთვის ბევრად უფრო მისაღები პიროვნებისთვის და, დიდი ალბათობით, ასეც იქნება, შეიძლება უკვე ჰყავთ მისი შემცვლელი ნაპოვნი.
ვფიქრობ, საბანკო სექტორი დაკარგავს სასურველი რეგულაციების მიღების შესაძლებლობას. თავის დროზე კიკორიამ გადადგა გარკვეული ნაბიჯები საბანკო სექტორის მიმართ, რამაც ბანკების საქმიანობა ბევრად გააადვილა. გარდა ამისა, საბანკო ზედამხედველობის საკითხებში ბანკებს უჭირთ სებ-თან კომუნიკაცია და მომავალში კიდევ უფრო გაუჭირდებათ", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" ელიავამ.
მოსაზრებას, რომ კიკორიას პოსტიდან წასვლა საბანკო რეგულაციებს უკავშირდება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე არ ეთანხმება.
"ბატონმა მურთაზმა თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. მინდა, მადლობა ვუთხრა მას ეროვნულ ბანკში ნაყოფიერი მუშაობისთვის. მისი შემოერთება ბანკში მაშინ მოხდა, როდესაც ბევრი რეფორმა იგეგმებოდა და დიდი წვლილი მიუძღვის ამ რეფორმებში.
არ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ის არ ეთანხმებოდა რომელიმე ზომას ან ნაბიჯს, რომელიც სებ-ში განხორციელდა. თავად შეგიძლიათ შეეკითხოთ. ჩვენი გადაწყვეტილებები შეთანხმებული იყო და ის მუდამ იზიარებდა ამ მოსაზრებებს", - ამბობს გვენეტაძე.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა საცალო დაკრედიტების ინსტრუქციის ახალი დოკუმენტი მიიღეს ეროვნული ბანკისგან, რომლის შინაარსმა, როგორც ბესიკ შენგელია ამბობს, "ინდუსტრია შოკში ჩააგდო". ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ინსტრუქცია ძალიან ხისტია, შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ნორმებს და მისი რეალობაში განხორციელება ძალიან რთული იქნება, რაც მიკროსაფინანსო სექტორს პრობლემებს შეუქმნის.