პლასტიკის პარკების იმპორტი და მოხმარება ეტაპობრივად აიკრძალება. ახალი რეგულაცია 1-ლი ოქტომბრიდან შევა ძალაში, რისი მიზანიც გარემოს დაბინძურების შემცირება და ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ინიციატივების წახალისებაა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ პლასტიკის პარკების მოხმარება მთელი მსოფლიოს გლობალური პრობლემაა და მათ შორისაა საქართველოც. ამის დასაძლევად ჩვენი ქვეყანა პირველ ქმედით ნაბიჯებს დგამს.
2014 წლის მონაცემებით, საქართველოს 1 მოქალაქე წლის განმავლობაში 925 პლასტიკის პარკს მოიხმარდა, როცა განვითარებულ ქვეყნებში, მაგალითად, ირლანდიაში, ნორვეგიაში, ბელგიაში და ევროპის მრავალ ქვეყანაში ეს მაჩვენებელი 10-დან 14 პარკამდეა. გარემოს დაცვის კუთხით ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა დანიაა და იქ ერთი მოქალაქე წელიწადში 4 პლასტიკის პარკს იყენებს, რაც მიგვანიშნებს, რამდენად დიდია ჩვენი მოქალაქეების დამოკიდებულება პლასტიკის პარკებზე, შესაბამისად, ზიანი გარემოზე. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც გარემოს დაბინძურების დონე მაღალია.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი ამბობს, რომ გარემო ყველაზე მეტად სწორედ პლასტიკის პროდუქციით ბინძურდება, განსაკუთრებით ეს ეხება ფართოდ გავრცელებულ ე.წ. პარკებს. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ, მწვანე ეკონომიკისა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის ფარგლებში, მიიღო რეგულაცია, რაც ეტაპობრივად უზრუნველყოფს ერთჯერადი პარკების ხმარებიდან ამოღებას.
"პირველ ეტაპზე 15 მიკრონზე ნაკლები მოცულობის პარკების იმპორტი, წარმოება და მოხმარება იკრძალება. 2019 წლის 1-ლი აპრილიდან კი საერთოდ იკრძალება პლასტიკის პარკების მოხმარება. ამჯერად გარდამავალ პერიოდს ვაწესებთ და მას ვანაცვლებთ ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკებით", - განმარტა ნინო თანდილაშვილმა.
პლასტიკის პარკების მოხმარება დღესდღეობით აბსოლუტურად ყველგან დაშვებულია, რაც განსაკუთრებით საშიშია იმის გამოც, რომ დანიშნულებისამებრ მისი გადამუშავება არ ხდება. სულ მალე კი ისინი ჩანაცვლდება ქაღალდის პარკებით, მრავალჯერადი ტექსტილის ჩანთებით და ა.შ.
"მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ პლასტიკის პარკი, თავისი ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე, არ ექვემდებარება ბიოლოგიურ დეგრადაციას, ხოლო მის დაშლას 100 წელზე მეტი სჭირდება. იგი ხვდება გარემოში და საბოლოოდ იწვევს გარემოს დაბინძურებას. პლასტიკის ნაწარმის მოხმარების ზრდასთან ერთად, პრობლემის მასშტაბებიც მუდმივად მზარდია. არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემაა ისიც, რომ პლასტიკის ნარჩენების სრული გადამუშავება ვერ ხდება.
ჩვენ არ გვაქვს მათი გადამუშავების მეთოდოლოგია, არც ქარხანა და საწარმოები არსებობს, წვის პროცესი კი სრულ შედეგს ვერ იძლევა, რადგან ამ დროს ატმოსფეროში გაიბნევა ისეთი აირები, რომლებიც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სახიფათოა. აქედან გამომდინარე, გადაუდებელი და აუცილებელი იყო, რომ სახელმწიფოს სპეციალური შეზღუდვა დაეწესებინა, რათა ეტაპობრივად შეიზღუდოს ქვეყანაში პლასტიკის პარკების მოხმარება", - განუცხადა "რეზონანსს" მინისტრის მოადგილემ.
რაც შეეხება ბიოდეგრადირებად პარკებს, როგორც წესი, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ძალიან ბევრი ტესტი უნდა გაიარონ და მხოლოდ შემდგომ ხდება მათი მარკირება. საქართველოში ბიოდეგრადირებადი პარკები არ იწარმოება. როგორც ნინო თანდილაშვილი აღნიშნავს, ჩვენთან ძირითადად ოქსოდეგრადირებადი და ოქსობიოდეგრადირებადი პარკებია, თუმცა ოქსობიოდეგრადირებადი პარკები იგივე პლასტიკისგან მზადდება, რომელიც მის მიკრო ფრაგმენტებად დაშლას უწყობს ხელს, მაგრამ სრულად დეგრადაცია არ ხდება.
"შეიძლება ითქვას, რომ ისიც პლასტიკისგან არის დამზადებული, მაგრამ გაცილებით ნაკლები ზიანის მომტანია გარემოსთვის და ამ თვალსაზრისით მისი გამოყენება ევროპულ ქვეყნებშიც ნებადართულია.
ჩვენი მთავარი გამოწვევაა, რომ პლასტიკის პარკების მოხმარება შეიზღუდოს, შემდეგში კი - სრულად აიკრძალოს, რითაც საგრძნობლად წავახალისებთ მწვანე ეკონომიკისა და გარემოსდაცვით პოლიტიკას, რაც საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია", - აღნიშნავს ნინო თანდილაშვილი და დასძენს, რომ პოლიეთილენის პარკების იმპორტსა და მოხმარებაზე დაწესდება მკაცრი სანქციები და, შესაბამისად, კონტროლიც უმკაცრესი იქნება.
"ახალი რეგულაციით, პოლიეთილენის პარკების გამოყენება ჯარიმით დაისჯება. თუკი ვნახავთ, რომ ამ პროდუქციის წარმოება, იმპორტი ან მოხმარება ხდება, კანონდამრღვევს დაეკისრება ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 1000 ლარის გადახდა მოუწევს.
რეგულაციის ამოქმედებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ზედამხედველობა გაძლიერდეს, რაც ეხება საბაჟო სამსახურებს, მუნიციპალიტეტებს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზედამხედველობის დეპარტამენტს. ამისთვის არის მოწყობილობა, მიმდინარეობს კადრების აღჭურვა შესაბამისი ტექნიკით. ნებისმიერ გამოვლენილ ფაქტზე რეაგირება იქნება უმკაცრესი", - აცხადებს ნინო თანდილაშვილი.
2018 წლის 1 ოქტომბრიდან იკრძალება 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია.
2019 წლის პირველი აპრილიდან კი აიკრძალება ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია. ახლო მომავალში მხოლოდ ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია იქნება დაშვებული.
(ბისნესპრესი)