ეროვნული ბანკი ლარს ხელოვნურად აუფასურებს. უცნობია, სებ-ი რა პრინციპით ხელმძღვანელობს, როცა ბაზარს დოლარის საჭირო მასას აცლის და ლარის გაუფასურებისკენ მიზანმიმართულად უბიძგებს. ფინანსისტები ამბობენ, რომ ცენტრალური ბანკი მცოცავი გაუფასურების გზას ადგას და ამით მოსახლეობა მორიგი მძიმე დარტყმის ქვეშაა.
იმის ნაცვლად, რომ კურსის ვარდნის პროცესი შეაჩეროს და შესაბამისი ზომები მიიღოს, სებ-ი არაადეკვატურ გადაწყვეტილებებს იღებს. ვითარებას ამძიმებს ისიც, რომ ლარის კურსზე სპეკულაციური ფაქტორის გავლენაც იგრძნობა. გაუფასურება მოსახლეობის ცხოვრების დონეზე უმძიმესად აისახება, რადგან სწორედ ლარის კურსს უკავშირდება საწვავსა და საკვებზე, განსაკუთრებით კი პურზე ფასის ზრდა, რაც სოციალურ ფონს უკიდურესად ამძიმებს.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში სებ-მა 15 მილიონი დოლარი ამოიღო, როცა, პირიქით, ბაზრისთვის დოლარი უნდა მიეწოდებინა. შედეგიც შესაბამისია - დღეს კურსი 2,63-მდე მივიდა. კარგა ხანია, რაც ეს ნიშნული ბიუჯეტში დაგეგმილ მაჩვენებელს (2,50) გადასცდა.
დიდი მცდელობის მიუხედავად, კითხვას - თუ რა პრინციპით ახდენს ეროვნული ბანკი დოლარში შესყიდვას, უწყებაში არ უპასუხეს. როგორც ყოველთვის, გვენეტაძის უწყება "რეზონანსის" კითხვებს თავს არიდებს. მათთვის უსიამოვნო თემებზე საუბარს სირაქლემას პოზა ურჩევნიათ. გუშინ გამართულ ბრიფინგზე კი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ლარის თემას გაკვრით შეეხო.
"ბოლო პერიოდში, რეგიონში განვითარებული მოვლენების ფონზე, გაიზარდა მაკროეკონომიკური და ფინანსური რისკების ადგილობრივ ეკონომიკაზე გადმოცემის საშიშროება, რამაც გარკვეულწილად ადგილობრივ ფინანსურ ბაზრებზე მერყეობა გაზარდა. ეროვნული ბანკი ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს და ფინანსური სისტემის მდგრადობის უზრუნველსაყოფად თანმიმდევრულ პოლიტიკას ატარებს", - განაცხადა გვენეტაძემ.
სებ-ის ჩარევას სავალუტო ბაზარზე ანალოგიური მოსაზრებით ხსნის ახალგაზრდა ფინანსისტი, "საზოგადოება და ბანკების" წარმომადგენელი ანი ალიბეგაშვილი, რომლის შეფასებითაც, სებ-ის ინტერვენციები რეგიონული ვალუტების, კერძოდ, თურქული ვალუტის ფაქტორს უკავშირდება.
"სებ-ი უყურებს სხვადასხვა პარამეტრს. ამ შემთხვევაში მოკლევადიან პერიოდშიც მისი გადაწყვეტილება დამყარებული იყო სავაჭრო პარტნიორებზე, კერძოდ, მნიშვნელოვანი პოზიცია ითამაშა თურქეთში მიმდინარე პროცესმა. ჩემი აზრით, ერთ-ერთი გამომწვევი ფაქტორი იყო ლირის გაუფასურება. შესაბამისად, ტრენდი თუ იქნებოდა გაუფასურების, ჩვენს ბაზარზე ამ თანხის შესყიდვა მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენდა.
რა თქმა უნდა, სებ-ის ინტერვენციის განუხორციელებლობის შემთხვევაში შესაძლებელი იყო, რომ ლარი მცირედით გამყარებულიყო, მაგრამ ეს არ იქნებოდა ისეთი, რომ სებ-ის მიერ გადადგმულ ნაბიჯს სერიოზული ზიანი მიეყენებინა. შესაბამისად, იმ მოსაზრებას, რომ ერთი ტრანზაქციით გამყარების პროცესს ხელი შეეშალა, ვერ დავეთანხმები.
გარდა ამისა, ერთ-ერთი ფაქტორი ტურისტულ სეზონს უკავშირდება და ესეც მნიშვნელოვანია. ტურისტული სეზონი უკვე დასასრულს უახლოვდება. იგი ჭარბი ვალუტის შემოდინების ერთ-ერთი წყარო იყო და დღეს ამ თანხის სარეზერვო გადათამაშება მიდის", - ამბობს ალიბეგაშვილი.
აბსოლუტურად განსხვავებული პოზიციისაა ფინანსისტი ირაკლი ბერძენაძე, რომელიც აცხადებს, რომ ლარზე დიდია ხელოვნურად ჩარევის მცდელობა, როცა არასწორ დროს არასწორ ინტერვენციებს ახორციელებენ.
"ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი არის დოლარის ნაკლებობა ეკონომიკაში, რაც გამოწვეულია იმით, რომ ექსპორტი შემცირებულია, ინვესტიციები შეფერხდა და გზავნილების მოცულობაც არ არის შესამჩნევად გაზრდილი. რეალურად, ჩვენი ეკონომიკა განიცდის დოლარის დეფიციტს, შესაბამისად, ძვირდება ეს ვალუტა და ლარი უფასურდება. ამ პროცესს ისიც ემატება, რომ კურსზე მიზანმიმართულად ხდება ხელოვნური ჩარევა და ამით ქვეყანა ზარალდება", - აცხადებს ბერძენაძე და დასძენს, რომ სამომავლოდ, თუკი სპეკულაციური რისკი გაიზარდა და რეგიონში არასახარბიელო ტენდენცია წავა, ლარის კურსი 2,72-ს გასცდება.
"დღეს ჩვენ ვართ ისეთ რეალობაში, როცა ეკონომიკა ძალიან მძიმე დღეშია. ყველაფერს ართულებს ისიც, რომ კომერციული ბანკების მონაწილეობით ლარზე სპეკულაცია გრძელდება. "ბლუმბერგის" დინამიკას თუ გადავხედავთ, საკმაოდ დიდია ცვლილება კურსზე, რაც გვაფიქრებინებს, რომ ლარზე სპეკულაციური ფაქტორიც მოქმედებს", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" ბერძენაძე.
ფინანსისტების ნაწილი იმასაც ამბობს, რომ ქვეყანა ლარის კატასტროფულ გაუფასურებას გადაურჩა და უკვე მომდევნო წლიდან მისი გამყარების ახალი ტენდენცია ჩამოყალიბდება. ამ თვალსაზრისით, სებ-ის ქმედება ფინანსისტ ნიკა შენგელიასთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
"ლარის კურსი დეკემბრის ბოლომდე არის გაუფასურების რეჟიმში, სავალუტო რეზერვები მინიმუმამდეა დასული და, რა თქმა უნდა, სებ-ი იზღვევს თავს და შესყიდვას ახდენს უცხოურ ვალუტაში. ასე რომ, დოლარის გამყარება კიდევ მოსალოდნელია. თურქულ ლირას და რუსულ რუბლს თავიანთი გასაჭირი აქვთ! სწორი პოლიტიკაა იმ მხრივ, რომ ბაზრიდან დოლარს იღებენ. ეს რომ არ გაკეთდეს, ლარის კურსი ახლო მომავალში ნახტომისებრ გაუფასურდება. ამის გამო იძულებულია ეროვნული ბანკი, რომ ზომები მიიღოს.
ამ ინტერვენციის შედეგად ხერხდება, რომ ლარი ნელ-ნელა გაუფასურდეს, როგორც ჩვენ რამდენიმე თვის წინ ვივარაუდეთ. ეს რომ არ გააკეთოს სებ-მა, ლარი უფრო სწრაფად და კატასტროფულად გაუფასურდება. ველოდებით, რომ წლის ბოლომდე კურსი ნელ-ნელა 2,72-მდე მივა, რის შემდეგაც გამყარების პროცესი დაიწყება, სავარაუდოდ, 2019 წლის 5 იანვრის შემდეგ", - ვარაუდობს შენგელია.
ფინანსისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი, რომელიც ეროვნული ბანკის კრიტიკით გამოირჩევა, დღეს აცხადებს, რომ მისი ინტერვენცია მისაღებია, თუმცა ხშირად ცალმხრივი, რის გამოც ბაზარზე არაჯანსაღი ვითარებაა შექმნილი.
"ეროვნული ბანკი მოქნილი სავალუტო პოლიტიკით არ გამოირჩევა, მათ შორის "ბლუმბერგის" სისტემაში. მისი ქმედება არაეფექტურია წარმოდგენილ სავაჭრო სივრცეში, თუმცა, საერთოდ, სებ-ის ვალდებულებებში და სავალუტო ფონდის რეკომენდაციებში დასაშვებია დოზირებული ინტერვენციების განხორციელება, რათა მკვეთრი ცვლილება არ მოხდეს.
გარდა ამისა, აუცილებელია, სებ-მა შეარბილოს შესაძლო მერყეობა და დოლარიც გაყიდოს, როცა ამის საჭიროებაა. აქამდე ის მხოლოდ ცალმხრივ ინტერვენციებს ახორციელებდა, რაც არ არის სწორი. დღესდღეობით კი ლარზე მოთხოვნის გაჩენა სწორედ რეგულაციით არის განპირობებული.
ამ ეტაპზე მისი ქმედება სწორია, მაგრამ შემდგომი ნაბიჯები უნდა იყოს დოზირებული. ჩარევა როგორც ლარის, ასევე დოლარის ემისიების თვალსაზრისით, რაც ორმხრივად უნდა მოხდეს. ვნახოთ, შემდეგ როგორი ტენდენცია ჩამოყალიბდება, რათა უფრო თამამი შეფასება შეგვეძლოს სებ-ის მიერ განხორციელებულ ინტერვენციებთან დაკავშირებით", - ამბობს "ბიზნეს-რეზონანსთან" ხომიზურაშვილი.