პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და პარლამენტს შორის უკვე ტრადიციად ქცეული პოლემიკა გრძელდება. ამჯერად, საკითხი ეხება „იმპიჩმენტის შესახებ“ კანონის გაუქმებას და ახლა უკვე ცალკე კანონის ნაცვლად იმპიჩმენტის პროცედურებს პარლამენტის რეგლამენტი დაარეგულირებს. ამ ცვლილებას გიორგი მარგველაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. პარლამენტის სპიკერი აცხადებს, რომ ცვლილება მხოლოდ ტექნიკურია, `კანონის რანგი რჩება იგივე და საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებაც რჩება ზუსტად იგივე~.
თუმცა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ ცვლილება მიზანშეუწონელია.
„ჩვენ არ მიგვაჩნია ამგვარი ცვლილება მიზანშეწონილად იმიტომ, რომ იმპიჩმენტი თავისი ბუნებით არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ ასევე პოლიტიკური ინსტრუმენტია, ის შეიძლება შეეხოს უმაღლესი თანამდებობის პირებს, არის საკმაოდ სენსიტიური საკითხების მომწესრიგებელი თემა.
„მიზანშეწონილი იყო, რომ ეს საკითხები ყოფილიყო დარეგულირებული კვლავ სპეციალური კანონით იმის გათვალისწინებითაც, რომ იმპიჩმენტის განხორციელებას სჭირდება არამხოლოდ პარლამენტის მონაწილეობა, არამედ ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს ჩართულობა. მისი განხორციელება მხოლოდ ერთი ინსტიტუტის მონაწილეობას არ ითვალისწინებს“, - აღნიშნავს ანა ნაცვლიშვილი.
კონსტიტუციონალისტი ავთანდილ დემეტრაშვილის შეფასებით, „იმპიჩმენტის შესახებ“ კანონის გაუქმება და იმპიჩმენტის საკითხის პარლამენტის რეგლამენტით დარეგულირება არაფერს ცვლის, მთავარია ის, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში იმპიჩმენტის პროცედურა გამარტივებული არ არის, ისევ ისეა შენარჩუნებული, როგორც დღეს მოქმედ რედაქციაში.
უფრო მეტიც, გაფართოვდა წრე და ჩამონათვალს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებიც დაემატა.
„კონსტიტუციის ახალ რედაქციაში სერიოზული ცვლილება იმპიჩმენტთან დაკავშირებით არ არის. უბრალოდ, იყო 3 მუხლი, ახლა 1 მუხლია.
„არის კიდევ ერთი ცვლილება - მოქმედ რედაქციაში იყო მითითება, რომ კანონი „იმპიჩმენტის შესახებ“ არეგულირებს პროცედურას და ეს მითითება აღარ არის. ამის შესაბამისად გაუქმდა კანონი და პროცედურა გადავიდა პარლამენტის რეგლამენტში. „კონსტიტუციაში სუბიექტი იგივეა, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება შეუძლია პარლამენტის სრული შემადგენლობის 1/3-ს. საბოლოო გადაწყვეტილებაც იგივეა. პრეზიდენტზე 2/3-ით უნდა გადაწყდეს, მას შემდეგ რაც პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას მიიღებს, რომ მის ქმედებაში არის დარღვეული კონსტიტუცია, ან არის დანაშაულის ნიშნებია. ვადებიც იგივეა.
„გაფართოვებულია ობიექტის წრე, ანუ ვისზეც არის მიმართული. არა მხოლოდ პრეზიდენტის და მთავრობის მეთაურის, გენერალური პროკურორის და გენერალური აუდიტორის წინააღმდეგ, არამედ მთავრობის წევრების და უზენაესი სასამართლო მოსამართლეების, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრების იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენებაც შეიძლება და პრეზიდენტის გარდა სხვა თანამდებობის პირების შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა სრული შემადგენლობის უმრავლესობის თანხმობა,“ - ამბობს დემეტრაშვილი.
მისი თქმით, პარლამენტი თავის რეგლამენტში დაარეგულირებს იმ საკითხებს, რაც მას ეხება, ხოლო საკონსტიტუციო სასამართლოს თავისი კანონი აქვს, საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ, სადაც ეს პროცედურაა გაწერილი.
„ვეთანხმები განცხადებას, რომ „იმპიჩმენტის შესახებ“ კანონის გაუქმებით საგანგაშო არაფერია, ვინაიდან იმპიჩმენტის პროცედურის თითქმის ყველა დეტალი გაწერილია ახალ რედაქციაში,“ - დასძენს დემეტრაშვილი.