გარდაბანში 20 წლის მამაკაცს არასრულწლოვანი ცოლის ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებენ. გოგონას ოჯახი კი ამტკიცებს, რომ ქმარს ცოლის მოკვლა აგურით სურდა. მათი ინფორმაციით, მან განზრახვა სისრულეში მხოლოდ იმიტომ ვერ მოიყვანა, რომ გოგონას კივილზე მეზობლები შეცვივდნენ და აგური წაართვეს. გოგონა კი ფიზიკური დაზიანებებით მისმა ოჯახმა წაიყვანა და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
დაზარალებული ქალის ოჯახში ამბობენ, რომ ქმრის მხრიდან ცოლზე ძალადობის ეს პირველი შემთხვევა არ არის და იგი ძალადობის მსხვერპლი არა მხოლოდ ქმრის, არამედ მისი მშობლებისგანაც გამხდარა. ისინი ქმრის მშობლებსაც ადანაშაულებს, რომლებიც შვილის დანაშაულს მალავდნენ, გოგონას კი ემუქრებოდნენ, რომ ოჯახისთვის არაფერი ეთქვა.
"არა მხოლოდ ბიჭი, მთელი ოჯახი დასაჭერია. რაც მას ცოლად გაჰყვა, იმ დღიდან ჩემს შვილს აწამებენ - სცემენ, აშიმშილებენ და უკიდურეს დღეში ამყოფებენ. შვილის დანაშაულს მშობლები მალავდნენ და ხელს აფარებდნენ. არ უნდოდათ, რომ ჩვენ გაგვეგო. გოგოსაც აშინებდნენ და უშლიდნენ, არაფერი ეთქვა.
"კინაღამ შვილი მომიკლეს. ჯერ უცემია და მერე ეზოში დაგდებული აგური აუღია, მისი თავში ჩარტყმა უნდოდა. ბავშვმა კივილი დაიწყო და მეზობლები შეცვივდნენ. ამის გამო შეეშინდა და ვეღარ ჩაარტყა.
"არ დავუშვებთ, რომ ის გარეთ კვლავ გამოვიდეს, შვილს მომიკლავს. მის მთელი სიმკაცრით დასჯას მოვითხოვთ. ბავშვი შეშინებულია, შოკშია, ლაპარაკიც კი არ შეუძლია", - ამბობს "რეზონანსთან" დაზარალებული გოგონას დედა.
მომხდართან დაკავშირებით ბრალდებული ბიჭის მეზობლები ყვებიან, რომ ოჯახში კონფლიქტი ხშირი ყოფილა, მაგრამ გოგონა გარეთ ამ თემაზე არ საუბრობდა. მათ ჩხუბის ხმა არაერთხელ გაუგონიათ, თუმცა სხვისი ოჯახის საქმეში ჩარევა არასწორად მიაჩნდათ.
რაც შეეხება კონკრეტული ცემის ფაქტს, რის გამოც მამაკაცი დააკავეს, ადგილობრივები ამბობენ, რომ ამჯერად სიტუაცია საკმაოდ რთულად იყო, თუმცა მედიასთან დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებენ. ამბობენ, რომ არიან თვითმხილველები, რომლებმაც გამოძიებას ჩვენება უკვე მისცეს და მტყუან-მართალს პოლიცია გაარკვევს.
ბრალდებული ბიჭის ოჯახი კომენტარზე უარს ამბობს.
"რეზონანსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მამაკაცი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახურ ძალადობას გულისხმობს.