ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის საამებლად სანქციების დაწესების წესის შეცვლას ცდილობს
ეკატერინე ბასილაია
25.09.2018

 რუსეთი ევროსაბჭოში, სადაც 4 წელზე მეტია, მის დელეგაციას ხმის უფლება აქვს ჩამორთმეული, ერთგვარად ტრიუმფით დაბრუნებას გეგმავს - სანქციებისა და ყოველგვარი წინაპირობების შესრულების გარეშე. საუბარია რუსეთის მოთხოვნით უკვე ინიცირებულ რეზოლუციის პროექტზე, რომლის თანახმად, სანქციების დაწესების წესი უნდა შეიცვალოს - თუკი მოქმედი წესით სანქციების შემოსაღებად ხმათა უმრავლესობაა საჭირო, ახალი წესით სანქციის დაწესება რთულდება და ამისთვის ხმათა 2/3 უნდა მოგროვდეს, რაც, პრაქტიკულად, შეუძლებელს ხდის რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ადრე დაწესებული სანქციების შენარჩუნებას, ან ახლის დაწესებას.

რუსეთი მხოლოდ ასეთი პირობითაა თანახმა, ევროპის საბჭოს ბიუჯეტში გადასახადი გადაიხადოს, რაც არცთუ მცირე თანხაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსკოვი ევროპის საბჭოს დატოვებითაც იმუქრება.

მიუხედავად იმისა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ეჭვგარეშე იცის მიზეზები და მოტივი, რატომ ხდება სანქციის დაწესების წესის გადახედვა, ასამბლეაზე აგრძელებენ პოზის მიღებას, რომ რუსეთი აქ არაფერ შუაშია და 4-გვერდიან დოკუმენტში ვერ მოძებნით ვერც ერთ წინადადებას, სადაც ნახსენებია ან რუსეთი, ან ევროპის საბჭოს საბიუჯეტო კრიზისი.

ეს პროექტი პარიზში გასულ ხუთშაბათს ასამბლეის საპროცედურო კომიტეტის სხდომაზე დამტკიცდა, მიუხედავად უკრაინული დელეგაციის დიდი წინააღმდეგობისა. უკრაინელებმა მის ჩასაგდებად საკმარისი ხმების მოგროვება ვერ შეძლეს. რუსეთი კი მაინც უკმაყოფილოა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მისი მომხრე დეპუტატების გასაკვირადაც და სწორედ ამ პროექტის მიღების შემდეგ მოსკოვიდან კიდევ ერთხელ გაისმა განცხადება, რომ მოსკოვი ევროპის საბჭოს დატოვების შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს.

კანონპროექტის განხილვა 9 ოქტომბერს სესიაზე უნდა მოხდეს. თუკი რუსეთის სურვილი დაკმაყოფილდება და სანქციების დაწესებისთვის ხმების 2/3 დამტკიცდება, ეს უკვე ნიშნავს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება შეუძლებელი გახდება. მოსკოვი მხარდამჭერ 1/3 ხმებს მარტივად მოაგროვებს იმ ქვეყნების დელეგაციების დახმარებით, რომლებზეც გავლენა აქვს, რათა მისი საწინააღმდეგო წინადადებები დაბლოკოს. ასეთ ქვეყნებად ითვლებიან, მაგალითად, სომხეთი და სერბეთი. ეს შედეგი კი, ექსპერტების თქმით, ევროპის საბჭოს პოლიტიკოსების მხრიდან საკუთარ პრინციპებზე უარის თქმა და რუსეთის ტრიუმფით დაბრუნება იქნება.

საგულისხმოა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იყო პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქცია შემოიღო და 2014 წლის გაზაფხულზე ასამბლეაზე რუსეთს ხმის უფლება ჩამოერთვა.

2016 წლიდან რუსეთმა შეწყვიტა დელეგაციის გაგზავნა სტრასბურგში, რადგან მას ხმა არ გააჩნდა. 2016 წლის ოქტომბერში ასამბლეამ რუსეთზე დაკისრებული სანქციის შერბილების გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსკოვი ასამბლეის წინა გადაწყვეტილებებს შეასრულებდა.

წლებია, რუსეთის მხრიდან პერიოდულად ისმის მუქარა, რომ ევროსაბჭოს დატოვებს, ასევე, წლებია, რუსეთს ორგანიზაციაში ქვეყნებისთვის დაწესებული შენატანი არ შეაქვს. ორგანიზაციას კი ფინანსური კრიზისი აქვს და ახლა რუსული ფული ძალიან სჭირდება.

პოლიტილოგების შეფასებით, რუსეთის ახალი მუქარა, რომ დატოვებს ევროსაბჭოს, ჩვეულებრივი, მოსკოვისთვის დამახასიათებელი შანტაჟია, რათა კიდევ უფრო მეტი ხმა მოიპოვოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რუსების "პატიების" შესახებ გადაწყვეტილებაში.

"ბევრი ქვეყანაა ამგვარი შანტაჟის მიმართ მგრძნობიარე. ამიტომ მიდის დიპლომატიური შანტაჟი. არც რუსეთს აძლევს ხელს გასვლა და არც ევროპის ქვეყნებს - რუსეთი გააგდონ, ამით შესუსტდება ევროპის საბჭოს გავლენა რუსეთზე," - აცხადებს "რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.

მისი თქმით, ძალიან ცუდი ფაქტი იქნება, თუ რუსეთი თავისას გაიტანს და სანქციების დაწესების წესი შეიცვლება, რადგან ამის შემდეგ რუსეთს არ გაუჭირდება, 1/3 ხმები მოაგროვოს და ჩააგდოს ნებისმიერი მისი საწინააღმდეგო წინადადება, რომ არ დაისაჯოს თავისი ქმედებებისთვის.

"არ ვიცი, როგორ მოხდება. შესაძლოა, საბოლოო ჯამში, ეს გადაწყვეტილება მიიღონ და რუსეთს აღუდგეს ხმა. მნიშვნელოვანი საკითხია, ამით რუსეთს რამდენად მიეცემა კარტ-ბლანში. თავისთავად მეტად თავდაჯერებულად იგრძნობს თავს, მაგრამ მაშინ სხვა ქვეყნების პოზიციაც ალბათ უფრო გახისტდება, რომ 1/3 ხმების მოგროვება გაუჭირდეს.

"თუმცა როგორც კი ეს კანონპროექტი დამტკიცდება, რუსეთი ხელახლა გაიტანს კენჭისყრაზე, გაგრძელდეს თუ არა მისი დელეგაციის ხმის უფლების წართმევა და აქვს შანსი, სანქციის გაგრძელების საწინააღმდეგო 1/3 ხმა მოაგროვოს", - მიიჩნევს გოგოლაშვილი.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრ თინა ბოკუჩავას განცხადებით, შიდა დინებები ყოველთვის არის და რუსეთი ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციაში თუ ფორუმზე ყოველთვის ცდილობს ხმების სათავისოდ მანიპულაციას, ეს ხრიკები კი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის სიახლე არ არის და დარწმუნებულია, ამ შემთხვევაში გაიმარჯვებს თავისუფალი სამყაროს ნება, რომ პუტინის რეჟიმზე სანქციების დაწესება გაგრძელდეს.

"სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეუერთდეს ცივილიზებულ სამყაროს პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაში, თუმცა ღიად პრორუსული პოლიტიკის გატარება უჭირთ ხოლმე. ცალკეულ ნაბიჯებს თუ არ ჩავთვლით, სხვა შემთხვევაში ცდილობენ, პროდასავლურობის გარკვეული შირმა შეინარჩუნონ. ამიტომ შესაძლებელია, რომ ამ კენჭისყრაში რუსეთის პოლიტიკა არ გაიზიარონ," - ამბობს ბოკუჩავა.

"ქართული ოცნების" წევრი ნინო გოგუაძე, რომელიც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საპროცედურო კომიტეტის წევრიცაა, აცხადებს, რომ მათ ამ რეზოლუციის პროექტისათვის, რა თქმა უნდა, მხარი არ დაუჭერიათ. მას იმედი აქვს, რომ 9 ოქტომბერს სესიაზე ამ საკითხს დიდი განხილვა მოჰყვება და ცვლილება არ დამტკიცდება.

"რა კონტექსტშიც დაიბადა ეს საკითხი, გაჩნდა განცდა, რომ შესაძლოა, რუსეთისთვის ყოფილიყო გამარტივებული პროცედურა იმისთვის, რომ უფრო გაადვილებოდა ევროსაბჭოში დაბრუნება. ამიტომ ჩვენი დელეგაციის პოზიციაა, რომ შესწორება არ უნდა შევიდეს საპროცედურო წესებში, რომელიც სულ მცირედით მაინც გააადვილებდა იმ პროცესს, რომ რუსეთი დაბრუნებულიყო ევროსაბჭოში იმ პირობების შესრულების გარეშე, რომელი პირობებიც მას დაუწესა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ.

"არ მაქვს მოლოდინი, რომ ევროსაბჭო ისეთ წესებს დაუჭერს მხარს, პროცედურების ისეთ გამარტივებას, რომელიც უპირობოდ დააბრუნებს რუსეთს ევროსაბჭოში. ყველაფერი დამოკიდებულია ევროსაბჭოზე, საპარლამენტო ასამბლეაზე და ნამდვილად იქნება ეს დიდი განხილვის თემა ოქტომბრის სესიაზე.

"რაც შეეხება საპროცედურო კომიტეტზე გატანას, ეს კომიტეტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომიტეტია, მაგრამ ის მაინც პროცედურულ ჭრილში უყურებს საკითხს, ასამბლეა კი ამას უფრო დიდ კონტექსტში შეაფასებს და შეაფასებს არა მხოლოდ როგორც პროცედურას, არამედ მიიღებს, რასაც რეალურად ჰქვია - ეს არის მცდელობა, რომ პროცედურული საშუალებებით გადაწყვიტო, რაღაც რეაგირება მოახდინო დიდ პოლიტიკურ საკითხებზე. ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ევროპული ქვეყნები რუსეთის უპირობო დაბრუნებას დაუჭერენ მხარს", - ამბობს გოგუაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×