ელზა პაპოშვილი
25.09.2018

 შეიწყალებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი ვანო მერაბიშვილს - ეს კითხვა მას შემდეგ აქტუალურია, რაც ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. "რეზონანსი" პრეზიდენტის პოზიციის გასარკვევად მის ადმინისტრაციას დაუკავშირდა. მარგველაშვილის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ამ თემაზე კომენტარს პრეზიდენტი არ აკეთებს. შესაბამისად, კვლავ უცნობი რჩება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო განიხილება თუ არა ექსპრემიერის შეწყალების საკითხი.

"რეზონანსთან" მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი აცხადებს, რომ თავად ვანო მერაბიშვილი, როგორც უნდა დამძიმდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, არ აპირებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით მიმართოს. მიუხედავად ამისა, ადვოკატი ამბობს, რომ მარგველაშვილს კონსტიტუცია აძლევს იმის საშუალებას, რომ განცხადების გარეშეც, საკუთარი სურვილით შეიწყალოს იგი.

შეწყალების კომისიის წევრებისა და გიორგი მარგველაშვილის პოზიცია უცნობია, ისინი კომენტარს არ აკეთებენ. რაც შეეხება ტექნიკურ დეტალებს, იურისტები "რეზონანსთან" განმარტავენ, რომ მერაბიშვილის შეწყალების პროცედურის დროში მოსწრება კომისიისა და მარგველაშვილის პირადი საკითხია. კონსტიტუცია პრეზიდენტს შეწყალების ვადას და დროს არ უსაზღვრავს და ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. მარგველაშვილს ნებისმიერ დროს, მიზეზის დასახელების გარეშე, კომისიის წევრებთან ერთად, შეუძლია, მერაბიშვილის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღოს.

ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშია" გიორგი მარგველაშვილს მიმართავს და მოუწოდებს, თავისი საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე შეიწყალოს ვანო მერაბიშვილი.

მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ 15 აგვისტოდან ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე მძიმდება. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი #9 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დედაქალაქის სხვადასხვა კლინიკაში გამოსაკვლევად უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში რამდენჯერმე გადაიყვანეს.

ადვოკატი ამბობს, რომ ვიწრო პროფილურ, ყელ-ყურ-ცხვირისა და თვალის, კლინიკებში პაციენტს გამოკვლევა ჩაუტარდა, დიაგნოზიც დაისვა და მკურნალობის შესაბამისი კურსიც დაინიშნა, თუმცა მკურნალობა ყოველ ჯერზე უშედეგო აღმოჩნდა. პაციენტის მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება.

ადვოკატი ვანო მერაბიშვილის სავარაუდო მოწამვლაზე საუბრობს, თუმცა ჩივიაშვილის ვარაუდს, რომ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, შესაძლოა, მიზანმიმართულად წამლავენ, დასაბუთება სჭირდება, ამიტომ დაცვის მხარე ახალი კვლევის ჩატარების მოთხოვნით ციხის ადმინისტრაციას მომდევნო კვირას მიმართავს.

ბოლოს ვანო მერაბიშვილის ჰოსპიტალიზება 12 სექტემბერს გახდა საჭირო. ჩივიაშვილის თქმით, დიაგნოზში წერია, რომ მას სახის მარჯვენა მხარეს ძალიან იშვიათი, საკმაოდ სერიოზული ნევროლოგიური დაავადების - ჰორნერის სინდრომის მომასწავებელი კლინიკური გამოვლინება დაუდგინდა, რაც სახის დამბლას იწვევს. მისი აზრით, ჰორნერის სინდრომი არც იმ ვარაუდს გამორიცხავს, რომ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მიზანმიმართული ინტოქსიკაციის შედეგად უარესდება.

"მიუხედავად მისი ჯანმრთელობის გაუარესებისა, ვანო მერაბიშვილი კატეგორიულად არ აპირებს, საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების მოთხოვნით მიმართოს, თუმცა მარგველაშვილს შეუძლია, საკუთარი სურვილით შეიწყალოს. მას ამის უფლებას კონსტიტუცია აძლევს. ახლა ყველაფერი მის სინდისზეა დამოკიდებული.

"არსებობს საფრთხე, რომ სამარტოვო კამერაში მყოფი მერაბიშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. მისი გათავისუფლება სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგაც შეეძლოთ. რამდენად შეძლებს კიდევ ციხეში გაძლებას, არ ვიცით. ის უკვე წლებია, განმარტოებით ზის.

"სრულიად გაუგებარია ის დასკვნა, რაც მისი ჯანმრთელობის შესახებ დაიდო. ეს არის აბსურდი, რომ ადამიანს მსგავსი დაავადება ჰქონდეს და მისი გამომწვევი მიზეზი არ დასახელდეს. ჰორნერის სინდრომის გამოწვევა მოწამვლასაც შეუძლია, რაც სახის დამბლას იწვევს. ამიტომ გვიჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ მას წამლავენ. ამის დასამტკიცებლად კი მომავალ კვირაში დამატებითი კვლევის ჩატარებას ვაპირებთ", - განაცხადა "რეზონანსთან" ჩივიაშვილმა.

სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში კი ადვოკატის ბრალდებებს უარყოფენ და ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადებას ავრცელებენ, რომელიც უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ მერაბიშვილის ადვოკატის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მას ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს. განცხადებაში წერია, რომ მერაბიშვილი მასთან შეთანხმებით შერჩეულ სამოქალაქო სექტორის სამედიცინო დაწესებულებაში რამდენჯერმე გადაიყვანეს, სადაც მას ჩაუტარდა ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციები და შესაბამისი ინსტრუმენტული და მაღალტექნოლოგიური გამოკვლევები.

კერძოდ: ოტო-რინო-ლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის, ნევროლოგის კონსულტაციები და შესაბამისი გამოკვლევები; მათ შორის, თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა ანგიოგრაფიულ რეჟიმში, კისრისა და ხერხემლის სვეტის მაგნიტურ-რეზონანსული გამოკვლევა, გულ-მკერდისა და დანამატი წიაღების რენტგენოგრაფია, რინოსკოპია, ოფთალმოსკოპია.

რაც შეეხება დიაგნოზს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიზანშეწონილად მიიჩნია, დიაგნოზი გასაჯაროვდეს. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, მსჯავრდებულს დაუდგინდა დიაგნოზი: ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ), ბლეფარო-კონიუნქტივიტი" - წერია განცხადებაში.

იურისტი ლევან ალაფიშვილი "რეზონანსთან" იმ ტექნიკურ დეტალებს ხსნის, რომლის მიხედვითაც საქართველოს პრეზიდენტს ვანო მერაბიშვილის შეწყალება შეუძლია. იგი ამბობს, რომ, კონსტიტუციის მიხედვით, არ არის დრო და ვადა დადგენილი, შეწყალების კომისიას რა დროში შეუძლია კონკრეტული ადამიანის საქმის განხილვა და შეწყალება. შესაბამისად მერაბიშვილის შეწყალება მარგველაშვილის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე მოესწრება თუ არა, ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული.

"შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა, რომელიც მას კონსტიტუციით აქვს მინიჭებული. შესაბამისად, მას, კონსტიტუციიდან გამომდინარე, საკუთარი გადაწყვეტილებით შეუძლია, ამა თუ იმ პირის შეწყალების პირობები დაადგინოს. პრეზიდენტს, ასევე, საკუთარი კომპეტენციის შეზღუდვაც შეუძლია.

"მარგველაშვილს შეუძლია, მერაბიშვილზე გადაწყვეტილება თავადაც მიიღოს, ან კომისიასთან ერთად განიხილოს, ეს უკვე მასზეა დამოკიდებული. თუმცა ბოლო დროს რასაც ვხედავთ, ის ასეთ გადაწყვეტილებებს ძირითადად კომისიასთან ერთად იღებს. მას კანონით რაიმე კონკრეტული დრო არ აქვს განსაზღვრული, პირის შეწყალების განხილვა რა ვადაში უნდა მოხდეს. ეს უკვე პრეზიდენტსა და კომისიის წევრებზეა დამოკიდებული", - ამბობს ალაფიშვილი "რეზონანსთან".

ანალიტიკოსი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი გია ხუხაშვილი "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მერაბიშვილის შეწყალება არა პოლიტიკური, არამედ ჰუმანური აქტი იქნება, რადგანაც, ყოფილი პრემიერი არ არის პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც გათავისუფლების შემთხვევაში რაიმე პოლიტიკური ამინდის შექმნა შეუძლია.

მისი აზრით, ის, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ნამდვილად ავტორიტეტული ფიგურა იყო, თუმცა როგორც კი პრემიერი გახდა, პაროდიულ ფიგურად იქცა. ამიტომ ხუხაშვილს მიაჩნია, რომ თუ პრეზიდენტმა შეიწყალა, მერაბიშვილი აქტიურ პოლიტიკაში არ დაბრუნდება.

"მერაბიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არაფერს შეცვლის. ის საჯარო პოლიტიკაში ბევრს არაფერს წარმოადგენდა და უფრო პაროდიული პერსონაჟი იყო. როცა შს მინისტრი იყო, როგორც სისტემის შიგნით, ასევე გარეთ ნამდვილად დიდი გავლენა ჰქონდა. თუმცა როგორც კი პრემიერის რანგში საჯარო პოლიტიკაში აღმოჩნდა, აბსოლუტურად პაროდიულ ფიგურად იქცა.

"მისი შეწყალების საკითხს არა როგორც პოლიტიკური, არამედ წმინდა ჰუმანიტარული თვალსაზრისით განვიხილავ. მისი მოწამვლის საკითხი არასერიოზულია. ეს რომ ვინმეს სდომოდა, ამდენი ხანი მოწამლავდნენ. ვფიქრობ, რომ ის ვინმესთვის რაიმე სახის პოლიტიკურ აქტივს არ წარმოადგენს", - აცხადებს ხუხაშვილი "რეზონანსთან".

ვანო მერაბიშვილი, რომელსაც 2012 წელს, ხელისუფლების შეცვლამდე, პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ეკავა, მანამდე კი შინაგან საქმეთა მინისტრი იყო, 2013 წლის 21 მაისს დააკავეს. მას 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. ამ განაჩენით გათავისუფლება 2020 წლის მარტში უწევს. პატიმრობის კოდექსის თანახმად, უკვე არსებობს ფორმალური საფუძველი, რომ განხილული იქნეს მისი პირობითად ვადამდე გათავისუფლება, რადგან პატიმრობის ვადის 2/3 უკვე მოხდილი აქვს.

მერაბიშვილის შესაძლო ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე ინფორმაცია 2017 წლის იანვარშიც გავრცელდა. მაშინ ითქვა, რომ ყოფილი შს მინისტრი შეიძლება გაზაფხულზე გაეთავისუფლებინათ, თუმცა სასჯელაღსრულების სამინისტომ ეს შესაძლებლობა მაშინ უარყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×