გვანცა წულაია
25.09.2018

 ზესტაფონში კვირაზე მეტია ქალაქის მერს კაბინეტში შესვლის უფლებას არ აძლევენ. კახაბერ მახათაძის გადადგომის მოთხოვნით, მოშიმშილებს ზესტაფონის მერიის შენობაში ბლოკირებული აქვს მერის კაბინეტი.

მერიის შენობაში ოთხი მოქალაქე უკვე მეორე დღეა შიმშილობს. მოშიმშილეები ზესტაფონის მერს კორუფციაში ადანაშაულებენ და მის გადადგომას ითხოვენ.

გარდა ამისა, მოქალაქეები ამბობენ, რომ ადრე ადგილობრივ თვითმმართველობაში იყვნენ დასაქმებული და სამსახურში აღდგენას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ.

"მოქმედი მერი არის სისხლის სამართლის დამნაშავე და ხელისუფლებას ვთხოვთ, მოაშოროს ჩვენს მუნიციპალიტეტს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ შევეწირებით ამ საქმეს",- განაცხადა აქციის მონაწილემ, მაია ქავთარაძემ.

მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, ეკა დუგლაძე ამბობს, რომ მოშიმშილეების უმრავლესობას ის ადამიანები წარმოადგენენ, რომლებსაც ახალი წლიდან ზესტაფონის მერიაში ხელშეკრულებები აღარ გაუგრძელდათ და რომ მათ უკან კონკრეტული ადამიანები დგანან.

მისი თქმით, თუ პროტესტი ამ ფორმით გაგრძელდა, მაშინ ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ყველა სამართლებრივი ზომა პროცესების დასარეგულირებლად.

"არის ვიღაც, ვისაც არ აწყობს ზესტაფონში დალაგებული სიტუაცია. ეს ადამიანები თავიდანვე კახას მოსვლის წინააღმდეგი იყვნენ და ეს პროცესები თავიდან ბოლომდე არის მართული. ერთ კვირაზე მეტია პარალიზებულია მერიის მისაღები, ვერ ვსარგებლობთ მერის კაბინეტით, ვერ ვიყენებთ ბეჭედს, პროცესები სრულად გასცდა სამართლებრივ ჩარჩოებს. დღე და ღამე აქ არიან, ფაქტობრივად უმართავია სიტუაცია მერიის შენობაში. ჩვენ ვერიდებით სიტუაციის დაძაბვას, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, უნდა დაგვიცვას ხელისუფლებამ და გამოიყენოს ყველა სამართლებრივი ბერკეტი", - ამბობს ეკა დუგლაძე.

ზესტაფონში შიმშილობის აქციის პარალელურად, მერიის შენობასთან კახა მახათაძის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები ამბობენ, რომ პრობლემების გასაცნობად მერთან შეხვედრას ვერ ახერხებენ, რადგან კაბინეტში მერი შესვლას ვერ ახერხებს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მოქალაქეებმა პროტესტის ისეთ ფორმას უნდა მიმართონ, რომელიც ქალაქის განვითარებას ხელს არ შეუშლის.

საკითხზე ზესტაფონის მერს კომენტერი არ გაუკეთებია. კახაბერ მახათაძე განცხადების გაკეთებას მოგვიანებით გეგმავს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×