თამარ შუკვანი
25.09.2018

 "არ ვიცით, რასთან არის დაკავშირებული და შესაბამისად, ცოტათი გაოცებულები ვართ, მათაც ვუთხარით", - აცხადებს „პალიტრამედიის" სტამბაში პროკურატურის შესვლის შესახებ მისი დირექტორი გიორგი ჟორჟოლიანი. როგორც ამბობს, პროკურატურის თანამშრომლებს არ განუმარტავთ საგამოძიებო უწყება კონკრეტულად რომელი დოკუმენტების ამოსაღებად შევიდა.

შეკითხვაზე, აღნიშნული უწყების პალიტრაში შესვლა უკავშირდება თუ არა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის საქმეს, კონკრეტული პასუხი არა აქვს. შეგახსენებთ, რომ "პალიტრამედიის" მფლობელი არის ქუმსიშვილის მეუღლის ბიძაშვილი.

„მე ვერ გეტყვით კონკრეტულად, შეიძლება ბევრი რამე ვიფიქრო, რასთან არის ეს დაკავშირებული, მაგრამ შეიძლება შევცდე," - ონ.ჯი-სთან საუბრისას აცხადებს გიორგი ჟორჟოლიანი.

ცნობისათვის, პროკურატურა „პალიტრამედიის" სტამბაში გუშინ შევიდა, ამოღებულია სხვადასხვა დოკუმენტაცია, - ამ ინფორმაციას თავად „პალიტრამედია" ავრცელებს.

„გვსურს საზოგადოება საქმის კურსში ჩავაყენოთ, რომ 24 სექტემბერს, ჩვენთვის უცნობი, საქმე N 074210818803-ის გამოძიების მოტივით, "პალიტრამედიას" სტამბაში (შპს "კოლორპაკი"), შევიდნენ მთავარი პროკურატურის გამომძიებლები და მოითხოვეს 01.01.14-დან 11.09.18-ის ჩათვლით "სრული სამართლებრივი, საბუღალტრო, ფინანსური და ეკონომიკური დოკუმენტაცია (დედანი) და საწარმოს ამავე პერიოდის კორესპონდენცია (დედანი)" - ციტატა განჩინებიდან.

"პალიტრამედია" აცხადებს: მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის გაუგებარია, რას ემსახურება და რა აუცილებლობით არის განპირობებული კომპანიიდან დოკუმენტაციის ძირფესვიანად ამოღება; მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს უფლება ზ.ა. განჩინება გავასაჩივროთ სააპელაციო სასამართლოში, გადავწყვიტეთ გასაჩივრების და გართულების გარეშე გადავცეთ პროკურატურას მოთხოვნილი მონაცემები, ვინაიდან როგორც წლების წინ, წინა ხელისუფლების პერიოდში 2011 წელს, "პალიტრამედიას" ტოტალური შემოწმებისას ვიყავით დარწმუნებული ჩვენი საქმიანობის გამჭვირვალობაში (რაც მაშინ, შემოწმების შედეგებმაც დაადასტურა), ახლაც ზუსტად ისევე ვართ საკუთარი ქმედებების კანონიერებასა და გამჭვირვალობაში დარწმუნებული.

ამავე დროს, გვსურს განვაცხადოთ, რომ ყველა დოკუმენტის დედანი გადაეცემა პროკურატურას მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენს მიერ, უახლოეს დღეებში გაკეთდება მათი ასლები და მოხდება თითოეულის ნოტარიული დამოწმება.

"პალიტრამედია" ყურადღებით დააკვირდება ამ პროცესს და მაქსიმალურად სრულად და გამჭვირვალედ ვაცნობებთ საზოგადოებას საქმის განვითარების ყოველი ახალი დეტალის შესახებ", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×