ელზა პაპოშვილი
25.09.2018

 სირიის კონფლიქტში რუსეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო იძაბება. „რია ნოვოსტი" ბაშარ ალ-ასადის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით წერს, რომ მოსკოვი სირიას ეს-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემებს მიაწვდის, რომელსაც შეუძლია 250 კილომეტრის რადიუსში საჰაერო აპარატების ჩამოგდება.

რუსეთსა და ისრაელს შორის კი სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ისრაელის ავიაიერიშის დროს სირიის სამთავრობო ძალებმა შემთხვევით რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი ჩამოაგდეს, რის შედეგადაც 15 რუსი სამხედრო დაიღუპა. მართალია, მოსკოვი აღიარებს, რომ რუსული "ილ-20" რუსულივე რაკეტით სირიის საზენიტო დანაყოფმა ჩამოაგდო, მაგრამ ირწმუნება, რომ ეს ისრაელის მოირიშეების მიერ მიზანმიმართული პროვოცირების ბრალია და "ამ მტრულ ქმედებას მოსკოვი ადეკვატურად გასცემს პასუხს".

აღსანიშნავია, რომ მოსკოვმა ისრაელის დაჟინებული თხოვნით ერთხელ უკვე გადაიფიქრა სირიისთვის ეს-300-ების გადაცემა, საპასუხოდ კი ისრაელმა უარი თქვა უკრაინისთვის დრონების გადაცემზე.

ანალიტიკსოები არ გამორიცხავენ, რომ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება თავად რუსეთის მხრიდან იყოს პროვოცირებული, რადგანაც მას სწორედ მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად საბაბი სჭირდებოდა. რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს თქმით, სარაკეტო სისტემა სირიას ორ კვირაში გადაეცემა. ეს სირიის არმიის საბრძოლო შესაძლებლობებს საგრძნობლად გაზრდის და ამასთანავე სირიის საზენიტო დანადგარებს რუსული რადარებითაც აღჭურვავენ, რათა რუსული თვითმფრინავების ამოცნობა შეძლოს.

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ რუსეთი ცდილობს თავის სასარგებლოდ გამოიყენოს „ილ-20"-ის კატასტროფა და საეჭვო სისწრაფით მიიღო სირიისთვის ეს-300 ტიპის საზენიტო სარაკეტო კომპლექსის გადაცემაზე გადაწყვეტილება.

შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს „რეზონანსთან" საუბრისას სალუქვაძემ იწინასწარმეტყველა, რომ რუსეთის პასუხი სირიის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება იქნებოდა. მისი თქმით, ახლა ისრაელის რეაქცია საკმაოდ მწვავე იქნება.

„ისრაელისთვის ახლა ყველაზე მიუღებელი სირიის ტერიტორიაზე ირანის გააქტიურებაა. ყველა შეტევა, რომელიც სირიის ტერიტორიაზე ისრაელის მხრიდან ხდება, გამიზნულია იმ ობიექტებზე, სადაც ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებები იმყოფება. როდესაც რუსეთი „ილ-20"-ის ჩამოგდებაზე საუბრობს, აქ ორ მომენტს გამოვყოფდი. რუსეთი ისრაელს ბრალს სდებს, რომ მათ დროულად არ შეატყობინეს ფრენების შესახებ. დიდი ალბათობით, როდესაც ისრაელი მსგავს ინფორმაციას რუსეთს აწვდიდა, რუსეთი ამ ინფორმაციას ირანს გადასცემდა", -აცხადებს სალუქვაძე.

მისი თქმით, ისრაელს რუსეთი ვერც იმაში გაამტყუნებს, რომ მისი პილოტები რუსულ „ილ-20"-ს „ამოეფარენ". ისრაელის მოიერიშე, ცხადია, წინ ვერ გადაეფარებოდა რუსულ თვითმფრინავს და თავს ვერ ჩამოაგდებინებდა. სალუქვაძე ამბობს, რომ რუსეთის ბრალდებები აბსურდულია, რადგანაც სირიისა და რუსეთის საჰაერო თავდაცვას შორის მეტი კორდინაცია უნდა ყოფილიყო.

„ჩნდება ეჭვი, რომ ამ ინციდენტს რუსეთი თავად არც თუ დიდად განიცდის. ისინი განა იმას ცდილობენ, რომ ეს ინციდენტი ისრაელთან თანამშრომლობაში გამოიძიონ?! პირიქით, რუსეთმა ძალიან სწრაფი ნაბიჯები გადადგა და გაჩნდა შთაბეჭდილება, თითქოს ეს ინციდენტი აწყობდა კიდეც, რადგან მათი მთავარი მიზანი ისრაელისთვის საჰაერო სივრცის შეზღუდვაა, რომელიც ირანის ობიექტების დაბომბვაზეა მიმართული. არ მინდა პირდაპირ რუსეთს ბრალი დავდო, რომ მან ეს განზრახ გააკეთა, თუმცა ლოგიკურად თუ დავაკვირდებით, მან ამ ინციდენტიდან ფაქტობრივად მოგება ნახა. ის, რომ მან ეს გადაწყვეტილება ძალიან სწრაფად მიიღო და ერთობლივი გამოძიება არ ჩაატარა, რა თქმა უნდა, გარკვეულ ეჭვებს აჩენს. რუსეთმა, ირანმა და სირიამ ამ ინციდენტიდან მაქსიმალური სარგებელი მიიღეს. მოიმიზეზეს ეს ფაქტი და ისრაელის საჰაერო აქტივობებს შეზღუდავენ", - აცხადებს სალუქვაძე „რეზონანსთან".

გენერალი საქართველოს და ისრაელის სამხედრო ურთიერთობასაც ეხება და ყველა ანალიტიკოსს მოუწოდებს, რომ ამ ფაქტების ერთმანეთთან დაკავშირება და ისრაელის მხრიდან მესამე მხარის საწინააღმდეგოდ საქართველოსთვის რაიმე სამხედრო დახმარებაზე აქცენტების გაკეთებისგან თავი შეიკავონ. მისი თქმით, ჩვენთან ისრაელის თავდაცვის მინისტრის საკმაოდ მნიშვნელოვანი ვიზიტი განხორციელდა და დიდი ხნის პაუზის შემდეგ, საქართველოს და ისრაელის სამხედრო ტექნიკური თანამშრომლობა იწყება. თუმცა გენერალი დაუშვებლად მიიჩნევს იმაზე პარალელების გავლებას, რომ ისრაელი რუსეთის საპასუხოდ საქართველოს რამით დაეხმარება. გენერალი ამბობს, რომ მსგავსი პარალელების გავლებისგან თავის შეკავება გვმართებს, რადგანაც ეს ორი სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×