ყოფილი თანაგუნდელები, „ნაციონალები" და „ევროპული საქართველო", ერთმანეთს უპირისპირდებიან, რადგან ირკვევა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი სიების გადამოწმება „ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრის განცხადების საფუძველზე დაიწყო და ახლა ამ საქმეს პროკურატურა იძიებს.
საქმის დეტალი ასეთია: ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერთა სიაში, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციაში იყო შეტანილი, რამდენჯერმე დაფიქსირდა ბესო დონაძის სახელი და გვარი, რომელიც „ევროპული საქართველოს" წევრი და ამავდროულად მარნეულში საოლქო კომისიის წარმომადგენელია. დონაძემ ცესკოს უთხრა, რომ ის ამ პარტიის მხარდამჭერი არ არის და ხელმოწერა გაყალბებულია. ამის შემდეგ კი პროცესმა გადაინაცვლა პროკურატურაში და ხელმოწერებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
ერთ დროს თანაგუნდელი პოლიტიკოსები ახლა ერთმანეთის "სამარცხვინოს" უწოდებენ. აცხადებენ, რომ ოპოზიციაში განხეთქილების შეტანა სწორედ ბიძინა ივანიშვილის სურვილია და ივანიშვილის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ ერთმანეთს.
„ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია ახსნა-განმარტებას „ევროპული საქართველოს" საპრეზიდენტო კანდიდატისგან ითხოვს. მელიას თქმით, მაშინ, როდესაც ოპოზიცია ივანიშვილის ხელისუფლების დასამარცხებლად უნდა გაერთიანდეს, თავად ოპოზიცია უჩივის კოლეგებს და ამას რა ჰქვია, ეს დავით ბაქრაძემ შეაფასოს.
„აი, ამ გენერალურ ბრძოლაში ოლიგარქთან, იმ ბრძოლაში, სადაც ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ ივანიშვილი უნდა დავამარცხოთ წელს ოქტომბრის არჩევნებში, ამ დროს პარტია, რომელსაც „ევროპული საქართველო" ჰქვია და რომ ჰკითხო, არის ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება, მათი პოლიტიკური საბჭოს წევრი უჩივის სხვა ოპოზიციურ პარტიას პროკურატურაში. აი, რა ჰქვია ამ საქციელს, მე სახელს არ დავარქმევ. ბატონმა დავით ბაქრაძემ გასცეს პასუხი,"- აცხადებს მელია.
გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ კოლეგების ქმედებას სამარცხვინოა და ოპოზიცია დგას იმ რეალობის წინაშე, როდესაც ბრძოლა უწევს ხელისუფლების და ფსევდო ოპოზიციის წინააღმდეგ.
„სამარცხვინოა, როგორც ისინი იქცევიან და სამარცხვინოა იმ თამაშში აყოლა, რასაც სუს-ი და „ქართული ოცნება" გეგმავს პროვოკაციულად ჩვენთან მიმართებაში. სამწუხაროდ, ჩვენ გვიწევს ხელისუფლებასთან და ვითომ ოპოზიციასთან ბრძოლა ამ არჩევნებში. ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს 28 ოქტომბერს," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ბრალდებებს ბრალდებებითვე პასუხობს „ევროპული საქართველოც". გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ამ ცილისწამების მოგონებით გაერთიანებული ოპოზიცია ეხმარება ივანიშვილის რეჟიმს და ზურაბიშვილის კამპანიას.
"მერამდენედ უნდა გაუწოდონ ხელი ივანიშვილს და ახლა უკვე ზურაბიშვილს ოპოზიციის შიგნით კონფლიქტის, ნიაღვარის, ცილისწამების და სიბინძურის დათესვით? ეს მათ სტილად იქცა და ამაზე უკეთესი დახმარება ივანიშვილისთვის და ზურაბიშვილისთვის არ არსებობს," - ამბობს ბოკერია: „ - ან იმ შეთანხმებას რატომ აწერდნენ ხელს თუ მაინც ამ კამპანიას აწარმოებდნენ, სიტყვას რაღაც ფასი ხომ უნდა ჰქონდეს?! ძალიან სამწუხაროა ეს და ვიმეორებ, ამაზე ეფექტური დახმარება ივანიშვილის რეჟიმისთვის და ზურაბიშვილის კამპანიისთვის, ამ ტიპის კონფლიქტები მოიგონო და მათ სტილში, ცილისწამების ნიაღვარი დააყენო, არ არსებობს".
თავად ბესო დონაძე, ვის გამოც დაპირისპირება დაიწყო, ამბობს, რომ ერთ-ერთი ოპოზიციური საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში 3-ჯერ იყო მის ნაცვლად ხელი მოწერილი, მას ცესკოდან დაურეკეს ახსნა-განმარტებისთვის, სადაც დაადასტურა, რომ ხელმოწერა მას არ ეკუთვნის. ხოლო პროკურატურაში განცხადება მას არ შეუტანია.
საგულისხმოა ის, რომ 11 ივლისს „ნაციონალურმა მოძრაობამ" და „ევროპულმა საქართველომ" წინასაარჩევნოდ 3-პუქტიანი მემორანდუმი გააფორმეს და პირობა დადეს, რომ საარჩევნო კამპანიის დროს თავს შეიკავებენ ურთიერთკრიტიკისგან. თუმცა თავდაუსხმელობის მემორანდუმის მიუხედავად მათ შორის ბრალდებები მაინც ისმის.
ყოფილი თანაგუნდელების დაპირისპირებას ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილიც ეხმაურება. მისი თქმით, „ევროპული საქართველო" ივანიშვილის მითითებებით მოქმედებს და ეს პარტია წარმოადგენს „ოცნებაზე" მეტად „ოცნებას" ივანიშვილის სამეფო კარზე და რა მითითებაც მიიღეს, ისე მოქმედებენ.
სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა სიებში გაყალბებული ხელმოწერების ირგვლივ სკანდალი ერთი კვირის წინ დაიწყო. თავდაპირველად სკანდალი ატყდა ოპოზიციური პარტია „სახელმწიფი ხალხისთვის" საპრეზიდენტო კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის ხელმოწერის აღმოჩენისას. ცესკომ გამოძების მოთხოვნით პროკურატურას მაშინვე მიმართა. ამის შემდეგ კი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიაშიც აღმოაჩინა გაყალბებული ხელმოწერა „ევროპული საქართველოს" წევრმა და ახლა ამ ორივე საქმეს პროკურატურა იძიებს.