სხვა ქვეყნიდან შემოსული გიდების მიერ ჩატარებული ექსკურსიები უნდა აიკრძალოს!
ნინი ღაჟონია
26.09.2018

 მოსალოდნელ მილიონზე მეტ ირანელ ტურისტს ქართული ბაზარი მოუმზადებელი ხვდება - ქვეყანაში არ არსებობენ შესაბამისი ცოდნისა და კვალიფიკაციის გიდები, უცხოელები კი დეზინფორმაციას აწვდიან. ეს, ერთი მხრივ, ქვეყანას იმიჯს ულახავს და, მეორე მხრივ, პოლიტიკურ საფრთხესაც უქმნის.

საქართველოში ირანელი ტურისტების რიცხვი ერთ წელიწადში 1 მილიონს გადააჭარბებს. უკვე სახეზეა იმ გიდების საქმიანობა, რომლებიც საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს არასწორ ინფორმაციას აწვდიან და საქართველოს, როგორც ირანის ტერიტორიას, ისე მოიხსენიებენ, რომელიც მათ რუსეთმა წაართვა.

"ირანელები, რომლებთაც ქვეყანაში დღეს არსებული ეკონომიკური სიტუაცია "ყელში აქვთ ამოსული", იმედის მზერას ისტორიულად საოცნებო ქვეყანას აპყრობენ: საქართველო მათთვის ევროპაში გასასვლელ კარს წარმოადგენს. მას შემდეგ, რაც ორ სახელმწიფოს შორის 2016 წელს უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, კავკასიურ ქვეყანაში წამსვლელ ირანელთა რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა. უკვე ბევრი ირანელი ფიქრობს საქართველოში დამკვიდრებას, სადაც საცხოვრებელი ბინის ქირა, ცხოვრების ღირებულება და ინფლაციის დონე (2,8%) ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ირანში (9,4%)" - ასე იწყება ამერიკული გამოცემა "ოლ მონიტორის" მიერ რუჰოლა ფაგიჰის ავტორობით გამოქვეყნებული სტატია.

როგორც საქართველოში ირანის ელჩ სეიედ ჯავად ყავამშაჰიდის მიერ 24 აგვისტოს გაცხადებული მონაცემები მოწმობს, უვიზო რეჟიმის შეთანხმებაზე ხელმოწერამ ხელი შეუწყო ირანელთა დაინტერესებას საქართველოს მიმართ და შედეგმაც არ დააყოვნა: ბოლო 12 თვის განმავლობაში ქვეყანას 323 000 ირანელი ეწვია და თუ ასეთი ტემპი გაგრძელდება, უკვე გაისად შეიძლება 1 მილიონამდე მოიმატოს.

უცხოელი ტურისტების რაოდენობის ზრდის პარალელურად, დეზინფორმაციისა და საქართველოს ისტორიის დამახინჯებულად მიწოდების საფთხეზე საუბრობს ტურიზმის სფეროს წამყვანი სპეციალისტი მარინა მეტრეველი.

"უცხოური კვლევები არ არის საჭირო იმისთვის, რომ დაინახო ირანელი და არაბი ტურისტების მზარდი რაოდენობა ქვეყენაში. მათი ოდენობა თვიდან თვემდე იმატებს. სახელმწიფოს მკაცრი ჩარევაა აუცილებელი უცხოენოვანი გიდების საქმიანობაში.

ყველამ იცის, რომ ირანელ ტურისტებს თავიანთი მეგზურები ელაპარაკებიან, თითქოს თბილისი მათი ქალაქი იყო, ასეა თურქი გიდების შემთხვევაშიც - ეუბნებიან, რომ ბათუმი ერთ დროს მათი იყო. ეს ძალიან სანერვიულო თემაა და ამაზე მხოლოდ ჟურნალისტები და ექსპერტები არ უნდა ვსაუბრობდეთ, აუცილებლად სახელმწიფომ უნდა აიმაღლოს ხმა.

აქ უკვე გიდების პრობლემას გავცდით და საქმე უფრო სერიოზულ ვითარებასთან გვაქვს. მარტო მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის პრობლემა, საქმე ეხება იმ დიდ უფლებებს, რომლებსაც სახელმწიფო აძლევს უცხოელებს ჩვენს ქვეყანაში.

სასწრაფო ზომებია მისაღები. იტყვიან, რომ ინვესტორებს ხელი ეშლებათ და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენი მოქალაქეების უფლებებზეა აქ საუბარი. ამაზე რეკომენდაციებს ვერ მივცემ მთავრობას, რადგან ეს ყველაფერი ტურიზმის ფარგლებს სცდება და პოლიტიკურია.

რაც შეეხება ზოგადად გეგმებს, აუცილებელია სერტიფიცირებული და, რაც მთავარია, ენის მცოდნე გიდები, რომლებიც უნდა გადაამზადოს სახელმწიფომ. საჭიროა ადგილობრივი კადრები, რომლებიც სწორად გააცნობენ ისტორიას უცხოელ ტურისტებს. ეს მიმაჩნია დღესდღეობით ერთ-ერთ გამოსავლად", - განუცხადა "რეზონანსს" მეტრეველმა.

სახელმწიფოს მიერ ტურიზმის ბაზრის სასწრაფო რეგულირების აუცილებლობაზე საუბრობს ნიკო კავარაცხელიაც. მისი თქმით, არასწორად მიწოდებულ ინფორმაციას, რომელსაც უცხოელი გიდები აწვდიან საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს, დიდი ზიანის მოტანა შეუძლია.

"საქართველოში ტურისტს, ირანელი იქნება, თურქი, თუ ამერიკელი, უნდა დახვდეს ადგილობრივი გიდი და მან უნდა ჩაუტაროს ექსკურსია. მაგრამ ჩვენ, ძალიანაც რომ მოვინდომოთ, არ გვყავს შესაბამისი კადრი, რომ უცხოელ ტურისტებს ესაუბროს, არც ქვეყანაა მზად, რომ ამდენ ტურისტს უმასპინძლოს, არც რეგულაცია არ გვაქვს ისეთი, რომ სხვა ქვეყნიდან შემოსული გიდების მიერ ჩატარებული ექსკურსია ავკრძალოთ. არადა, ეს უკვე აუცილებელია.

არა მგონია, ირანელებმა და ასევე თურქებმა კარგი რაღაცები მოუყვნენ ქართველებზე თავიანთ თანამემამულეებს, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, ვერაფერს ვუპირისპირებთ.

სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამაზე, უნდა გახსნას კურსები და გადაამზადოს გიდები იმისთვის, რომ თავისუფლად შევძლოთ, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მივიღოთ და სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენი ქვეყნის შესახებ", - განაცხადა კვარაცხელიამ.

ცნობისათვის, საქართველოს ისტორიულ ტერიტორიაზეც კი, ტაო-კლარჯეთში ქართველ გიდებს ექსკურსიის წაყვანა ეკრძალებათ და ამის უფლება მხოლოდ თურქეთის მოქალაქეებს აქვთ. ასევეა ევროპის განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×