თამარ მუკბანიანი
26.09.2018

 დენის ტარიფი შესაძლოა, სრულიად დაუგეგმავად გაძვირდეს. სემეკ-ის თავმჯდომარე დაუფარავად აცხადებს, რომ თუკი ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლების თავისუფალ ბაზარზე გასვლა არ გაგრძელდება, სემეკ-მა შეიძება, ტარიფები წლის ბოლოს ხელახლა დათვალოს. სპეციალისტები ამ პროცესს ხელოვნურად მართულს უწოდებენ და ამბობენ, რომ ტარიფის დადგენისას ე.წ. მსხვილი მომხმარებლების მომენტი გათვალისწინებული არ იყო.

თუ ელექტროენერგიის მსხვილი მომხმარებლების თავისუფალ ბაზარზე გასვლა არ გაგრძელდება, სემეკ-მა შესაძლოა, ტარიფები მიმდინარე წელს ისევ დაითვალოს. გამოდის, რომ მსხვილი შემსყიდველების გამო შესაძლოა, მოსახლეობას დენი გაუძვირდეს, რომელიც გასულ წელს სემეკ-მა 3 წლის ვადით დაადგინა.

როგორც სემეკ-ის თავმჯდომარე ირინა მილორავა აღნიშნავს, როდესაც 2017 წელს კომისია ელექტროენერგეტიკის სექტორში სამომხმარებლო ტარიფებს ითვლიდა, იმ დროისათვის მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებდა, რომ 2018 წლის 1-ლი მაისიდან გარკვეული რაოდენობის მომხმარებლები თავისუფალ ბაზარზე გავიდოდნენ, შესაბამისად, ახალი ტარიფები სემეკ-მა ამ მოცემულობის გათვალისწინებით დაიანგარიშა.

"შემდეგ ამ კანონპროექტის ერთგვარი ცვლილება მოხდა და ამ მომხმარებლების ბაზარზე გასვლა შეჩერდა, რის შედეგადაც ბაზარზე უფრო ნაკლებმა კომპანიამ გადაინაცვდა, ვიდრე ეს ჩვენ გავითვალისწინეთ ტარიფების გაანგარიშებისას. ამ ეტაპზე საუბარია წელიწადში 5 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი მოხმარების მქონე საწარმოებზე. ასეთია, დაახლოებით, ათამდე საწარმო.

წინააღმდეგ შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ, რომ საჭირო გახდეს სამომხმარებლო ტარიფის კიდევ ერთხელ გადახედვა, ვინაიდან ის მოცემულობა, რომელზე დაყრდნობითაც ჩვენ მაშინ ტარიფები დავთვალეთ, აშკარად შეიცვალა და, შესაბამისად, ახალი რეალობის გათვალისწინებით, კორექტირება მოგვიწევს", - აღნიშნა სემეკ-ის თავმჯდომარემ.

2018 წლის პირველი მაისიდან ელექტროენერგიას სამი უმსხვილესი მომხმარებელი თავისუფალი ბაზრის პრინციპით ყიდულობს. ბაზარზე გავიდნენ ის კომპანიები, რომლებმაც 2018 წლის პირველ სამ თვეში, საშუალოდ, 15 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარეს.

ენერგეტიკოსი ბაჩანა ფიფია ტარიფის ზრდის შესაძლებლობას ხელოვნურად მართულ პროცესს უწოდებს. როცა სემეკ-ი სამწლიან ტარიფს ადგენდა, მაშინ მოქმედი ტარიფის დათვლისას არ იყო გათვალისწინებული ე.წ. მსხვილი მომხმარებლების ფაქტორი.

"დღეს მოქმედ ტარიფში, რომელიც სემეკ-ის მიერ იქნა დათვლილი 2017 წელს, არ იყო გათვალისწინებული მათი ფაქტორი, ანუ ე.წ. მსხვილი მომხმარებლებისათვის საჭირო ელექტროენერგიის მოცულობა, რადგანაც უკვე 2018 წლის 1-ლი მაისიდან იგეგმებოდა ამ კატეგორიის მომხმარებლების თავისუფალ ბაზარზე გასვლა. ეს პროცესები დროში გაჭიანურდა და დღემდე თავისუფალ ბაზარზე მხოლოდ რამდენიმე მომხმარებელი გავიდა.

როგორც ვიცით, ამ ეტაპზე იგეგმება ბაზარზე არგასული მსხვილი მომხმარებლების თავისუფალ ბაზარზე გადაყვანა, რის შედეგადაც ელექტროენერგიის მოქმედი სამომხმარებლო ტარიფების გადახედვის საჭიროება დღის წესრიგიდან მოიხსნება", - ამბობს ფიფია.

"რეზონანსი" ენერგეტიკის მარეგულირებელს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ ტარიფის გადახედვისათვის სემეკ-ს აუცილებელია, ლიცენზიანტებმა მიმართონ, რაც ამ დროისათვის არ მომხდარა.

"პროცედურა შემდეგნაირია: ტარიფი რომ გადაიხედოს, ლიცენზიანტებმა უნდა მოგვმართონ. ეს ამ დროისათვის არ მომხდარა. ვერ გეტყვით, იქნება თუ არა პროცესი წლის ბოლომდე და მოხდება თუ არა ტარიფის ხელახალი დათვლა", - განუცხადეს "რეზონანსს" სემეკ-ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×