თამარ შუკვანი
26.09.2018

 "თუკი მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ასეთი მძიმეა, მაშინ ის შეწყალებული უნდა იქნას. "ქართული ოცნების" მიდგომა ზოგადად ამ საკითხისადმი არ არის ერთგვაროვანი; თუ მერაბიშვილი ციხეშია, მურუსიძე არ უნდა იყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე; თუ ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა, მერაბიშვილი არ უნდა იყოს ციხეში", - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე, ვისაც "რეზონანსი" ვანო მერაბიშვილსა და სხვა საკითხებზე გაესაუბრა.

ვახტანგ ძაბირაძე: საუბარი არ არის მხოლოდ მერაბიშვილზე, ლაპარაკია იმ ადამიანებზე, ვინც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები არიან და მოხვდნენ სასჯელაღსრულების ადგილებში. მერაბიშვილის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, განსაკუთრებულია და თუკი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია და მკურნალობას საჭიროებს, უნდა გათავისუფლდეს.

"რეზონანსი": სააფთიაქო დაწესებულებებში ფსიქოტროპული საშუალებების რეალიზაციისათვის დაკავებულია 20 პირი და მათ შორის, სამედიცინო საქმიანობაში სახელწიფო რეაგირების სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე. ამ ყველაფრის ფონზე, უნდა გადადგეს თუ არა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო?

ვახტანგ ძაბირაძე: არ ვიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ თუ ხელქვეითი რაიმეს აშავებს, აუცილებელია, რომ უფროსი გადადგეს. ის ყველა ადამიანზე პასუხისმგებელი ვერ იქნება. თუ დადგინდება, რომ სამსახურებრივი მოვალეობისადმი გულგრილი იყო, მაშინ უნდა გადადგეს, თუ არა, არ ვხედავ ამის აუცილებლობას.

"რ": "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის რეიტინგი როგორია და როგორ ფიქრობთ, მის ირგვლივ აგორებულია თუ არა ანტიპიარი?

ვ.ძ: "ნაციონალური მოძრაობა" რომ სალომე ზურაბიშვილის ანტიპიარით არის დაკავებული, ამას დიდი განსჯა არ სჭირდება, ამის ნათელი მაგალითია "რუსთავი-2". სხვა საკითხია, თუ რამდენად რეიტინგულია თავად ზურაბიშვილი; იმ განცხადებების შემდეგ, რაც მან გააკეთა, მისი რეიტინგი საკმაოდ დაეცა.

მისი რეიტინგი ისედაც არ იყო ძალიან მაღალი, მაგრამ მას რადაგან "ქართული ოცნება" უჭერდა მხარს, ვთვლიდი, რომ გარანტირებული ჰქონდა მეორე ტურში გასვლა, თუკი პირველ ტურში ვერ გაიმარჯვებდა, მაგრამ საზოგადოება მის მიმართ საკმაოდ ნეგატიურად არის განწყობილი.

ეს ნეგატივი არ მომდინარეობს "რუსთავი-2"-ის შავი პიარიდან, ეს იმ განცხადებებიდან გამომდირეობს, რომლებიც მან გააკეთა. საუბარია, რომ კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი და მას დაზუსტება სჭირდება და ა.შ. მაგრამ ეს ასე არ არის. ეს ყველაფერი მის გამონათქვამებს ვერ გაამართლებს.

საპრეზიდენტო კანდიდატმა როდესაც იცის, რა პოლიტიკური ვითარებაა, სასაუბროდ ტერმინები სწორად უნდა შეარჩიოს, რომ გასაგები იყოს მოსახლეობისათვის. ზურაბიშვილისადმი მოსახლეობაში არის აგრესია და არა "რუსთავი-2"-დან ან სამღვდელობიდან გამომდინარე. სწორედ მოსახლეობაში გამოიწვია მან საკმაოდ ნეგატიური დამოკიდებულება.

"რ": ზურაბიშვილის დაბალი რეიტინგიდან გამომდინარე, როგორი იქნება საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები და უნდა ველოდოთ თუ არა მეორე ტურს?

ვ.ძ: მეორე ტური თითქმის გარდაუვალია. არ ვიცით, დარჩენილ დროში კიდევ რა მოხდება, მაგრამ ძალიან რთული ვითარებაა შექმნილი და მგონია, რომ ზურაბიშვილს საკმაოდ გაუჭირდება პირველ ტურში კი არა, მეორე ტურში გასვლა, მით უმეტეს - თუ ასე გაგრძელდა.

თუ "ქართული ოცნება" აპირებს, რომ საკუთარ თავზე მიიღოს ეს დარტყმები, შესაძლოა, გაიყვანოს ზურაბიშვილი პრეზიდენტად, მაგრამ ეს იქნება ისეთი გამარჯვება, რომელიც დამარცხების ტოლფასი იქნება და ეს დამარცხება "ქართულ ოცნებას" 2020 წელს მოუბრუნდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×