რამდენად მისცა ეროვნული ბანკის რეგულაციამ შეღავათი მსესხებლებს, ჯერ კიდევ უცნობია. სებ-ის მიერ 2018 წლის მაისში ამოქმედებული რეგულაცია ჭარბვალიანობისა და ვადაგადაცილებული სესხების შემცირებას ემსახურებოდა, თუმცა ამოქმედებიდან მე-5 თვისთავზე კვლავ გაურკვეველია, რამდენად შეამცირა და საერთოდ შეამცირა თუ არა რეგულაციამ მოსახლეობაზე წნეხი. არც ისაა ცნობილი, გაიზარდა თუ არა ადამიანთა განკარგვადი შემოსავლის მოცულობა, რომელზეც ხელისულება უკვე 2 წელია, საუბრობს.
ბოლო წლებში ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად მოსახლეობის ჭარბვალიანობა იქცა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, კომერციულ ბანკებში დავალიანების მქონე მოსახლეობის სიჭარბით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა. სსფ ჯერ კიდევ 2013 წელს შეშფოთებას გამოთქვამდა იმის თაობაზე, რომ საქართველოში კრედიტორთა უმრავლესობა, თითქმის ყოველი მესამე მსესხებელი, საკუთარი შემოსავლის 50%-ზე მეტს იხდიდა საბანკო ტვირთის მომსახურებაში. სწორედ აღნიშნული პრობლემის დარეგულირებას ისახავს მიზნად ეროვნული ბანკის ახალი რეგულაცია.
"პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო", სწორედ ასე ეწოდება სებ-ის ახალ რეგულაციას, რომელიც მაისის დასაწყისიდან ამოქმედდა. მისი მიხედვით, კომერციული ბანკები შემოსავლის დადასტურების გარეშე სესხებს ვეღარ გასცემენ. უფრო კონკრეტულად, მომხმარებლების გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხის გაცემა შეიზღუდა. რა ეფექტი გამოიღო რეგულაციამ ამოქმედებიდან ხუთი თვის შემდეგ და გამართლდა თუ არა მიზანი, რომელზეც ეროვნული ბანკი საუბრობდა და ამართლებდა კანონს, რომლის შემოღების შემდეგ თვითდასაქმებულებს განვადებებისა და სესხის აღების შესაძლებლობა შეუზღუდა?
არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" საბანკო პროდუქტების დეპარტამენტის ექსპერტი ანი ალიბეგაშვილი ამბობს, რომ პრობლემური სესხების კლება სახეზეა, თუმცა რას უკავშირდება ეს, რთული სათქმელია. შემცირების ტენდენცია რამდენიმე თვით ადრე დაიწყო, სანამ სებ-ი რეგულაციებს შეიმუშავებდა.
"2018 წლის დასაწყისიდან შეინიშნება ვადაგადაცილებული სესხების შემცირება. აქ იგულისხმება 90 დღეზე მეტის გადაცილება. აქამდე არსებული სტატისტიკით, მთლიანი სასეხო პორტფელი 2-დან 2.3%-მდე მერყეობდა, ახლა კი 1.65-დან 1,75%-მდე მერყეობს. ეს, მთლიანობაში, მნიშვნელოვანი კლებაა.
ანალიზი, თუ რა ფაქტორებმა განაპირობა ეს ყოველივე, რთული და ნაადრევია. შესაძლოა, აქ იყოს ბიზნესსესხების ვადაგადაცილების კომპონენტის გაუმჯობესება. მთლიანობაში, თუკი ჩვენ "კრედიტინფო" საქართველოს ბაზასთან სინქრონულად არ შევაფასებთ არსებულ სიტუაციას, შეუძლებელი იქნება დავასკვნათ, ზუსტად რა ეფექტი მოახდინა ამ რეგულაციებმა ბოლო 9 თვის განმავლობაში და კონკრეტულად რამ გამოიწვია შემცირება.
ვადაგადაცილებული სესხები, "კრედიტინფოს" მონაცემებით, დაახლოებით 600 000-მდეა, ვისაც ნეგატიური საკრედიტო ისტორია აქვს. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვადაგადაცილებული სესხების ბაზაში არის ყველა მომხმარებელი, რომლებიც ამ სიაში 2006 წლიდან მოხვედრილან. შესაძლებელია, რომ მათ დავალიანება უკვე დაფარული აქვთ, მაგრამ სტატუსი "ნეგატიური" კვლავ უნარჩუნდებათ. ჩანაწერი მონაცემთა ბაზაში რჩება 5 წლის განმავლობაში სასესხო ვალდებულების დასრულებიდან", - ამბობს "რეზონანსთან" ალიბეგაშვილი.
ფინანსისტი ირაკლი მაკალათია გაცილებით მწვავე შეფასებას აკეთებს და ამბობს, რომ სებ-ის რეგულაცია თავიდანვე პოპულისტური ნაბიჯი იყო და, შესაბამისად, მას არავითარი პოზიტიური შედეგი არ ჰქონია.
"მთავარი მიზანი, რატომაც ამოქმედდა რეგულაცია, იყო არა მოსახლეობის დაცვა სესხებისაგან, რომლის მომსახურებაც არ შეუძლიათ, არამედ სურვილი, თვითდასაქმებულები დარეგისტრირებულიყვნენ გადამხდელებად. ჩვენი ეკონომიკის 50%-ზე მეტი ჩრდილოვანია და სწორედ მათი ოფიციალურად რეგისტრირება იყო ჩანაფიქრი. რასაკვირველია, ამას საერთო არაფერი აქვს სებ-ის გაცხადებულ გეგმასთან, რომლის მიხედვითაც, ჭარბვალიანობის პრობლემა უნდა მოეგვარებინათ.
ადამიანებს ყოველთვის ჰქონდათ და ექნებათ ფინასებზე მოთხოვნა და თუ ჩვენ არ ვიზრუნებთ, მივაწოდოთ ეს რესურსი და უბრალოდ, გადავუკეტავთ მიღების წყაროს, მერწმუნეთ, ისინი იპოვიან ალტერნატიულ გზებს.
როგორ უნდა დაიძლიოს ჭარბვალიანობა, როცა ადამიანები უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობენ. ამიტომ ეროვნული ბანკის ეს ნაბიჯი, ვფიქრობ, მხოლოდ პოპულისტური იყო. მან საზოგადოებაზე რამე პოზოტიური შედეგი მოახდინა თუ არა, კითხვაც კი ზედეტია. მიზანი ეს არც ყოფილა", - განაცხადა "რეზონანსთან" მაკალათიამ.
ეკონომისტი, თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ყოფილი პრეზიდენტი ვახტანგ ხომიზურაშვილი სებ-ის რეგუალაციას, პირიქით, დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ მისი ეფექტი საზოგადოების უფრო ფრთხილად ყოფნაა ვალის აღებისას, რაც გადაუხდელი სასესხო ვალდებულებებისაგან იცავს.
"სებ-ის რეგულაციამ ეფექტი მოახდინა იმ ადამიანებზე, რომლებიც არ იყვნენ გადახდისუნარიანნი და, გარკვეულწილად, დაიცვა ისინი, არ აეღოთ სესხი, რომელსაც ვერ მოემსახურებოდნენ. მეორე მხრივ, საზოგადოება მიხვდა, რომ უფრო ფრთხილად იყვნენ ვალის აღებისას და ჰქონდეთ გარანტიები, ხოლო რისკები, რომლებიც ვალის აღებასთნაა დაკავშირებული, უფრო მეტად გააანალიზონ. ეს არის ეფექტი, რომელიც მარეგულირებლის მიერ შემოღებულ საბანკო სფეროში ამოქმედებულ კანონებს მოჰყვა", - აღნიშნა ხომიზურაშვილმა.