პრემია "საბა" თავისი საქმიანობის ახალ ეტაპზე გადადის და საერთაშორისო ასპარეზზე გადამწყვეტ ნაბიჯს დგამს, თუმცა მე-16 საზეიმო დაჯილდოების ფრანკფურტში გამართვამდე "თიბისიმ" "საბას" საკონსულტაციო საბჭო შექმნა. საბჭოს მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ლიტერატურული სფეროს განვითარებას და განსაზღვროს "საბას" პოლიტიკა ლიტერატურის განხრით. ქვეყანაში არსებული თითქმის ყველა ინსტიტუცია, რომელიც დაკავშირებულია ლიტერატურასთან, საბჭოს შემადგენლობაში შედის. ასეთი სულ 6 სტრუქტურაა, რომლებიც საქართველოში წიგნიერების ამაღლებას ემსახურება და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ლიტერატურული პროცესების განვითარებაში.
"საბას" საკონსულტაციო საბჭოს წარმოადგენენ: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა; ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი; საქართველოს ეროვნული მუზეუმი; ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმი; ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
როგორც "თიბისი ბანკში" აცხადებენ, საკონსულტაციო საბჭოს წევრები ერთობლივად დაგეგმავენ და განახორციელებენ პროექტებს, რომლებიც წვლილს შეიტანს საქართველოში ლიტერატურული პროცესების განვითარებაში, წერა-კითხვის კულტურის გაძლიერებასა და მხარდაჭერაში. ასევე, საბჭო უზრუნველყოფს "საბას" და სხვა დაინტერებული პირების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში.
საბჭოს "საბას" ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე უხელმძღვანელებს. საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ მემორანდუმს "თიბისი ბანკის" სათავო ოფისში 25 სექტემბერს მოეწერა ხელი.
საბჭოს შექმნის მნიშვნელობასა და "საბას" წლევანდელ, განსაკუთრებულ მისიაზე გააკეთა აქცენტი მამუკა ხაზარაძემ. მისი განცხადებით, ინტენსიურად მიდის მუშაობა ქართული ლიტერატურის გარეთ გატანაზე და ამ მიმართულებით "საბას" როლი გამორჩეულია.
"ქართული ლიტერატურის დიდი მიღწევაა, რომ წელს "საბას" პრემია ფრანკფურტში გაიცემა. მოგეხსენებათ, რომ გერმანიასა და, კერძოდ, ფრანკფურტში საქართველო არის მასპინძელი ქვეყანა, სადაც თავისი მდიდარი ლიტერატურით წარდგება. აქამდე მარტივად არ მოვსულვართ, საკმაოდ დიდი საქმე გაკეთდა 16 წლის განმავლობაში. 2003 წელს თუ 30 წიგნი იყო შემოსული, წლებია, უკვე მათი რაოდენობა 300-მდეა, ხოლო რაც შეეხება ნომინანტებს, სულ 6500 წიგნია განხილული და 550 000 ლარია გაცემული პრემიის სახით.
ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი, მწერალი და პოეტი იქნა აღმოჩენილი "საბას" მიერ. ინტენსიურად მიდის მუშაობა ქართული ლიტერატურის გარეთ გატანაზე და ეს ნომინაციებსაც დაეტყო თარგმანის მიმართულებით, თუმცა სწორედ დღეს გადავდივართ ახალ ეტაპზე - საერთაშორისო ასპარეზზე და მოვიწვიეთ ქვეყნის წამყვანი საგანმანათლებლო ინსტიტუციები, რომ ისინი გახდნენ "საბას" თანამონაწილენი, თანადამფუძნებლები და საკონსტიტუციო საბჭო მათთან ერთად შევქმნათ. გადაწყდა, რომ სტრატეგიულად შევათანხმოთ ცნობილ ეროვნულ ინსტიტუტებთან ის საქმიანობა, რასაც მომავალში გავწევთ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორ დავით ლორთქიფანიძის შეფასებით, "საბა" გახლავთ ინოვაციური პროექტი, რომელიც ეროვნულ მემკვიდრეობას იცავს და, ამავდროულად, მუდმივად სიახლის ძიებაშია.
"პრიორიტეტი დღეს სწორედ საზოგადოებრივი განათლებაა და ამ მხრივ ჩვენი თანამშრომლობა იქნება ძალიან მტკიცე. ეს არის ინოვაციური მიდგომა, თუ როგორ ვითარდება კონკურსი. "საბა" არის საბაბი ახალი პროექტებისათვის, რომლებიც ეროვნულ მემკვიდრეობაზეა აღმოცენებული, აგრძელებს ტრადიციას და ვითარდება. დღეს ამ უნიკალურ მემკვიდრეობას ერთგულად იცავს "საბა" და თვითონაც სულ ახლის ძიებაშია. ცხადია, ეს არ არის მხოლოდ ლიტერატურის კონკურსი, პლატფორმაა, რომელშიც მონაწილეობას ჩვენი დაწესებულებაც მიიღებს. მზად ვართ, მეტი სივრცე დავუთმოთ ლიტერატურას, რათა ის განათლების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს", - აღნიშნა დავით ლორთქიფანიძემ.
"საბას" საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობაში შესული ახალბედა ორგანიზაციის - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი დეა მეტრეველი პირობას დებს, რომ ცენტრის წვლილი კითხვიერების დონის ამაღლებაში გამორჩეული იქნება.
"ძალიან დიდი პატივია, რომ "საბას" საკონსულტაციო საბჭოში ვიყოთ წარმოდგენილი. დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვან წვლილს შევიტანთ კონკურსში. ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ხდება "საბა" საერთაშორისო დონის პროექტი. ის არის დამოუკიდებელი ლიტერატურული პრემია, რომელმაც ჩვენს ლიტერატურულ სივრცეში თავისი სახელი დაიმკვიდრა.
"საბას" მიმართ საზოგადოებრივი ნდობა ძალიან მაღალია და ამ ახალი საბჭოს ფორმატშიც სამომავლო პერსპექტივაც უფრო საინტერესოა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ლიტერატურული პროცესი არის საქართველოს კულტურის, განათლების ამაღლების ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტი. ყველა ინსტიტუციასთან ერთად, რომელიც ამ პროცესშია ჩართული, დიდ წვლილს შევიტანთ, რომ კითხვის, განათლების კულტურა ამაღლდეს და უფრო მეტად გაძლიერდეს, ამისთვის მაქსიმალურად დავიხარჯებით", - აღნიშნა დეა მეტრეველმა.
"სადაც ქართული მწერლობაა, იქ არის "საბაც", - განაცხადა მწერალმა რატი ამაღლობელმა. მას მიაჩნია, რომ ქართულ საზოგადოებაში წიგნის დაბრუნება სწორედ "საბას" ძალისხმევით მოხერხდა და ამ მხრივ ის უდიდეს მისიას ასრულებს.
"თიბისი ბანკმა" თანამშრომლობის საინტერესო ფორმატი შემოგვთავაზა. საერთო ინტერესი გახდა გადამწყვეტი, რის გამოც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ კითხვის, ლიტერატურის პოპულარიზაცია და წიგნის დაბრუნება მოხერხდა. ეს მისია 16 წლის წინ "საბამ" თავის თავზე აიღო და ამ ეტაპზეც ღირსეულად ასრულებს. რეალურად, სადაც ქართული მწერლობაა, იქ არის "საბა". ისინი განუყრელი ცნებებია!" - აღნიშნა რატი ამაღლობელმა.
"თიბისი ბანკში" აცხადებენ, რომ 2018 წელი პრემია "საბას" ისტორიაში განსაკუთრებული იქნება. წლევანდელი დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გერმანიაში, ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის ქართული პროგრამის ფარგლებში გაიმართება, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იქნება წარდგენილი.
ორგანიზატორთა განცხადებით, ცერემონია 2018 წლის 12 ოქტომბერს, ქ. ფრანკფურტის მერიის ისტორიულ დარბაზ Kaisersaal-ში ჩატარდება, რაც საერთაშორისო ასპარეზზე ქართული წიგნის გატანის კარგი შესაძლებლობაა.
ლიტერატურული პრემია "საბა" "თიბისიმ" 2003 წელს დააარსა. მას შემდეგ ყოველწლიურად "საბა"გასული წლის ლიტერატურულ პროცესებს აფასებს.
"იგი იქცა ლიტერატურული პროცესების მთავარ განმსაზღვრელ პრემიად, მან მისცა სტიმული უამრავ შემოქმედს, დააფასა არაერთი მწერლის ღვაწლი და გახდა სასურველი ჯილდო მრავალი ადამიანისათვის. "საბა" ხელს უწყობს კითხვის კულტურის ამაღლებასა და მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციას. ლიტერატურული წრეების გარდა, მკითხველიც ყოველ წელს ელოდება "საბას" დაჯილდოებას და გამარჯვებული წიგნები თუ ავტორები მაშინვე იქცევიან ბესტსელერებად. 15 წლის განმავლობაში "საბამ" 140 პრემია გასცა 111 სხვადასხვა ავტორზე", - აცხადებენ კონკურსის ორგანიზატორები.
(ბიზნესპრესი)