ეკატერინე ბასილაია
27.09.2018

 პრეზიდენტებს, პარლამენტის თავმჯდომარეებსა და მინისტრებს, უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან 1 წლის შემდეგ, სახელმწიფო დაცვა აღარ მოემსახურებათ. შესაბამის ცვლილებას ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე შევიდა.

როგორც "ქართული ოცნება" ამტკიცებს, ეს ცვლილება აუცილებელია, რადგან სიცოცხლის ბოლომდე ყოფილი მაღალჩინოსნების დაცვა თანხების ფუჭი ხარჯვაა, თანაც როცა საუბარია გადასახადის გადამხდელთა ფულის ასე ხარჯვაზე.

ამ კანონპროექტს ეხმაურება პრეზიდენტის ადმინისტრაციაც. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება მოქმედ პრეზიდენტზე და გაფრთხილება მომავალი პრეზიდენტებისათვის, რომ მათი უსაფრთხოება მთავრობის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

დღეს მოქმედი კანონით, ყოფილ პრეზიდენტებს, ყოფილ პრემიერ-მინისტრებსა და მათ ოჯახებს სიცოცხლის ბოლომდე ეკუთვნით სახელმწიფო დაცვა, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეებს კი - მომდევნო მოწვევის პარლამენტამდე.

თუმცა პარლამენტში 5 აგვისტოს უკვე შევიდა კანონპროექტი "სახელმწიფო დაცვის შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, სადაც მთელი სიცოცხლის ნაცვლად სახელმწიფო ყოფილ პრეზიდენტებს, პრემიერ-მინისტრებსა და პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეებს მხოლოდ 1 წლით დაიცავს. ყველა სხვა შემთხვევაში, უსაფრთხოების მიზნების გათვალისწინებით, დაცვის პერიოდის გახანგრძლივებაზე გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა მიიღებს.

კანონპროექტის განხილვა გუშინ პარლამენტში იურიდიულ კომიტეტში გაიმართა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე პასუხობდა ოპოზიციის კითხვებს.

ჩუბინიძის განცხადებით, ყოფილი მაღალჩინოსნებისათვის დაცვის გაგრძელება მთავრობის გადაწყვეტილებით მოხდება. თუ დადგინდება, რომ რომელიმე ყოფილი მაღალი თანამდებობის პირის მიმართ საფრთხის შემცველი ვითარება იქნება, მხოლოდ მაშინ გაგრძელდება ყოფილი მაღალჩინოსნის დაცვა.

"საქართველო განვითარების სხვა ეტაპზეა, კრიმინალური ვითარება სახარბიელოა, შესაბამისად, საქართველომ უნდა იფიქროს, როგორც მოწინავე ევროპულმა ქვეყნებმა. ანუ, სადაც არის საჭიროება, იყოს დაცვა, სადაც არ არის საჭირო, მოვხსნათ", - ამბობს ჩუბინიძე.

პოლიტიკოსები მიესალმებიან ინიციატივას, რომ 1 წლის შემდეგ ყოფილი პრეზიდენტები, პრემიერები და პარლამენტის თავმჯდომარეები აღარ უნდა სარგებლობდნენ სახელმწიფო დაცვით, თუმცა ოპოზიციას კითხვები აქვს - 1 წლის გასვლის შემდეგ შერჩევით, პოლიტიკური სიმპათიებისა და ანტიპათიების მიხედვით ხომ არ მოხდება ვიღაცისათვის დაცვის დატოვება და ვიღაცისათვის მოხსნა, ასევე გავრცელდება თუ არა ახალი რეგულაციები ყოფილ პრემიერ-მინისტრებზე.

"სახელმწიფო მოხელეს დაცვა უნდა ჰყავდეს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფრთხე და ეს არ უნდა იყოს ფუფუნების საგანი. ერთი წელი საკმარისად ნორმალური ვადაა, ყოფილმა მაღალი თანამდებობის პირმა გარკვეული ადაპტირება რომ მოახდინოს ჩვეულებრივ ცხოვრებაში.

"ამ კანონის მიხედვით, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ იყოს შერჩევითად გამოყენებული, მაგალითად, უარი უთხრან მარგველაშვილს და დათანხმდნენ ბახტაძისა და ღარიბაშვილის დაცვაზე", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ.

ოპოზიციის მხრიდან დასმულ შეკითხვას, მოეხსნება თუ არა ირაკლი ღარიბაშვილს დაცვა, ანზორ ჩუბინიძემ უპასუხა, რომ როგორც კი ახალი კანონი ძალაში შევა, ის ყველაზე იმოქმედებს, მათ შორის - ღარიბაშვილსა და კვირიკაშვილზე.

"ბატონი ბიძინა გადადგა თუ არა, მაშინვე მოხდა შეწყვეტა და მას ჰყავს დაქირავებული დაცვა კომერციული სახით დაცვის პოლიციიდან. ის თავის მომსახურებაზე იხდის და სახელმწიფო დაცვასთან არავითარ კავშირში არ არის. როდესაც კანონი ძალაში შევა, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს შესრულებული აქვს 1 წელი და მას შეუწყდება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მიერ დაცვა", - განაცხადა ჩუბინიძემ.

მისივე თქმით, დაცვის დანიშვნა პოლიტიკური ნიშნით ვერ იქნება.

"არანაირი პოლიტიკური ნიშნით ვერ იქნება იმიტომ, რომ ნებისმიერი მიმდინარე მთავრობისთვის იქნება სამარცხვინო, თუ მის ყოფილ პრეზიდენტს რამე დაემუქრება. ეს იქნება მხოლოდ საჭიროების მიხედვით.

"რაც შეეხება კვირიკაშვილს, ჯერ ერთი წელი არ არის დასრულებული, შესაბამისად, დაცვა გაგრძელდება. 1 წელი არის ის დრო, როდესაც ჩვენ შეგვიძლია კარგად დავაკვირდეთ და სტატისტიკური მონაცემები ავკრიფოთ, არის თუ არა რაიმე რისკი", - დასძენს ჩუბინიძე.

ხელისუფლების ახალ კანონპროექტს პრინციპულად არასწორს უწოდებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი. მას ეჭვი აქვს, რომ ინიციატივა მოქმედ პრეზიდენტზე ანგარიშსწორებაა.

"დღევანდელი კანონმდებლობით, სახელმწიფო კანონით არის ვალდებული, უზრუნველყოს როგორც მოქმედი, ასევე ყოფილი პრეზიდენტის უსაფრთხოება სპეციალური დაცვის სამსახურის მეშვეობით, მაგრამ ახლა მომზადდა ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს, რომ უკვე ყოფილ პრეზიდენტს კანონით აღარ ექნება დაცვის ეს გარანტია და დაიცავს თუ არა მას სახელმწიფო, ეს იქნება დამოკიდებული არა კანონზე, არამედ მთავრობის კეთილ ნებაზე.

"ეს ცვლილება არის პრინციპულად არასწორი, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოს მეთაურს, ვინც ამავე დროს არის უმაღლესი მთავარსარდალი, არის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი და შესაბამისად, მას სჭირდება დაცვის უმაღლესი გარანტიები. ასევე ძალიან ნათელია, გამომდინარე იმ ფაქტორიდან, როდის მომზადდა ეს ცვლილებები და რა კონტექსტი გვაქვს, რომ ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება მოქმედ პრეზიდენტზე და ასევე გაფრთხილება მომავალი პრეზიდენტებისათვის, რომ მათი უსაფრთხოება იქნება დამოკიდებული მთავრობის კეთილ ნებაზე", - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×