"ადამიანის შეწყალება ჰუმანიზმის ფორმა გახლავთ და მერაბიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ის, რაც საზოგადოებისათვის არის მიწოდებული, ექიმების უმრავლესობისთვის ნამდვილად ღიმილის მომგვრელია, რადგან მისი ამჟამინდელი მდგომარეობის აღწერა არ გახლავთ მისი გათავისუფლების მიზანი", - ვანო მერაბიშვილის შესაძლო შეწყალების შესახებ "რეზონანსს" პოლიტოლოგმა სოსო ცისკარიშვილმა განუცხადა.
სააფთიაქო სკანდალზე, საპრეზიდენტო არჩევნებსა და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე "რეზონანსი" პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს გაესაუბრა.
სოსო ცისკარიშვილი: ის, რაც დღეს გაზეთებში იწერება, უფრო ვნებს ადამიანს. თავად სათაური ხმაურიანია და შინაარსობრივად უხერხულია, რომ სწორედ მსგავსი სათაურით საზღვარგარეთ ხმა მიაწვდინო და არსებობს საფრთხე იმისა, რომ არ იყოს შეფასებული, როგორც მისი მძიმე მდგომარეობა.
ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ, ყოველგვარი სამედიცინო საკითხების გარეშე, გადავდგათ ნაბიჯი იმ ადამიანის გათავისუფლებისაკენ, რომელსაც, რასაკვირველია, მძიმე დანაშაულები აქვს ჩადენილი სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნისას, მაგრამ ვცდილობ, ადამიანში კარგი ვეძიო.
"რეზონანსი": როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტი თავის თანამდებობაზე ყოფნის დასასრულს რა გადაწყვეტილებას მიიღებს, შეიწყალებს თუ არა ვანო მერაბიშვილს?
ს.ც.: საფიქრალი ბატონ პრეზიდენტს ბევრი აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი გიორგი თავისი თანამდებობიდან არ გაიპარება, იგი დატოვებს პრეზიდენტის სავარძელს ხმაურიანი ნაბიჯებით და არა მხოლოდ - ამ თემით.
ვხედავთ, მასზე დიდი სიამოვნებით თავდამსხმელ "მეოცნებე" პარლამენტარების სრულიად განსხვავებულ დამოკიდებულებას პრეზიდენტის მიმართ. ექიმი "მეოცენებეთა" პარლამენტში ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ თუკი დაავადება მძიმეა, გადაიდგას ნაბიჯი შეწყალებისაკენ, ხოლო რეჟისორი ღიად აიძულებს პრეზიდენტს, რომ არც კი იფიქროს ამ ადამიანის შეწყალებაზე.
საზოგადოებაშიც, რასაკვირველია, განსხვავებული აზრი არსებობს. მგონია, რომ ჰუმანიზმი უფრო მეტი ღირებულებაა სახელმწიფოსათვის, ვიდრე - შურისძიება.
"რ": რას ფიქრობთ სააფთიაქო სკანდალზე?
ს.ც.: უნდა გადადგეს ის ხალხი, ვინც ჯანდაცვა მიჭირხნა. არ შეიძლებოდა, რომ ჯანდაცვა ყოფილიყო უბრალოდ ასე მიჭირხვნილი სხვადასხვა საკითხში; ამიტომაც, ნამდვილად არ ჰქონდა გასაქანი ჩვენს ე.წ. ჯანდაცვის მინისტრს. ის ადამიანი, ვისზეც ბრალეულობებია წარდგენილი, საკუთარი თანამდებობის შესაბამისად ნამდვილად არ იყო პასუხისმგებელი სააფთიაქო დარღვევებზე.
ჩვენ ვდუმვართ მანამ, სანამ ვიღაც ხმამაღლა არ წამოიძახებს რაიმე მიუღებელ ფაქტთან დაკავშირებით რაღაცას. ყველაზე მზარდი ასეთ პროცესებში გახლავთ სუს-ი, რომელსაც უფრო ეხერხება გასუსული არსებობა. საზღვარზევე უნდა გადაწყდეს, რა შემოდის, სად მიდის და რა საფრთხის წინაშე დგება სახელმწიფო.
"რ": როგორ ფიქრობთ, მინისტრს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია ჰქონდა თუ არა?
ს.ც.: ვიცით, ბატონი მინისტრი რა შესაძლებლობების ფონზე არის მინისტრი; შესაძლოა, ვინმეს სურდეს კიდეც, რომ იგი იყოს დაპატიმრებული. ასეთი ოცნებები დღევანდელ ოპოზიციაში ალბათ არსებობს, მაგრამ მასთან არაფერი საერთო არ უნდა ჰქონდეს სუს-ს.
ჯანდაცვის სისტემაში მინისტრის ჩართვის გარეშეც ბევრი მიუღებელი რამ არსებობს. ამიტომაც, სუს-ის გამოღვიძება უკვე საჭიროა. მინისტრის დაპატიმრების საფუძველი, ვფიქრობ, რეალურ სივრცეში არ არსებობს.
"რ": პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, რომ "გირჩი" ივანიშვილის პარტიას წარმოადგენს. თქვენი აზრით, რამდენად მართალია აღნიშნული ფაქტი?
ს.ც.: გარედან ისე ჩანს, რომ ბურჭულაძის გარემოცვისათვის ეს ყველაფერი მარტივად შესაფასებელი იქნებოდა, მით უმეტეს, თუ არსებობს შეძენილი მინდვრების დიდი რაოდენობა იმისათვის, რომ პარლამენტის მიერ ჯერჯერობით შეჩერებული კანონპროექტი განახლდეს. არ გამიკვირდება, თუ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ისევ აბიბინდეს მომწამვლელი კანაფი ჩვენი მოქალაქეების დავაადებების შემდგომი გაგრძელებისათვის.
არ არის გამორიცხული, ბატონი ბიძინას ინიციატივა ყოფილიყო ალიანსის შექმნა ერთი პარტიისაგან, რომელიც უკვე იყო მიუწვდომელი საკუთარივე ფინანსური სივრცისათვის და იყო ასეთივე რამდენიმე საკითხი, რომლებიც ძალაუნებურად დაამძიმებდა ურთიერთობას ბურჭულაძესა და ივანიშვილს შორის.
"რ": თქვენი აზრით, პარლამენტი დაუბრუნდება კანონპროექტის განხილვას თუ მას უკან გაიწვევენ?
ს.ც.: ასეთი თემა უნდა იყოს სხვადასხვა კუთხიდან შეფასებული და ასევე, ფართო მსჯელობა უნდა გაიმართოს. თემამ საღამოს წამოიწია და მეორე დილით უკვე პარლამენტის განსჯის თემად გადაიქცა, რაც მიმანიშნებელია იმაზე, რომ თემა არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმ ადამიანისათვის, ვინც შექმნა დღევანდელი პარლამენტიც და მთავრობაც.
"რ": რას იტყვით სალომე ზურაბიშვილის რეიტინგზე და, თქვენი აზრით, უნდა ველოდოთ თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურს?
ს.ც.: თემამ უკვე დააბნია ჩვენი ამომრჩეველი. გულსატკენია, რომ პრაქტიკულად ყველა პარტია მხოლოდ საკუთარი კუთხიდან ცდილობს რაიმე წარმატების მიღწევას და თავად სახელმწიფოს ინტერესებზე საჯაროდ არავინ საუბრობს. ჩვენი სახელმწიფო, სამწუხაროა, მაგრამ, ჯანსაღად ნამდვილად არ გამოიყურება.