ეკატერინე ბასილაია
27.09.2018

 ისრაელის წყაროების ცნობით, რუსეთის მიერ სირიისათვის "ეს-300"-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების გადაცემის საპასუხოდ, ისრაელი განიხილავს, გადახედოს მორატორიუმს და მიიღოს გადაწყვეტილება თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვაზე საქართველოსა და უკრაინისათვის, რომლებიც რუსეთის მტრებად მიიჩნევიან.

ისრაელმა უპილოტოების არმიწოდებაზე მორატორიუმი 2014 წელს დააწესა, როდესაც რუსეთსა და მას შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით, რუსეთი უარს აცხადებდა სირიისთვის "ეს-300"-ების გადაცემაზე, სანაცვლოდ კი ისრაელი პირობას დებდა, რომ საქართველოსა და უკრაინას თანამედროვე უპილოტოებს არ მიაწვდიდა.

თუმცა, მას შემდეგ, რაც 17 სექტემბერს ისრაელის ავიაიერიშების დროს რუსული სადაზვერვო თვითმფრინავი "ილ-20" ჩამოვარდა და 15 სამხედრო დაიღუპა, ისრაელსა და რუსეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა. მართალია, მოსკოვი აღიარებს, რომ რუსული "ილ-20" რუსულივე რაკეტით სირიის საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს, მაგრამ ირწმუნება, რომ ეს არა მისი მოკავშირე სირიის, არამედ ისრაელის პროვოცირების ბრალია, ისრაელის გამანადგურებელი "ეფ-16" რუსულ "ილ-20"-ს ამოეფარა და "ამ მტრულ ქმედებას მოსკოვი ადეკვატურად გასცემს პასუხს".

ამ მუქარიდან რამდენიმე დღეში მოსკოვი აცხადებს, რომ სირიას საზენიტო-სარაკეტო სისტემებს, "ეს-300"-ებს მიაწვდის, რომლებსაც 250 კილომეტრის რადიუსში საჰაერო აპარატების ჩამოგდება შეუძლია. რუსულ მედიაში უკვე იწერება, რომ "ეს-300" სირიას 23 სექტებერს უკვე გადაეცა.

ისრაელის თავდაცვის უწყებიდან კეთდება განცხადება, რომ ისრაელის არმია გააგრძელებს შესაბამისი პოლიტიკური მიზნების განხორციელებას: არ დაუშვას პროირანული ძალების გაძლიერება სირიაში და არ მისცეს უფლება ირანს, "ჰეზბოლა" შეაიარაღოს, კონკრეტულად "ეს-300"-ის სირიისთვის გადაცემაზე კი განცხადება არ გაკეთებულა, თუმცა 2014 წლის შეთანხმება რუსეთის მხრიდან უკვე დარღვეულია და ახლა ისრაელის ნაბიჯის დროა.

ისრაელი მსოფლიოში უპილოტო საფრენი აპარატების მეორე მწარმოებელი ქვეყანაა, ხოლო უპილოტოების ექსპორტის მიხედვით ის პირველ ადგილზეა. სამხედრო ექსპერტების თმით, საქართველოს უპილოტო საფრენი აპარატები სასიცოცხლოდ სჭირდება და დიდია ალბათობა, რომ ისრაელიდან მოხდეს შესყიდვა.

ბრიგადის გენერალ ამირან სალუქვაძის თქმით, დიდია ალბათობა, საქართველომ ისრაელიდან მაღალი ტექნოლოგიების თანამედროვე შეიარაღება და ტექნიკა მიიღოს, თუმცა "გამოწვევის ფორმით საუბარი იმაზე, რომ რუსეთის საპასუხოდ მოგვყიდის ისრაელი უპილოტოებს - ამ რიტორიკაში ჩათრევა ჩვენთვის წამგებიანია".

"სანამ რუსეთის თვითმფრინავი ჩამოვარდებოდა და რუსეთი გადაწყვეტდა სირიისათვის "ეს-300" მიეწოდებინა, მანამ იყო ჩამოსული თბილისში ისრაელის თავდაცვის მინისტრი და ჩვენს თავდაცვის მინისტრთან გააფორმა თანამშრომლობის მემორანდუმი", - ამბობს სალუქვაძე.

სალუქვაძის თქმით, პროგნოზირებადი იყო ის, რომ რუსეთი გააძლიერებდა სირიის საჰაერო თავდაცვას ისრაელის მიმართულებაზე, რადგან რუსეთმა საკმაოდ სწრაფად დაადანაშაულა ისრაელი ისე, რომ არც კი დაელოდა ორმხრივი კომისიის შექმნას და სწორედ ამ დადანაშაულებაში იკვეთებოდა კრემლის ძალიან დიდი სურვილი, ესარგებლათ ამ ტრაგედიით და ინციდენტი გამოეყენებინათ თავისი სამხედრო-პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად სირიაში.

"ეს მიზანია ისრაელის ავიაციის მოქმედებების შეზღუდვა სირიაში, როგორც სირიის, ასევე ირანის სასარგებლოდ. მე ყველა ანალიტიკოსს მოვუწოდებ, რომ ისრაელსა და რუსეთს შორის ამ ვაჭრობაში არ ჩავყვეთ, რადგან ეს წამგებიანია როგორც ზოგადად საფრთხეების გაძლიერების კუთხით ჩვენთვის, ასევე ისრაელ-საქართველოს სამხედრო-ტექნიკური ურთიერთობებისათვის.

"სექტემბრის დასაწყისში შედგა ისრაელის თავდაცვის მინისტრ ავიგდორ ლიბერმანის ვიზიტი თბილისში, მას შემდეგ, რაც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ ეს ურთიერთობები გაყინული იყო. ამიტომაც, გამოწვევის ფორმით საუბარი იმაზე, რომ რუსეთის საპასუხოდ მოგვყიდის ისრაელი უპილოტოებს - ამ რიტორიკაში ჩათრევა ჩვენთვის წამგებიანია.

"კარგი იქნება, თუ ჩვენ ისრაელთან სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას აჟიოტაჟის გარეშე გავაგრძელებთ. ერთია, როცა ეს კეთდება მშვიდად და მეორეა, როცა - გამოწვევის ფორმით, რადგან რუსეთი საკმაოდ მწვავედ აღიქვამს გამოწვევებით საუბარს", - აღნიშნავს სალუქვაძე და დასძენს: - "ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესაჭიროება მაღალი ტექნოლოგიები, თუმცა ორიენტირებული უნდა ვიყოთ არა შესყიდვებზე, არამედ მსგავსი საფრენი აპარატების საქართველოში წარმოებაზე და ამ კუთხით თანამშრომლობაა საჭირო. ისრაელიდან უნდა შევისყიდოთ ის, რის წარმოებასაც საქართველოში ვერ შევძლებთ".

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტ ვახტანგ მაისაიას თქმით, საქართველომ პირველი უპილოტო თვითმფრინავები, "ჰერმესები" 2006-2007 წლებში სწორედ ისრაელიდან მიიღო, თუმცა 2008 წლის ომის შემდეგ ისრაელთან სამხედრო თანამშრომლობა შეწყდა.

"ჩვენ 2008 წელს ვიხილეთ, როდესაც ისრაელის წარმოების უპილოტოები რუსულმა გამანადგურებელმა ჩამოაგდო. ასევე მაშინ სენაკის ბაზაზე რუსებმა ხელში ჩაიგდეს ისრაელის წარმოების უპილოტო თვითმფრინავების დიდი ნაწილი თავისი დოკუმენტაციით და ამით ფაქტობრივად რუსებს გაეხსნათ ხელი, შეექმნათ საკუთარი უპილოტოების მთელი სისტემა. ამიტომაც 2008 წლის შემდეგ ისრაელმა საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობა გაწყვიტა და ყველა ურთიერთობა აზერბაიჯანში გადაიტანა.

"შემთხვევით არ იყო, რომ ავიგდორ ლიბერმანი სექტემბერში ვიზიტით საქართველოში ჩამოვიდა. როგორც ჩანს, მთავარი იდეა იყო, საქართველო-ისრაელის ურთიერთობების აღდგენა მომხდარიყო. ეს იმიტომ, რომ აზერბაიჯანმა შეცვალა ვექტორი, ის რუსული გავლენის ორბიტაში გადავიდა, საქართველო რჩება დასავლური ორბიტის მიდამოებში, ჩვენ კი შესაძლებლობა გვაქვს, რაღაც დივიდენდები მივიღოთ.

"ჩვენ უპილოტოები დღეს ჰაერივით გვჭირდება. ამ მიმართულებით სეროზიული ჩავარდნა გვაქვს და დღეს მომენტალურად გაჩნდა საშუალება, რომ თუნდაც ჩვენი სამხედრო საწარმო "დელტასა" და ისრაელის იმავე სამხედრო-საწარმოო კომპანიებს შორის აღდგეს ის ურთიერთობები, რაც არსებობდა 2006-2007 წლებში, რამაც საკმაოდ დიდი როლი ითამაშა საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაში.

"ამიტომ ეს ვარიანტი უნიკალურია. ისრაელი, ყველა ვარიანტში, გაწყვეტს ურთიერთობას რუსეთთან და ისრაელი, პირველ რიგში, უკრაინასა და საქართველოს დაეხმარება, რომ შეიარაღებულ ძალებში ახალი ტექნოლოგიების პრობლემა აღმოიფხვრას. რუსეთმა უკვე გადასცა "ეს-300"-ები სირიას, ამიტომ უნდა ველოდოთ, რომ ისრაელიც დათანხმდება საქართველოსა და უკრაინასთან თანამედროვე ტექნოლოგიების მიყიდვას", - ამბობს მაისაია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×