მარიამ კუპატაძე
27.09.2018

 შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგი ჩაატარა.

როგორც ქორიძემ თქვა, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს შეწყალების მორიგი აქტი გამოსცა და 111 მსჯავრდებული შეიწყალა.

მისივე ინფორმაციით, შეწყალებულ პირთაგან 42 დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებებს. მათგან 3 ქალი და 1 არასრულწლოვანია.

ვადიანი ან უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 69 პირს, მათ შორის 4 ქალი და 6 არასრულწლოვანია.

შეწყალების კომისიამ სულ 866 საქმე განიხილა, მათ შორის იყო დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმე. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დეკანოზის საქმე განსაკუთრებული წესით განიხილეს, რადგან მას არ აქვს მოხდილი სასჯელის ნახევარი, აუცილებელი იყო რომ სხდომას კომისიის წევრთა 3/4 დასწრებოდა და ყველა მათგანი ერთ პოზიციაზე შეთანხმებულიყო, თუმცა კონსესუსი ვერ შედგა.

,,გიორგი მამალაძის საქმეს კომისია განიხილავდა განსაკუთრებული წესით, რადგან მას არ აქვს მოხდილი სასჯელის ნახევარი, ამას ითვალისწინებს შეწყალების პროცესის დებულება.

ამ წესის თანახმად, კომისიას უნდა ესწრებოდეს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი და დადებითი რეკომენდაცია უნდა მიიღოს სრულმა შემადგენლობამ, ანუ ყველამ, ვინც ესწრება კომისიის სხდომას.

გიორგი მამალაძის საქმის განხილვისას კომისიის წევრთა სრული კონსენსუსი არ შედგა და პრეზიდენტს, შესაბამისად, დადებითი რეკომენდაცია კომისიამ ვერ მისცა. პრეზიდენტმა კომისიის პოზიცია გაიზიარა", - აღნიშნა ზვიად ქორიძემ.

რაც შეეხება ივანე მერაბიშვილს, კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კომისიას ივანე მერაბიშვილის საქმე არ განუხილავს, რადგანაც მას განცხადება შეწყალების თაობაზე, რომლის საფუძველზეც დაიწყებოდა შეწყალების პროცედურა, არ დაუწერია.2017 წლის დეკემბერში მერაბიშვილს აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივმა საბჭომ (ე.წ. უდოს კომისიამ), რომელიც მსჯავრდებულის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხს წყვეტს, უარი უთხრა.

15 აგვისტოს იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მსჯავდებული ვანო მერაბიშვილი სამოქალაქო კლინიკაში იმყოფებოდა. სამინისტროში მაშინ აცხადებდნენ, რომ ციხის სამედიცინო პერსონალმა საჭიროდ ჩათვალა, რომ ვანო მერაბიშვილს სამედიცინო შემოწმება სამოქალაქო კლინიკაში უნდა გაევლო. თითქმის ერთი თვის შემდეგ, მერაბიშვილი სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში კიდევ გადაიყვანეს. მსჯავდებულის ადვოკატის თქმით, ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

23 სექტემბერს მისმა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა "რუსთავი 2" -ს უთხრა, რომ ეჭვი აქვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს მიზანმიმართულად წამლავენ და ახალი კვლევების ჩატარებას ითხოვდა. ამის შემდეგ სამინისტრომ ვანო მერაბიშვილის დიაგნოზი გაასაჯაროვა.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და ყოველგვარი პოლიტიკურისპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმამიზანშეწონილად მიიჩნია, დიაგნოზი გასაჯაროვდეს. ჩატარებული გამოკვლევებისშედეგად, მსჯავრდებულს დაუდგინდა დიაგნოზი: ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ), ბლეფარო-კონიუნქტივიტი", - აცხადებს პენიტენციური სამსახური.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×