მარიამ კუპატაძე
27.09.2018

 უბილეთო მგზავრობაზე კონტროლის გასამკაცრებლად პარლამენტში კანონპროექტი მომზადდა. პროექტი ასევე შეეხება ათიდან თექვსმეტ წლამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანაზე კონტროლის გამკაცრებას.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, უბილეთო მგზავრის ვინაობის დადგენა პრაქტიკაში რთულია, ამის მიზეზი მოწმეთა არარსებობა ან სამართალდამრღვევი პირის მიერ ოქმის გამომწერისთვის არასრულად/არასწორად მიწოდებული ინფორმაციაა.

კანონპროექტის ავტორები ასევე ამბობენ, რომ ოქმის გამომწერ პირს კანონდამრღვევის პოლიციაში იძულებით მიყვანის ან/და საპატრულო პოლიციის მისვლამდე დაყოვნების ბერკეტი არ გააჩნია.

"მაგალითისთვის, 2009 წლის ნოემბრიდან 2010 წლის ივნისის ჩათვლით, აღსრულების მიზნით გაგზავნილი 23 175 საჯარიმო ქვითრიდან, არასწორად შევსებული მონაცემების გამო, ხარვეზით დაბრუნდა 11 189, რის შედეგადაც საჯარიმო ქვითარი გაუქმდა და სამართალდამღვევი პირის ჩადენილ ქმედებაზე ვერ განხორციელდა ადმინისტრაციული სახდელის დადება", - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტი ითვალისწინებს საჯარიმო ქვითრის შედგენისას, უფლებამოსილი პირებისთვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან სამართალდამრღვევის შესახებ ინფორმაციაზე წვდომის უფლების მინიჭებას.

დღეს არსებული რეგულაციით, უბილეთოდ მგზრობა, ან 10-დან 16 წლამდე მგზავრის უბილეთოდ გადაყვანა 5 ლარით ჯარიმდება, ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში კი თანხა 50 ლარამდე იზრდება.

კანონპროექტის ავტორები ზაზა გაბუნია, გოგა გულორდავა და კობა ლურსმანაშვილი არიან.

"კანონპროექტის მიზანია, საჯარიმო ქვითრის შედგენისას, უფლებამოსილ პირებს კანონმდებლობის საფუძველზე მიანიჭოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზიდან სამართალდამრღვევი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების უფლებამოსილება, რათა მათ სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობით შეძლონ საჯარო უფლებამოსილების განხორციელება - ადგილზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვა და სახდელის შეფარდება, ასევე, მინიმუმამდე შემცირდეს არასათანადო პირის დაჯარიმების შესაძლებლობა და არასრულად/არასწორად შევსებული მონაცემების გამო საჯარიმო ქვითრების გაუქმების ალბათობა,"-აღნიშნულია პროექტში.

უბილეთო მგზავრობის, აგრეთვე ათიდან თექვსმეტი წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანის შემთხვევაში მოქალაქეები 5 ლარით, ხოლო საჯარიმო ქვითრის მიღებიდან 30 დღიანი ვადის გაშვების შემთხვევაში 50 ლარით დაჯარიმდებიან.

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×