ექსპრემიერ ივანიშვილის ყოფილი მრჩეველი და ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში უკან დაბრუნების შემდეგ მმართველი პარტიის შიგნით დისციპლინის საკითხი გადაწყიტა, თუმცა ქვეყანაში არსებულ პრობლემებს ეს ვერ შველის. მისი აზრით, ხელისუფლებაში ისეთი ქაოსია, რომ ერთმანეთს ხელს უშლიან. ფიქრობს, რომ არჩევნებში მეორე ტურის ჩატარების ალბათობა არსებობს და, თუ ასე მოხდა, ის მხოლოდ ორ კანდიდატს ვაშაძესა და ზურაბიშვილს შორის გაიმართება.
ანალიტიკოსის აზრით, არ არის გამორიცხული, რომ წინასაარჩევნოდ სარალიძის საქმის ირგვლივ სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბოს, რადგანაც ხელისუფლება საკუთარი თავის საწინააღმდეგოდ იქცევა. მისი აზრით, კობახიძის განცხადებები მარგველაშვილზე და სარალიძის საქმეზე "სრული უტიფრობაა" და ქვეყანაში სიტუაცია მცირედაც რომ დაიძაბოს, პარლამენტის თავმჯდომარე "უკანმოუხედავად მოკურცხლავს".
„რეზონანსი": მასშტაბური სოციოლოგიური კვლევა „რუსთავი2"-ის დაკვეთით საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-მა ჩაატარა, სადაც ჩანს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტური გარდაუვალია. თქვენ როგორ ფიქრობთ?
გია ხუხაშვილი: მეორე ტურის ალბათობა არსებობს და დღეის მონაცემებით ამის ნიშნები ნათელია. რა თქმა უნდა, ეს იქნება ვაშაძესა და ზურაბიშვილს შორის. სხვანაირად გამორიცხულია. მეორე ტური თუ შედგება, ეს იქნება „ნაციონალების" და „ოცნების" დაპირისპირება. სხვა ვარიანტები პოლიტიკურ ბაზარზე უბრალოდ არ ჩანს.
„რ": წინასაარჩევნოდ ვხედავთ, რომ ხელისუფლებას ხან ერთ და ხან მეორე პრობლემასთან დაკავშირებით საზოგადოებასთან სიტუაცია ეძაბება. ზაზა სარალიძესთან მიმართებაშიც ბოლო დღეებში მდგომარეობა რთულდება. როგორ ფიქრობთ, რატომ აკეთებს მმართველინ გუნდის ზოგიერთი წევრი გამაღიზიანებელ განცხადებებს?
გ.ხ: ვფიქრობ, რომ ამ საქმეზე თავის დროზე ორივე მხრიდან შეცდომები იყო დაშვებული. თუმცა სარალიძეს, როგორც შვილმკვდარ მამას, ეპატიება, ხელისუფლებას კი არა. საერთოდ ამოუხსნელია, რატომ უშვებს ხელისუფლება ამ შეცდომებს. თუმცა მე ჩემი მოსაზრება მაქვს და აგიხსნით. სიმართლე გითხრათ, იმის პოლიტიკურ სურვილს ვერ ვხედავ, რომ მათ ამ დანაშაულის დამალვა უნდათ. მაგრამ არც იმას ვამბობ, რომ პირველ ეტაპზე საქმის დანგრევის მცდელობები არ იყო. თუმცა ამ ეტაპზე სიტუაციას ასე აღარ ვხედავ. ხელისუფლებაში არის გარკვეული პოლიტიკური ნება, რომ ყველაფერს ნათელი მოეფინოს, მაგრამ პრობლემები მტკიცებულებებთან დაკავშირებით აქვთ. ამიტომაც ასეთ ვითარებაში ორი მონოლოგის დიალოგის რეჟიმში გადაყვანა შესაძლებელი იყო. რატომღაც ეს ვერ მოხერხდა და სიტუაცია კიდევ უფრო მწვავდება. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას მცდელობა ჰქონდეს ამ ადამიანთან საუბრის, ვხედავთ, რომ რიგი პოლიტიკოსები სრულიად არაადეკვატურ განცხადებებს აკეთებენ.
ცეცხლზე ნავთს ასხამენ, ამბობენ, რომ სარალიძე ანგაჟირებულია, პოლიტიკური ინტერესები აქვს, ფული უნდა, ამით ფაქტობრივად შვილმკვდარ მამას უბიძგებენ, რომ უცნაურ პოლიტიკურ ბანაკში მოხვდეს და საღი აზრით მოლაპარაკების საფუძველს ვერ უქმნიან. ხელისუფლებამ, პირველი, სარალიძეს თანადგომა უნდა აჩვენოს და მეორე -ნება, რომ ისინი რეალური გამოძიებით არიან დაინტერესებულები.
ელემენტარულად სარალიძის წარმომადგენელი დააახლოვონ გამოძიებასთან და აჩვენონ, არსებობს თუ არა საკმარისი მტკიცებულებები ვიღაცის დასაპატიმრებლად. სარალიძესაც უნდა ესმოდეს, რომ თუ არ არსებობს მტკიცებულებები, რა შიდა ინფორმაციაც არ უნდა ჰქონდეს, ბუნებრივია, ადამიანს ვერ დაიჭერ.
„რ": თუმცა ამ მტკიცებულებების განადგურებაში სარალიძე კონკრეტულ პირებს სდებს ბრალს და მათი პასუხისგებაში მიცემასაც ითხოვს...
გ.ხ: კი ბატონო, ხელისუფლებამ ეს პირებიც უნდა დასაჯოს, ვინც ეს მტკიცებულებები გაანადგურა, თუმცა აქაც კონკრეტული ფაქტებია საჭირო. ჰაერზე ხომ ვერავის დაიჭერენ? მეორეს მხრივ უნდა ეცადოს, რომ ყველა ფიგურანტი დააპატიმროს, ვინც ამ გამოძიებას ხელს უშლიდა. ხელისუფლებას უნდა, მაგრამ არ შეუძლია. თან სარალიძეს ვერ უხსნიან გასაგებად, რატომ არ შეუძლია, აქეთ აღიზიანებენ.
„რ": სარალიძემ და მაჩალიკაშვილმა პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, რომ აქციებში ჩაერთონ. ელით, რომ სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდება?
გ.ხ: ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ხელისუფლება იმდენად მყიფე და არაადეკვატურია, რომ ამის პროგნოზირება უკვე მიჭირს. „ქართული ოცნების" მთავარი პრობლემა პოლიტიკური ოპოზიცია კი არ არის, მათი მთავარი პრობლემა საკუთარი თავია. შიგნით მიმდინარე პროცესები, როგორიც არის პოლიტიკური არაპროფესიონალიზმი, სიბრიყვე, გამოუცდელობა. ამ არჩევნებზე „ოცნების" მთავარი მტერი „ოცნებავეა". ის ურჩხული, რომელიც თავის თავში გამოზარდეს, ცდილობს, რომ საკუთარი თავი შეჭამოს. ამ პროცესში ვართ და შიგნით დალაგდნენ ჯერ ის სჯობს.
„რ": კობახიძის განცხადებებს პრეზიდენტთან დაკავშირებით, ფიქრობთ, რომ მმართველ გუნდში იზიარებენ? ივანიშვილიც მასზე ასე ფიქრობს, რომ ის „ნაციონალების" კადრი იყო?
გ.ხ: არ ვიცი ვინ რას ფიქრობს და რა პოლიტიკური მიზნები ამოძრავებთ. ფაქტია, რომ ეს არის უტიფარი და უსინდისო განცხადებები. როგორი სისულელეა, რომ მარგველაშვილი სააკაშვილის ექსპერტი ყოფილა და თურმე „მაესტრო" სახელისუფლო პროექტი იყო. ეს შეურაცხყმყოფელი მხოლოდ მარგველაშვილისთვის კი არ არის, ყველა იმ ადამიანისთვისაა, რომლებმაც იმ ბრძოლაში სიცოცხლეც კი სასწორზე დადეს. ამ დროს კი კობახიძე ბუჩქებში იჯდა. ერთი ქვეყანაში პატარა რამე გამწვავდეს და დაინახავთ, კობახიძე სად გაიქცევა და როგორ მოკურცხლავს.
„რ": ვხედავთ ბოლო დროს „იბერიასთან" დაკავშირებულ პროცესებს, ასევე პროკურატურა „პალიტრაშიც" შევიდა. როგორ ფიქრობთ, ივანიშვილი უკან დაბრუნების მიუხედავად ქვეყანაში და პარტიაში სიტუაციას ვერ აკონტროლებს თუ ეს მისი მითითებებით ხდება?
გ.ხ: ივანიშვილმა გარკვეული ამოცანები გადაწყვიტა და შიდა დისიპლინალური საკითხები მოაგვარა. თუმცა ამ პრობლემებს შიდა დისიპლინის დალაგება არ შველის. აბსოლუტურად მოშლილი, დეზორგანიზებული და ეფექტურობას მოკლებული გაუგებარი სისტემაა შიგნით ჩამოყალიბებული. ბუნებრივია, აქედან გამომდინარე შეცდომები გარდაუვალია.
მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებაში ერთიანი სისტემა არ არის. მარცხენა ხელი რას აკეთებს, მარჯვენამ არ იცის. რა თქმა უნდა, წინასაარჩევნოდ ასეთი ნაბიჯები თავად ხელისუფლებას დააზიანებს, მაგრამ სხვადასხვა კომპეტენციები არსებობს და ერთმანეთს აზიანებენ. ამის დამლაგებელი და კორდინატორი არ არსებობს, ამიტომაც ხდება ასეთი რაღაცეები. წინასაარჩევნოდ იგივე მარიხუანის თემის წამოწევა რაში დასჭირდათ... ხომ იცოდნენ, რომ დიდი წინააღმდეგობა მოჰყვებოდა. ან რატომ სჭირდებოდათ პარლამენტის ქუთაისიდან გადმოტანის საკითხის ამოწევა. ეს არის დეზორგანიზებულობის ბრალი, რაც გაუგებრობას იწვევს.