ელზა პაპოშვილი
27.09.2018

 დეკანოზ გიორგი მამალაძე პრეზიდენტმა არ შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის, ზვიად ქორიძის თქმით, მამალაძის საკითხი კომისიაში სპეციალური წესით განიხილეს, რადგან ამ უკანასკნელს სასჯელის ნახევარი მოხდილი არ აქვს. ქორიძის თქმით, მამალაძის საკითხზე კომისიაში კონსენსუსი ვერ შედგა და პრეზიდენტს შესაბამისი რეკომენდაცია შეწყალების თაობაზე ვერ მისცეს, პრეზიდენტმა კი კომისიის პოზიცია გაითვალისწინა. სპეციალური წესით განხილვისას კომისიის სხდომას უნდა ესწრებოდეს სრული შემადგენლობის 3/4, ხოლო დადებითი გადაწყვეტილება ყველა დამსწრემ ერთხმად უნდა მიიღოს.

მიუხედევად შეწყალებაზე უარისა, დეკანოზის ოჯახი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი გიროგი მარგველაშვილი მას საკუთარი სურვილით მაინც შეიწყალებს. დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მას ამ ეტაპზე არ სურს კონკრეტული განცხადების გაკეთება, რატომ და რის გამო ვერ მოხდა შეწყალების კომისიის წევრების შეთანხმება. მისი თქმით, ოჯახი ჯერჯერობით პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლას და მის განცხადებას დაელოდება. პრეზიდენტს კონსტიტუციით შეუძლია, რომ კომისიის მიუხედავად უარყოფითი დასკვნისა დეკანოზი მაინც შეიწყალოს.

„კომისიის გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა. მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ ეს საქმე თეთრი ძაფებით არის შეკერილი და დეკანოზი უკანონო პატიმარია. რაც შეეხება პრეზიდენტს, თავად განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია და არ უთქვამს, რომ არ იწყალებს. აქედან გამომდინარე, არც კომისიას განუცხადებია, რომ მარგველაშვილმა უკვე რამე გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ვიცი კომისიაში 30 წევრია და აქედან წინააღმდეგი ერთიც რომ წავიდეს, პრეზიდენტს უარყოფით რეკომენდაციას აწვდიან. თუმცა მარგველაშვილს კონსტიტუციით აქვს უფლება, რომ შეიწყალოს. მის ჩამოსვლას დაველოდებით და ამის შემდეგ დავაფიქსირებთ უფრო ღიად ჩვენს პოზიციას.

არ ვიცი კომისიის წევრებზე რა სახის ზეწოლა შეიძლება იყოს. ჯერ მაინც საბოლოო დასკვნას დაველოდებით და ამის ანალიზსს მერე გავაკეთებ. არ მინდა რამეზე ფაქტების და მტკიცებულებების გარეშე ვისაუბრო. ფაქტია პრეზიდენტმა არა ერთხელ თქვა, რომ ამ საქმეში ძალიან ბევრი ბუნდოვანებაა და დეკანოზი ვიღაცის პირადი პატიმარია", - აცხადებს მამალაძე „რეზონანსთან".

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აცხადებს, რომ კომისიის თავმჯდომარის განცხადება "გზააბნეული და მიზანმიმართული" იყო. რაც შეეხება პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რამიშვილი ფიქრობს, რომ მას საკუთარი პოზიცია ჯერჯერობით არ დაუფიქსირებია და კომისიის დასკვნის გაზიარება არ გაზიარებაზე მის კომენტარს ელიან. ადვოკატი ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიზანიმართულია, რადგანაც მამალაძე, როგორც საპატრიარქოში მყოფი მაღალი სასულიერო პირებისთვის, ასევე საერო პირებისთვისაც დიდ საშიშროებას წარმოადგენს.

„რა თქმა უნდა, ზეწოლა მოხდა. როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის პოზიციიდან გამომდინარე, მაინც იგნორირება ხდება. ჩემთვის ძალიან გასაკვირია, როდესაც ამბიონიდან ძმობაზე და სიყვარულზე საუბრობენ, დეკანოზის შესახებ საპატრიარქოს მაღალი სასულიერო იერარქიის პირებს პოზიცი არ დაუფიქსირებიათ. ეს კი პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს უკანონობაა და ჩვენთან სამარალი არ არსებობს", - აცხადებს რამიშვილი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×