„ძალიან ცუდი ფაქტია და ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული დარტყმაა. ის წარმატებული სფერო, რაც იყო ჯანდაცვა, განვითარებული მოვლენების საფუძველზე საკმაოდ დაზიანდა. ახლა უნდა დაველოდოთ გამოძიებას, აღნიშნული ფაქტი შეესაბამება თუ არა სიმართლეს," - აცხადებს პარლამენტის წევრი დავით ჭიჭინაძე „რეზონანსთან" საუბრისას.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულაციების სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი გია თვალავაძე, რომელიც გუშინ გულის შეტევით ციხიდან კლინიკაში გადაიყვანეს, მკურნალობას ამ დრომდე ჩაფიძის კლინიკაში განაგრძობს.
იგი დაკავებულ იქნა სამსახურეობრივი საქმიანობის ბოროტად გამოყენების, ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის ბრალდებით. როგორც ცნობილია, თვალავაძის მიერ შემოსავლის საერთო ჯამი 4 094 709 ლარს შეადგენს. მასთან ერთად, სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით, დაკავებულია კიდევ 5 პირი. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დავით ჭიჭინაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ყველა მინისტრი პასუხისმგებელია მის სამინისტროში მიმდინარე მოვლენეზე.
„ქართული ოცნების" ყველა მონაპოვარი ჯანდაცვის სფეროში ამ სკანდალით გადაიხაზება და ეს ერთ-ერთი წარმატებული სფეროც ჩავარდება ყველა იმ წარუმატებელში, რაც დანარჩენში არსებობს.
„მინისტრის გადადგომასა და ამ სააგანეტოს საქმიანობას ერთმანეთს ვერ დავუკავშირებ, იქიდან გამომდინარე, რომ ერთმანეთთან შემხებლობაში ნაკლებად არიან. თუ გამოძიება დაადასტურებს ამ ყველაფერს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა არსებობს და ამ შემთხვევაში მინისტრი უნდა გადადგეს. ყველა მინისტრი პასუხისმგებელია მის სამინისტროში მიმდინარე მოვლენებზე," - აცხადებს ის.
ჭიჭინაძე ვარაუდობს, რომ ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონია.
„დავით სერგეენკოს კარგად ვიცნობ, ვიცი მისი მსოფლმხედველობა და ნამდვილად ვერ წარმოვიდგენ, რომ ბატონი დავითი ამ საქმეში გარეულია, ან ინფორმირებული იყო და თვალს ხუჭავდა ამ ყველაფერზე.
„ზოგადად, სააფთიაქო ნარკომანია დიდი ხანია განხილვის თემაა. ეს ფაქტი ჯანდაცვის სამინისტროსთვის ყველანაირად დამაზიანებელია. თან ისიც ერთვის, რომ როგორც ამბობენ მთელი სამსახური იყო ჩართული და უამრავი ადამიანია დაკავებული. არა მგონია, რომ ეს ვინმეს რეპუტაციას წაადგეს, ეს არა მარტო ჯანდაცვის სამინისტროზე კი არა, მთელ მთავრობაზე ცუდად იმოქმედებს," - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
რაც შეეხება თავად ყოფილი მაღალჩინოსნის ჯანმრთელობის მდგომარეობას, თვალავაძის ადვოკატის, ლალი აფციაურის ინფორმაციით, საკმაოდ მძიმეა და მისი გადაადგილება შეუძლებელია. ამ ინფორმაციას „ინტერპრესიუსი" ავრცელებს.
„გია თვალავაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ სერიოზულია. გულის დაავადების გარდა მას კიდევ სხვა კუთხით შეექმნა პრობლემები. ჯანმრთელობის მდგომარეობის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, დეტალებში არ მინდა შევიდე, თუმცა ინფორმაცია მის ჯანმრთელობაზე საკმაოდ სერიოზულია.
„როგორც აღვნიშნე, გულის პრობლემის გარდა სერიოზული დაავადებაც აწუხებს და ჯერ კიდევ გამოკვლევები მიმდინარეობს. დიაგნოზიც კი არ გვაქვს. ისევ რჩება ჩაფიძის გულის კლინიკაში. ამ ეტაპზე კატეგორიულად გამორიცხულია მისი ადგილიდან დაძვრა, გადაადგილება", - განაცხადა აფციაურმა „ინტერპრესიუსთან" საუბრისას.