მარი გოცირიძე
28.09.2018

 "თიბისი ბანკმა" და ევროპის საინვესტიციო ბანკმა (EIB) 30 მილიონი ევროს სასესხო ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. რესურსის ვადა 5 წელია და ის მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტებას მოხმარდება. კერძო სექტორისა და განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერა კვლავაც რჩება უ|ი-ის აქტივობის მიზნად საქართველოში.

როგორც "თიბისი ბანკში" განმარტავენ, ახალი საკრედიტო ხაზი საშუალებას მისცემს "თიბისი ბანკს", ხელი შეუწყოს საქართველოში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებასა და განვითარებას.

"თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის - ვახტანგ ბუცხრიკიძის შეფასებით, მცირე და საშუალო ბიზნესი არის ძალიან მნიშვნელოვანი სფერო საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის.

"მოხარული ვართ, რომ ასეთი წარმატებული პარტნიორობა გვაქვს ევროპის საინვესტიციო ბანკთან. ეს უკვე მეოთხე ტრანზაქციაა, რომელიც 2012 წლიდან დღემდე ჩვენმა ინსტიტუტებმა განახორციელეს. ვიმედოვნებთ, რომ ამ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში კიდევ უფრო მეტ გარიგებას განვახორციელებთ მომავალში. ფინანსური რესურსი მოხმარდება მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დაფინანსებას, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს "თიბისი ბანკის" პოზიციებს ამ სეგმენტში საქართველოში. ახალი საკრედიტო ხაზი მთლიანად მოხმარდება ამ სექტორის განვითარებას თბილისსა და რეგიონებში. აქცენტს გავაკეთებთ მომსახურების სერვისების, განსაკუთრებით სასტუმრო ბიზნესის ხელშეწყობაზე, რაც ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებით წლების განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვან პროექტებს ვაფინანსებთ, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების წინაპირობაა", - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

"ევროპის საინვესტიციო ფონდი" ევროპის საინვესტიციო ბანკის ჯგუფის ნაწილია. მისი ძირითადი მისიაა ევროპის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა მათთვის დაფინანსების ხელმისაწვდომობაზე დახმარების გზით.

EIB მხარს უჭერს კერძო სექტორის განვითარებას ძირითადად საკრედიტო ხაზების საშუალებით, რომლებიც ავსებენ გრძელვადიანი დაფინანსების სიმცირეს მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის საქართველოში. პარტნიორი საფინანსო შუამავლები, რომლებიც უპირატესობას იღებენ EIB-ს მიერ შეღავათიანი პირობებით მიწოდებული სახსრებიდან, გადასცემენ ფინანსურ სარგებელს საბოლოო ბენეფიციარებს, რაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მათ წვდომას დაფინანსებასთან.

როგორც EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკიმ აღნიშნა, ბანკის ახალი სტრატეგიით განსაზღვრული მიმართულებები ხელს უწყობს ქვეყანაში კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას, კაპიტალის ბაზრის განვითარებას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას, ენერგოეფექტური პოლიტიკის მხარდაჭერას და სხვა.

"დღევანდელი ხელშეკრულება საშუალებას მისცემს "თიბისი ბანკს", გააფართოოს თავისი დაფინანსების არეალი, რაც სარგებელს მოუტანს ქართულ კომპანიებს. უ|ი ეხმარება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მიზნების განხორციელებას აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში კერძო სექტორის სტაბილიზაციისა და ხელშეწყობისთვის. ამ ტრანზაქციით ქართული მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის გრძელვადიანი დაფინანსების ხელშეწყობა იზრდება, რაც მათ განვითარებასა და კონკურენტუნარიანობაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს. შესაბამისად, შეიქმნება მეტი სამუშაო ადგილი და საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება", - განაცხადა ვაზილ ჰუდაკიმ.

მისი თქმით, EIB მომავალშიც გააგრძელებს საქართველოში ფინანსურ ინსტიტუტებთან თანამშრომლობას და ინვესტირებას ისეთ დარგებში, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლი უკავიათ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაში, სამუშაო ადგილების შექმნასა და ქვეყნის მდგრადობაში.

როგორც პრესკონფერენციის მონაწილეებმა აღნიშნეს, "თიბისი ბანკისთვის" გამოყოფილი ფინანსური რესურსი გააუმჯობესებს მცირე და საშუალო კომპანიების დაფინანსების პირობებს, ხოლო "თიბისი ბანკს" შემატებს მეტ სურვილსა და შესაძლებლობას, ითავოს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გაცემულ სესხებთან დაკავშირებული რისკები.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი ევროკავშირის გრძელვადიანი სასესხო ფინანსური რესურსის მიმწოდებელი ინსტიტუტია, რომელსაც ფლობენ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. ის ხელმისაწვდომს ხდის გრძელვადიან დაფინანსებას ჯანსაღი ინვესტიციებისთვის, რათა ხელი შეუწყოს ევროკავშირის პოლიტიკის მიზნების მიღწევას.

(ბიზნესპრესი)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×