აქციზის ძველ ნიშნულზე დაბრუნებით მთავრობას საწვავის 20-25 თეთრით მომენტალური გაიაფება შეუძლია. როდესაც აქციზის გადასახადმა მოიმატა, საწვავის ღირებულება 1,80 ლარს არ აჭარბებდა, ახლა კი 2,50-ს მიაღწია. პერსპექტივაც ძალიან ცუდია. საერთაშორისო ანალიტიკოსები ნავთობის 100 დოლარამდე გაძვირებას ელოდებიან. ამ ფონზე კვლავ უცნობია, მსჯელობს თუ არა აქციზის განაკვეთის შეცვლაზე მთავრობა.
ზედიზედ რამდენიმე თვეა, საწვავის ფასი მატულობს. საერთაშორისო ბაზრებზე 1 ბარელი ნავთობის ღირებულებამ 82 დოლარს გადააჭარბა. ვარაუდობენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე 1 ლ საწვავის ფასი 3 ლარს გაუტოლდება. ასეთ რთული ვითარებაში დღის წესრიგში დგება საკითხი, უნდა დაიწიოს თუ არა აქციზის გადასახადმა, რომელიც 2017 წელს ყველასთვის მოულოდნელად გაიზარდა მაშინ, როცა ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობდა.
საუბარია იმაზეც, რომ 1 ბარელი ნავთობის ფასი წლის ბოლომდე, შესაძლოა, 100 დოლარამდე გაიზარდოს - ასეთ პროგნოზს გამოთქვამენ სასაქონლო ბაზრებზე მომუშავე ჯგუფები "ტრაფიგურა" და "მერკურია". ამის მიზეზი ირანის წინააღმდეგ ამოქმედებული ახალი ეკონომიკური სანქციები გახდება.
მოლოდინი მკვეთრად უარყოფითია და არც ლარის გამყარების არავითარი ობიექტური ფაქტორები არ შეინიშნება, ამიტომ აქციზის გადახედვა ბაზარზე ფასების სტაბილიზაციისთვის დაუყოვნებლივი აუცილებლობაა.
აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა დაიწყოს აქციზის გადასახადის გადახედვაზე ფიქრი. საწვავის გაძვირების გარდა, ლარის დევალვაციაც ინფლაციის მასტიმულირებელია და ამ მხრივ ვითარება უკვე საგანგაშოა.
"როცა აქციზზე გადასახადმა მოიმატა, მაშინ 2 ლარზე ბევრად ნაკლები იყო საწვავის ფასი და ამავე დროს კურსიც შედარებით დაბალ ნიშნულზე მერყეობდა. ახლა გაცილებით რთულადაა საქმე. ამიტომ, რა თქმა უნდა, დაუყოვნებლივ უნდა დადგეს დღის წესრიგში საკითხის გადახედვის აუცილებლობა. საწვავის მაღალი ფასი აძვირებს აბსოლუტურად ყველაფერს, დაწყებული ტრანსპორტირებით, პირველადი დანიშნულების საკვებით დამთავრებული.
სამწუხაროდ, ხშირად ამ ყველაფერს ისე ხედავენ, თითქოს მხოლოდ ავტომფლობელებს ეხებათ ეს პრობლემა, რაც ტყუილია. დღეს, როცა საწვავის ფასი კატასტროფულად მაღალია და უარესის მოლოდინი არსებობს, ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ნავთობპროდუქტების აქციზის კლებაზე.
მერწმუნეთ, როგორც საწვავის მცირედი გაძვირება აისახება მომხმარებელზე უარყოფითად, ზუსტად ისევეა გაიაფებაც. მცირედი შეღავათიც რომ იყოს, ისედაც უკიდურეს სიღარიბეში მყოფ მოსახლეობას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემდა. ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს ამაზე ფიქრი", - აცხადებს "რეზონანსთან" ავთო სილაგაძე.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი ადასტურებს, რომ აქციზის კლება საწვავს ნამდვილად გააიაფებს, თუმცა ხელისუფლებამ უნდა აწონოს, რა რისკები ექნება ამ მხრივ საბიუჯეტო შენატანებს.
"საერთაშორისო ფასი ნავთობპროდუქტებზე არის რეკორდულად მაღალი ბოლო წლების განმავლობაში. ამის გარდა, ლარი გაუფასურებულია დოლარის მიმართ. ამ ორი ფაქტორის ერთობლიობის შედეგად ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როცა ქვეყანაში საწვავის ფასი კრიტიკულად მაღალია. ეს არის პროცესი, რომელიც მიმდინარე ეტაპზე აზარალებს არა მხოლოდ მომხმარებელს, არამედ კომპანიებსაც. გაზრდილი ფასი ნიშნავს მომხმარებლების შემცირებულ რაოდენობას.
აქციზის როლი ამაში, რა თქმა უნდა, არის, თუმცა აქ მოქმედებს ორი ფაქტორი. პირველი - აქციზის შემცირებით შესაძლებელია ნავთობპროდუქტებზე ფასის კლება; მაგრამ მეორე - მიმდინარე წლის განმავლობაში ამის გაკეთება გამოიწვევს პრობლემას ბიუჯეტის შესრულების მხრივ, რადგან საბიუჯეტო შემოსავლები უკვე გაწერილია და მთავრობამ იცის, რამდენი უნდა მიიღოს ნავთობპროდუქტების ბიზნესისგან.
სწორედ ეს ორი კომპონენტია, რომელიც უნდა დათვალოს და აწონ-დაწონოს ხელისუფლებამ და ამის შედეგ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელია უფრო მნიშვნელოვანი ამ ეტაპზე.
გარდა ამისა, არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორიც. მსოფლიო ბაზარზე უკეთესობის ტენდენცია არ ჩანს, პირიქით, ყველა პროგნოზით, მოსალოდნელია, რომ ფასი კიდევ უფრო გაიზრდება. ასე რომ, 2019 წლის დაგეგმვისას ამაზე ფიქრი ძალიან წაადგებოდა ბიზნესსაც და მომხმარებელსაც, რადგან აქციზის ძველ ნიშნულზე დაბრუნება საწვავის 20-25 თეთრით გაიაფებას ნიშნავს", - აცხადებს "რეზონანსთან" ვანო მთვრალაშვილი.
იგი სხვა ქვეყნების პრაქტიკასაც იშველიებს და მიიჩნევს, რომ სრულიად შეიძლება, საქართველოშიც ნავთობპროდუქტებზე გადასახადი ცვალებადი იყოს.
"მაშინ, როდესაც აქციზი გაიზარდა, საწვავი მსოფლიო ბაზარზე ძალიან დაბალ ფასად იყო. ახლა კი, პირიქით, ისტორიულ მაქსიმუმზეა. ასეთ შემთხვევებში, როგორც სხვა ქვეყნებში, (მაგალითად, თურქეთში), კარგი იქნებოდა, გადასახადი ნავთობპროდუქტებზე არ იყოს სტატიკური და იცვლებოდეს მსოფლიო ბაზრის ტენდენციის შესაბამისად", - აღნიშნა ვანო მთვრალაშვილმა.