სარეკლამო ბიზნესი დიდ დარტყმას მიიღებს და სხვა გზების მოძებნა მოუწევს
თამარ მუკბანიანი
28.09.2018

 აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამისთვის ჯარიმა 10 000 ლარი იქნება. კანონის პროექტი "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერაა შემუშავებული და პარლამენტს რამდენიმე დღეში წარედგინება. რეკლამის აკრძალვით ბაზარი დამკვეთების დაახლოებით 1/3-ს დაკარგავს.

აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამა, შესაძლოა, აიკრძალოს და სოლიდური ჯარიმაც დაწესდეს. საკანონმდებლო ცვლილების ავტორი და ინიციატორი არიან დეპუტატები: ლევან გოგიჩაიშვილი, ირაკლი ბერაია, ირაკლი აბუსერიძე, გოგა გულორდავა, ბიძინა გეგიძე და ცოტნე ზურაბიანი. მათი შემუშავებული კანონპროექტის მიხედვით, აიკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება რელიგიურ, საბავშვო, სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებებში, კულტურისა და სპორტის ორგანიზაციებში, აგრეთვე გარე რეკლამა მათგან 100 მეტრის რადიუსში.

ასევე, იკრძალება აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელება ტელევიზიის, რადიოს, ინტერნეტისა და კომუნიკაციის სხვა საშუალებებით, გარდა სპონსორობისა. სპონსორობის შემთხვევაში დასაშვებია მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშების ორგანიზატორი მეწარმე სუბიექტის დასახელების და სასაქონლო ნიშნის - ლოგოტიპის გავრცელება. აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის აკრძალვა არ გავრცელდება წამახალისებელი გათამაშების რეკლამაზე, გარდა აზარტული და მომგებიანი თამაშების წამახალისებელი რეკლამისა.

კანონპროექტის მიხედვით, აზარტული და მომგებიანი თამაშების რეკლამის გავრცელების წესის დარღვევა გამოიწვევს რეკლამის განმათავსებლის და რეკლამის დამკვეთის დაჯარიმებას თითოეულისა 10 000 ლარის ოდენობით. ამასთანავე, დაჯარიმების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შესაბამისი ჯარიმის ოდენობა გაორმაგდება წინა ჯარიმის ოდენობასთან შედარებით ყოველ 1 თვეში.

პიარტექნოლოგიების სპეციალისტი ელდარ პირმისაშვილი ამბობს, რომ ამ კუთხით ორი ძირითადი გამოწვევაა. რა თქმა უნდა, სარეკლამო ბაზარი, სადაც დიდი წილი აზარტული თამაშების ბიზნესს უჭრავს, მნიშვნელოვან დარტყმას მიიღებს, მაგრამ, მეორე მხრივ, დროთა განმავლობაში ეს ნიშა თავისუფალი ვერ დარჩება და მოხდება ის, რაც ევროპის ყველა ქვეყანაში მოხდა. მათ ეს გზა დიდი ხნის წინ გაიარეს.

"დროთა განმავლობაში სარეკლამო კომპანიები და მედიასაშუალებები იპოვიან ახალ დამკვეთს. რადგან აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყევლაზე შემოსავლიანი ბიზნესია, მას კონკურენციას ვერ უწევდნენ სხვა დარგის კომპანიები და სწორედ ამითაა განპირობებული, რომ თუნდაც ბილბორდების უდიდესი უმრავლესობაც სწორედ ამ ტიპის რეკლამას უკავია.

შეიძლება ითქვას, სარეკლამო ბაზარი, ერთი მხრივ, კარგავს დიდ დამკვეთს, მეორე მხრივ კი, იძენს შესაძლებლობას, ეძებოს და განავითაროს ახალი ნიშა", - აცხადებს პირმისაშვილი.

"რეზონანსი" საკანონმდებლო ცვლილების ერთ-ერთ ავტორს, უმრავლესობის წევრ ცოტნე ზურაბიანსაც დაუკავშირდა. მისი ინფორმაციით, კანონპროექტის საჭიროება გამომდინარეობს სოციალური პასუხისმგებლობიდან და პრობლემებიდან, რომელიც სათამაშო ბიზნესს უკავშირდება.

"კანონპროექტის საჭიროება გამომდინარეობს სოციალური პასუხისმგებლობიდან, რომელიც ქვეყანაში აზარტული და მომგებიანი თამაშების კუთხით დგას. აქედან გამომდინარე, ამას მოჰყვება დისკუსია და მსჯელობა საზოგადოებასთან. დარწმუნებული ვარ, საბოლოო ჯამში, მივიღებთ კანონს, რომელიც მნიშვნელოვნად გამოასწორებს აზარტულ თამაშებთან დაკავშირებულ პრობლემებს. სწორედ ესაა კანონპროექტის მიზანი", - აღნიშნა ზურაბიანმა.

შეგახსენებთ, რომ აზარტული თამაშების აკრძალვა დღის წესრიგში "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში უკვე მეორედ დადგა. პირველად ინიციატივა კობა დავითაშვილს ეკუთვნოდა. მაშინ პარლამენტმა პირველი მოსმენით კენჭი უყარა აღნიშნულ ცვლილებას, თუმცა ინიციატივა იქვე გაიყინა და ბოლოს მოიხსნა კიდეც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×