საქმის მასალების მიხედვით, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულები გურწიევი და ტაბოევი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან და საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოდიან, - ამის შესახებ პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარე ითხოვს, მათი მტკიცებულებები საქმის არსებითი განხილვისთვის დასაშვებად იქნას ცნობილი.
„წარმოდგენილია საქმის მასალები, დაზარალებულთა დაკითხვის ოქმები, მოწმეთა დაკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, რომელთა გამოკვლევის შედეგადაც მიგვაჩნია, რომ 2018 წლის 22 თებერვალს სწორედ ბრალდებულების მიერ მოხდა არჩილ ტატუნაშვილისა და მასთან ერთად მყოფი პირების თავისუფლების უკანონო აღკვეთა. ასევე შემდგომი წამების მიზნით ე.წ. სამართალდამცველი ორგანოებისთვის არჩილ ტატუნაშვილის გადაცემა. დაკავებას და სამართალდამცველებისთვის ტატუნაშვილის გადაცემას მოჰყვა მისი წამება და შემდგომ გარდაცვალება. დღევანდელ პროცესზე გადაისინჯება ბრალდებულების მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებები", - განცხადა პროკურორმა.
მცხეთის სასამართლო არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე მსჯელობს.
დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევის მიმართ ბრალდების მუხლი გადაკვალიფიცირდა და პროკურატურა მათ 144-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით ედავება, რაც ადამიანის წამებით სიკვდილს გულისხმობს. მათ ბრალი დაუსწრებლად აქვთ წარდგენილი.
არჩილ ტატუნაშვილის წამებით მკვლელობაში ბრალდებულ ორ პირს ინტერპოლის წითელი ცირკულარითაც ეძებენ. ინტერპოლმა არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულ პირებზე ძებნა მიმდინარე წლის 13 სექტემბერს გამოაცხადა.
გურწიევსა და ტაბოევს საქართველოს მოქალაქეების - არჩილ ტატუნაშვილისთვის, იოსებ პავლიაშვილისა და ლევან ქუტაშვილისთვის დამამძიმებელ გარემოებებში თავისუფლების უკანონო აღკვეთა და დამამძიმებელ გარემოებებში არჩილ ტატუნაშვილის წამება ედებათ ბრალად. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.