ელზა პაპოშვილი
28.09.2018

 კვირას საბერძნეთში ქართველი ემიგრანტები კიდევ ერთ გარდაცვლილ ქალს დაემშვიდობებიან და მას სამშობლოში გამოაცილებენ. შემთხვევა კი დღეს დილით მოხდა. ათენში 60 წლის ქალბატონი რუსიკო ჩიხრაძე იმ მოხუცმა იპოვა გარდაცვლილი, რომელსაც თავად უვლიდა. ჩიხრაძე ტყიბულიდანაა და მას საქართველოში შვილი და შვილიშვილები ჰყავს. მის სამშობლოში გადმოსვენებას საბერძნეთში საქართველოს საელჩო უზრუნველყოფს.

ბერძენმა მოხუცმა ქალის ძებნა მას შემდეგ დაიწყო, რაც ის დილით მასთან არ გამოჩნდა. მოხუცი ქართველ ემიგრანტებთან ყვება, რომ რამდენჯერმე დაძახების შემდეგ, როდესაც მან პასუხი არ გასცა, ძებნა დაიწყო. თავიდან იფიქრა, რომ ალბათ სადმე წავიდა, თუმცა რუსიკო მისი გაფრთხილების გარეშე არსად მიდიოდა. ოთახებში ძებნის შემდეგ, ის მისავე საწოლში უკვე გარდცავლილი იპოვა. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ქართველი ემიგრანტი ქალი რამდენიმე საათის გარდაცვლილი დახვა.

„რეზონანსთან" გარდაცვლილის მეგობარი, ემიგრანტი მარინა წერეთელი ყვება, რომ რუსიკო ჩიხრაძეს გული და მაღალი არტერიული წნევა აწუხებდა, თუმცა ამაზე არასდროს წუწუნებდა და ავადმყოფობას არ იმჩნევდა. წერეთელი ვარაუდობს, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი ან გულის ინფაქტი ან კიდევ ტრომბი უნდა გამხადირიყო.

„არ ვიცი რა გითხრათ, ძალიან დაგვწყვიტა გული. მას კვირას დავემშვიდობებით და სამშობლოში გადმოასვენებენ. ეს არის საკმაოდ ტრაგიკული ფაქტი. ის გარდაცვლილი მოხუცმა იპოვა, რომელსაც უვლიდა. საკმაოდ მხიარული და თბილი ქალი იყო. ავადმყოფობას არ იმჩნევდა. უბრალოდ რაღაც წინათგრძნობა ჰქონდა და ამბობდა, რომ უცხო ქვეყნის მიწაზე სიკვდილი არ უნდოდა.

ვარაუდობთ, რომ გულმა დაარტყა. ვიცი, რომ მაღალი წნევები ჰქონდა, მაგრამ ამას არასდროს იმჩნევდა და არც წუწუნებდა. ტყიბულიდან არის, ჰყავს შვილებიც და შვილიშვილებიც. აქ ყველა ქართველი ქალები ასე ვართ, დარდს არ ვიმჩნეევთ. რუსიკოც ასე იქცეოდა. მითხრა ოქტომბერში მინდა სამშობლოში დაბრუნებაო, მაგრამ ვეღარ მოასწრო. მის გადმოსვენებას ჩვენი საელჩო უზრუნველყოფს, არანაირი პრობლემა არ ყოფილა. მაშინვე საქმეში ჩაერთვნენ", - აცხადებს „რეზონანსთან" წერეთელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×