"კერძო ბიზნესში 500 ათასი დასაქმებული ინახავს ამხელა მადის მქონე ბიუროკრატიას"
მარი ჩიტაია
28.09.2018

 მთავრობა და მაღალი თანამდებობის პირები გაღატაკებული მოსახლეობის ხარჯზე ცხოვრობას არხეინად აგრძელებენ. ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილი დოვლათი სწორედ ჩინოვნიკების ხელფასებს ხმარდება, რაც არასამათავრობო ორგანზიაციის კვლევითაც დასტურდება. 

აღმოჩნდა, რომ თანამდებობის პირთა პრემიები გაზრდილმა ხელფასებმა ჩაანაცვლა. 

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) თანამდებობის პირთა შრომის ანაზღაურების სისტემის ანალიზი წარადგინა. 100-მდე საჯარო დაწესებულებიდან მოგროვილი მონაცემის საფუძველზე ირკვევა, რომ ის თანხა, რომელსაც ადრე თანამდებობის პირები პრემია-დანამატების სახით იღებდნენ, ახლა ხელფასებად ერიცხებათ.

აშკარაა, რომ შრომის ანაზღაურების შესახებ კანონმა ვერ დაარეგულირა თანამდებობათა იერარქიის შესაბამისი ხელფასების პრაქტიკა. მაგალითად, 2018 წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, შსს-ს, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრების ხელფასები მათი მოადგილეების ხელფასზე ნაკლები იყო და 6250 ლარს შეადგენდა, თუმცა მინისტრები ამ ანაზღაურებას ახალი კანონის მიღებამდეც იღებდნენ ხელფასთან ერთად პრემია-დანამატების სახით.

მინისტრების ხელფასის მაქსიმუმი, კანონით, 8500 ლარია, მათი მოადგილეების კი - 7500. ამჟამად მინისტრების სარგო მაქსიმუმზე დაბალია, მათი ზოგიერთი მოადგილის ხელფასი კი ზღვარს უტოლდება. პროექტის ხელმძღვანელი ლევან ავალიშვილი აცხადებს, რომ ახალმა კანონმა რეალური ცვლილებები ვერ მოახდინა ანაზღაურებების კუთხით.

„წლების განმავლობაში საქართველოს საჯარო დაწესებულებებში შრომის ანაზღაურების მოუწესრიგებელმა სისტემამ განაპირობა არასამართლიანი და გაუმჭვირვალე სახელფასო პოლიტიკის ჩამოყალიბება. პრემიებსა და სახელფასო დანამატებზე ახალი კანონით დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, სამომავლოდ, თანამდებობის პირების შრომის ანაზღაურების ოდენობაში მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. 

შრომის ანაზღაურების ახალი კანონის მიღების შემდეგ, თანამდებობის პირებს ყოველთვიურ სარგოდ განესაზღვრათ დაახლოებით იგივე ოდენობის თანხა, რასაც ისინი კანონის მიღებამდე საშუალოდ ყოველთვიურად იღებდნენ, სარგოს პრემიის და დანამატის სახით“, - აცხადებს ავალიშვილი.

მთავრობის სახელფასო პოლიტიკის ყველაზე მეტ პრობლემად იურისტი ლევან ალაფიშვილი კანონის შეუსრულებლობას უკავშირებს. 

"არაფერი გამოვა, თუ არ შეიცვალა კულტურა, კანონისადმი დამოკიდებულება და მთავრობამ არ მოგვცა ამის მაგალითი. თუკი იქნება განწყობა, რომ ფორმალურად შესრულდეს კანონი, ის ყოველთვის დარჩება ფიქციად და არ იმუშავებს. ვერაფრით მივაღწიეთ იმას, რომ მთავრობა კანონმორჩილების მაგალითი გახდეს. 

ბიძინა ივანიშვილმა პრემიერობის პერიოდში პირველი გადაწყვეტილება სწორედ ხელფასებისა და პრემია-დანამატების სისტემის მოწესრიგებას უკავშირდება. ამისთვის სპეციალური განკარგულებაც კი გამოიცა, მაგრამ არ შესრულებულა. სიტყვებით თამაში იყო და მეტი არაფერი, ასე პრობლემა ვერ მოგვარდება. 

ხალხის ხარჯზე გამდიდრება არ არის კარგი მმართველობისთვის დამახასიათებელი და ქვეყნის განვითარებისთვის საზიანოა. გაღარიბებული მოსახლეობის ხარჯზე ცხოვრობენ და იწყობენ კომფორტს. მთავრობა, ერთი მხრივ, ქამრების შემოჭერაზე საუბრობს, მაგრამ ამავე დროს რეალურად არაფერს აკეთებს და სხვადასხვა მაქინაციის საშუალებით ხელფას-პრემიებსაც ინარჩუნებს. ვიღებთ იმას, რომ კერძო ბიზნესში 500 ათასი დასაქმებული ინახავს დანარჩენ საზოგადოებას, მათ შორის საჯარო მოხელეებს. ჩვენი ჩინოვნიკების მსუყე ხელფას-პრემია-დანამატები დასაქმებული მოსახლეობის საშემოსავლო გადასახადებითაა უზრუნველყოფილი", - აცხადებს "რეზონანსთან" ალაფიშვილი.

სახელფასო დისბალანსზე აკეთებს აქცენტს გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელი ირაკლი პეტრიაშვილი, რომლის განცხადებითაც, ეკონომიკური დოვლათი, რომელიც ქვეყანაში იქმნება მხოლოდ ჩინოვნიკების ხელფასსა და პრემიებში იასახება. 

"არ ვარ წინააღმდეგი, ნორმალური ხელფასი ჰქონდეს ადამიანს, მაგრამ არც ის შეიძლება, რომ ქვეყანაში ჩინოვნიკები ხალხის ხარჯზე მდიდრდებოდნენ. მთავრობა იმაზე უნდა მუშაობდეს, რომ სხვა დაქირავებულ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული ხელფასის მიღების შესაძლებლობა. ეს არ ხდება და პრობლემაც ესაა. 

გამოდის, ეკონომიკური დოვლათი, რომელიც ქვეყანაში იქმნება მხოლოდ ჩინოვნიკების ხელფასსა და პრემიებში იასახება. როცა მაქსიმალურსა და მინიმალურ ხელფასებს შორის განსხვავება 150-300%-მდეა, რა კანონზეა საუბარი! არანორმალური მოვლენა, რადგან თანამდებობის პირები 10 000 ლარამდე ხელფასს იღებენ და ამ დროს დაქირავებით დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება ხშირ შემთხვევაში 300 ლარს არ აღემატება. 

აქ მხოლოდ ჩინოვნიკების ხელფასი არ ქმნის პრობლემას, უზარამაზარი დისბალანსია სხვადასხვა თანამდებობის პირთა და სხვა დამსაქმებლთა შრომის ანაზღაურების მხრივ, ეს მიდგომაა პრობლემა და ამის დამცავი მექანიზმი კანონმა უნდა შექმნას. 

აბსურდია, როცა ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ბაზარმა უნდა დაარეგულიროს და დასაქმებულმა თვითონ თქვას უარი ასეთი ტიპის სამუშაოზე, ასეთი მიდგომით პრობელმა ვერ მოგვარდება. კანონმა უნდა დაარეგულიროს ხელფასის ზედა და ქვედა ზღვარი და შემოსავალი გადანაწილდეს სწორად, რასაც ვერ იქნა და ვერ მივაღწიეთ", - აღნიშნა "რეზონანსთან" პეტრიაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×